გვერდი

07 December 2020

ისევ ნოემბერი

კიდევ ერთხელ მოვიდა ნოემბერი,
მე კი ისევ ვიცი, რომ რაღაცის თქმა მინდა,
და ისევ ვერ ვიხსენებ სიტყვებს.
ზოგიერთი რამე მართლა არ იცვლება,
მაგრამ მარტო ზოგიერთი.
იმიტომ რომ ბევრი რამ შეიცვალა,
იმ ნოემბრის მერე,
როცა პირველად ვიგრძენი მარტოობის სუსხი,
ან როცა პირველად ვიგრძენი ამ მარტოობის სრული სიდიადე.
ყველა სისუსტე ძალაა
და ყველა ძალა სისუსტეა.
კვლავ ნოებერია,
მშვიდი, უქარო და
ყვითელი ფოთლებით სავსე.
მე კი ვზივარ,
ისე თითქოს საკუთარ თავი შეჯიბრში გამოვიწვიე და დავამარცხე.
ახლა კი ვეღარ გამიგია გამარჯვება ვიზეიმო,
თუ დამარცხება ვიგლოვო.
მაგრამ ნოემბერია
და ნათელია,
რომ სიმარტივე სირთულეშია
და პირიქით,
სირთულე სიმარტივეში.
მარტვია, იცოდე რომ რაღაცის თქმა გინდა,
და რთულია, არ გახსოვდეს რისი.
ენის წვერზე მომდგარი სიტყვების ჯართან ერთად ცხოვრება,
ძალიან ჰგავს ნოემბერში ამომდგარ ქარში სიარულს.
მიაბოტებ ყვითელი ფოთლების ზღვაში და ყვითელი ფითლები გაწვიმს.
ნელ-ნელა ყვითლდები, მსუბუქდები და ფარფატს იწყებ.
ნებდები და დანარჩენი სასოწარკვეთილ ფოთლებთან ერთად ფერხულის ცეკვაში ერთვები.
თავბრუდახვეულს უკვე აღარ გახსოვს,
საიდან მოხვედი აქ,
ასეთი მსუბუქი
და ისიც კი გავიწყდება,
რომ ოდესღაც, რაღაცის თქმა გინდოდა.
ახლა კი ნოემბერი მივიდა,
უკვე ოცდამეშვიდედ,
ახლა უკვე ნათელია,
რომ ზოგჯერ გამარჯვება შეიძლება იგლოვო
და დამარცხება იზეიომო.
საბოლოოდ კი მიხვდე,
რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს,
რომ ჩვენ ყველანი საკუთარი, წარმოსახვითი ღერძის გარშემო ვბრუნავთ
და პასუხსაც საკუთარი თავის წინაშე ვაგებთ.

ვიყავით ჩვენ

„ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე,
გადავწყვიტე:
იყო და არა იყო რა,
ზუსტადაც თან იყო და თან არ იყო.
ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?
არც კი ვიცი.
იყო და არა იყო რა,
ვიყავით ჩვენ,
ჩვენ, ვინც ვიცით როგორია,
ყოფნასავით არყოფნა
და არყოფნასავით ყოფნა.
ვიყავით ჩვენ, ვინც გადავწყვიტეთ,
რომ არ ყოფნას გვირჩვნია ყოფნა.
გადავწყვიტეთ და გავუდექით გზას.
როგორ გვეზრებოდა საკუთარი თავების ზიდვა,
რა ხერხი აღარ ვიხმარეთ მაგრამ ვერაფერი მოვუხერხეთ საკუთარ,
ფიქრებისგან დამძიმებულ თავებს,
რომლებიც ისე გვება მხრებზე,
თითქოს არ გვჭირდებოდა.
როგორ გვეზარებოდა ამ თავზე,
რკინის ნიღაბივით მიმაგრებული სახის ტარება,
რომელიც ისე მჭიდროდ და მტკივნეულად გვეკვროდა,
გვეჩვებოდა რომ ჩვენ ჩვენ აღარ ვიყავით.
ერთ დღეს კი, როცა ვიფიქრეთ,
რომ 9 მთა და 9 ზღვა უკვე გადავიარეთ,
რომ ყველაფერი უკვე მოხდა,
რომ ამ გზაზე წვიმის მერე ცისარტყელები არ ჩნდებიან,
ერთ დღეს, როცა ისე დავიღალეთ,
საკუთარ თავთან ბრძოლის სურვილიც კი დავკარგეთ და საბოლოოდ დავნებდით,
დავნებდით საკუთარ მძიმე თავებს და იმ რკინის ნიღაბს სახეზე,
მივხვდით, რომ შეუძლებელია საკუთარ ზღაპარში ზედმეტი იყო.
შეუძლებელია შესაძლებელი
და შესაძლებელია შეუძლებელი.
საკუთარ ზღაპარში შეგიძლია ის იყო ვინც ხარ,
ან ის იყო, ვინც გინდა.
ან არის სხვაობა მათ შორის?
ჩვენ მაინც ისინი ვართ.
სიმძიმით დამსუბუქებული,
გზააბნეული მგზავრები,
ვინც გზებზე ისე დავდივართ,
როგორც მკითხავები,
ცაში ყურებით გართულები,
ვარსკვლავებისთვის ახალ სახელბს ვიგონებთ,
და ისიც კი არ გვახსოვს,
რომ ვარსკვლავებს შეუძლიათ მიმართულება გვაჩვენონ.
ან რა მნიშვნელობა აქვს მიმართულებას და დანიშნულების ადგილს,
როცა სადმე კონკრეტული ადგილას მისვლა აღარაფერში გჭირდება.
როცა უკვე შეგვიძლია საკუთარი მძიმე თავით,
ნებისმიერი მიმართულებით გავიხედოთ,
და ნებისმიერი ჰორიზონტის იქითა ხედით დავტკბეთ.
ჩვენ ვინც ტკბობა ვისწავლევთ,
ვისწავლეთ ცხოვრება,
ვისწავლეთ, როგორ ვაიძულოთ ცისარყლებს ზოგჯერ წვიმის გარეშეც კი იფერადონ.
ვისწავლეთ, რომ შეუძლებელია შესაძლებელი
და შესაძლებელია შეუძლებელი.
ვიყავით და არავიყავით რა,
მაგრამ ვართ აქ,
მე და შენ,
რაც არ უნდა ძნელი წარმოსადგენი ყოფილიყო ეს ჩვენთვის
მაშინ, როცა გზას გავუდექით,
უსაშველოდ მძიმეები,
ღამესავით ბნელ დღეს
და ხელებცეცებით, ერთმანეთის თვალებში ანთებული ნაპერწკლების ყურებით გვიკვალეთ გზა უკუნ სიბნელეში.
ახლა კი როცა უკვე ვთქვით,
იქმნას ნათელი და იქმნა კიდეც,
შეგვიძლია, რაც ამ დარტყმულ თავებში მოგვივა ყველაფერი ვაკეთოთ.
ან არაფერი.
შეგვიძლია გეგმას მივყვეთ,
ან იმპროვიზაციას მივმართოთ.
მთავარია, რომ აღარ დაგვავწყდეს.
მთავარია, გვახსოვდეს:
შესაძლებელი შეუძლებელია და შეუძლებელი შესაძლებელი.
იყო და არა იყო რა,
ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?“

ვზივარ და ვფიქრობ

ვზივარ ბარგით გატენილ ოთახში და ვფიქრობ,
რაში მჭირდება ჩანთებში ჩალაგებული საკუთარი ცხოვრება,
ნამდვილი მე და ჩემი ნამდვილი ცხოვრება ჩემს შიგნითაა,
არ მჭირდება არაფერი,
სახლი, რომელსაც ვეძებდი მე ვარ.
შემიძლია ავდგე და წავიღო ეს სახლი ყველგან,
სადაც მომინდება და ყველგან ჩემი სახლი იქნება.
ვზივარ,
ვზივარ წიგნებით გამოტენილ ოთახში და ვფირობ,
რაში მჭირდება ყველა მათგანის წაკითხვა და სიბრძნის ძიება,
როცა მთელი სამყაროს ცოდნა და სიბრძნე ჩემ შიგნითაა,
და ყველა კითხვაზე პასუხი ეციკლოპედიების მრავალტომეულებშიც კი არ იძებნება.
ვზივარ და ვფიქრობ,
რომ შემიძლია ავდგე და ნებისმიერი მიმართულებით წავიდე,
დარწმუნებული იმაში,
რომ ყველა გზა დანიშნულების ადგილამდე მიმიყვანს,
იმიტომ კი არა რომ იღბალს ვენდობი,
იმიტომ, რომ ყველა გზა სწორია.
ვზივარ და ვფიქრობ,
რომ შემიძლია.
უბრალოდ შემიძლია.
შემიძლია ვიჯდე და ვიმოგზაურო,
ვიჯდე და არაფერი ვაკეთო,
ავდგე და ვიარო,
ბევრი ძალიან ბევრი ვიარო და ყველაფერი საჭირო ყოველთვის თან მქონდეს,
ისე რომ ერთი პატარა ჩანთაც კი არ ვატარო თან.
ვზივარ და ვფიქრობ,
რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ჯდომა და ფიქრი,
ან რამდენ ხანს შეიძლება ვალაგო ცხოვრება ჩანთებში და ვათრიო,
მიუხედავად იმისა,
რომ ვიცი არაფერში მჭირდება მისი თრევა.
ვზივარ და ვფიქრობ,
რაში მჭირდება ბარგის ლაგება,
იმ ბარგის, რომელიც უბრალოდ არასაჭირო სიმძიმეა და მეტი არაფერი.
ვზივარ და ვფიქრობ,
რომ თავისუფლად შემიძლია გავფრინდე,
და ერთხელაც აუცილებლად ავდგები და გავშლი ფრთებს.
ვზივარ და ვფიქრობ იმ დღეზე,
როცა საკუთარი სიმძიმისგან დამსუბუქბული,
ჰაერის სიმკვრივეს გავკვეთ და ფრენით დაღლილი,
რომელიმე ხის კენწროზე ჩამოვჯდები.
ჩამოვჯდები და გავიფიქრებ,
რომ ჯდომა ყველგან ერთნაირია,
მაგრამ ფიქრი ყოველთვის სხვადასხვა.

რამდენჯერ შეიძლება დაუშვა ერთიდაიგივე შეცდომა?

ისევ შემეშალე?
მერამდენედ?
რამდენჯერ შეიძლება დავუშვა,
ერთიდაიგივე შეცდომა?
უსაზღვრო შეცდომების ტყვეობაში ყოფნა,
ისეთი გრძნობაა,
როგორიც ბავშვობისდროინდელ საწოლში ძილი,
იკუნტები ემბრიონივით,
იმიტომ რომ შენ უკვე მეტისმეტად დიდი ხარ,
იმისთვის ძველებურ ხის გისოსებში დატიო გაზრდილი და დაღლილი ტანი,
გიჭერს საწოლი,
მარტო ტანზე კი არა სულზეც,
ამიტომ იკუნტები,
ცდილობ დაპატარავდე,
ცდილობ დაეტიო იქ,
სადაც შენი ადგილი აღარ არის,
და გტკივა შეკუმშული სული და სხეული,
მაგრამ უკვე ისე ხარ მიჩვეული ხის გისოსებში ძილს,
რომ გიჭირს დეფორმირებული ძვლები იმ სივრცეს მოარგო,
რომელშიც თავისუფალი იქნები.
მერამდენედ?
რამდენჯერ შეიძლება შეგეშალოს,
რამდენჯერ შეიძლება აღიარო,
მაგრამ მაინც ნაცნობი ტკივილით ცხოვრება არჩიო,
უცნობ გრძნობას.
ისევ შემეშალე?
მერამდენედ?
და მე ჩემი ბავშვობის ხის საწოლში ვწვები,
ვწვები და გისოსებს ვითვლი,
ერთი, ორი, სამი, ოთხი,
ჯერ მეტი დათვლა არ მისწავლია.
ჯერ არ გავზდილვარ ისე,
რომ თამაში შევწყვიტო და
საკუთარ თავს დაპატარებულ საწოლში ძილი ავუკრძალო.
მე ჯერ თამაში მინდა,
მინდა იმდენი ვითამაშო,
იმდენჯერ დავეცე და ავდგე,
იმდენჯერ გადავიტყაო მუხლები და სული,
სანამ ყველა თამაშს არ ვითამაშებ.
ვითამაშებ, მაგრამ ვერ ვისწავლი,
იმიტომ, რომ მე მოგებისთვის არ ვთამაშობ.
მე უბრალოდ თამაში მინდა,
ნატკენი მუხლებით სირბილში შეჯიბრი საკუთარ თავთან,
მერე რა რომ ფინიშის ხაზთან არავინ დამელოდება,
ნატკენ მუხელბზე სული რომ შემიბეროს და მაკოცოს.
სამაგიეროდ მე ისევ შემიძლია ბავშვობის ხის საწოლში ჩავწვე,
ემბრიონივით მოვიკუნტო,
მუხლები ტუჩებთან მივიტანო,
სული შევუბერო
და ჩავიჩურჩულო: გაკოცებ და აღარ გეტკინება.
მერამდენედ?
რამდენჯერ შეიძლება დავუშვა ერთიდაიგივე შეცდომა?
უსასრულოდ....

მე ვბრმავდები

მე ვბრმავდები
და ხანდახან მეჩვენება კაშკაშა სინათლე,
რომელიც თვალებს მჭრის
და მაბრმავებს.

მე ვბრმავდები
და ხანდახან მეჩვენება უკუნი სიბნელე,
რომელიც თვალებს მჭრის
და მაბრამვებს.

ხანდახან მეჩვენება,
რომ ერთმანეთზე მიწებებული ქუთუთოებით დავიბადე,
და მთელი არსებობა,
იმის მცდელობაა,
როგორმე შევძლო და გავახილო თვალები.

ხანდახან მეჩვენება,
რომ ერთმანეთისგან სინათლის წლებით დაშორებული ქუთუთოებით დავიბადე,
და მთელი არსებობა,
იმის მცდელობაა,
როგორმე შევძლო და დავხუჭო თვალები.

ხშირად ვფიქრობ,
ხშირად მეჩვენება,
ხშირად ვამახინჯებ გამოსახულებას
და უფრო ხშირად ვალამაზებ,
უბრალოდ აქ საკითხვია,
სად არის სილამაზე?
ან სად არის სიმახინჯე?

მე ვბრმავდები,
და ხანდახან მე მავიწყდება,
რომ მთავარი ის სულაც არ არის,
რას ხედავ,
ან ხედავ თუ არა საერთოდ,
როგორ შეიძლება საკუთარ თვალებს ენდო?

მთავარია შეწყვიტო,
მთავარია მიხვდე მთავარს,
მთავარია იცოდე,
რომ მთავარი არაფერია,
საერთოდ არაფერია მთავარი.

უბრალოდ იყურე,
უბრალოდ მიმოიხედე
უკუნი სიბნელის და კაშკაშა სინათლის მიღმა,
უბრალოდ მიმოიხედე
მთავარის და არამთავარის მიღმა,
და არაუშავს თუ ვერაფერს ვერ ხედავ,
და არაუშავს თუ იმას ვერ ხედავ,
რისი დანახვაც გინდა,
და კიდევ უფრო არაუშავს,
თუ ზუსტად იმას ხედავ,
რისი დანახვაც გინდოდა.

უბრალოდ იყურე,
უბრალოდ დაბრმავდი,
უბრალოდ თვალები ახამხამე,
და ნუ ცდილობ ფოკუსის გასწორებას,
ნუ ცდილობ ცენტრის პოვნას,
ნუ ცდილობ დაბრმავდე,
და ნურც იმას ნუ ცდილობ მხედველობა დაიბრუნო,
ყველაფერი უბრალოდაა,
შენ ხედავ იმას,
რასაც უნდა ხედავდე.

ყველა ფორმა,
ყველა გამოსახულება,
ყველა იდეა და აზრი,
შენით არსებობს,
ყველაფერი უბრალოდაა,
შეგიძლია იყო ვინც ხარ,
ვინც იყავი,
ან ვინც გინდა, რომ გახდე.
შეგიძლია და ეს შესაძლებლობაა ის,
რაც სურვილებს ჩანასახშივე არასასურველ ნაყოფებად აქცევს.
შეგიძლია და არ გინდა,
არ გინდა და არ შეგიძლია,
არ შეგიძლია და გინდა.

მე ვბრმავდები,
უსასრულო კომბინაციების შესაძლებლობები
ან
შესაძლებლობების უსასრულო კომბინაციები მაბრმავებენ.

დაე დავბრმავდე

ჩემი მეგობარი ვირთაგვა

"რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,...
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა."

მე, რომელმან შევქმენი სამყარო ძალითა უძლურებითა უძლურთათვის,
მე, რომელმან შემთხვევითობის უძლურება,
სამყაროს ძლიერებად ვაქციე.
მე, რომელმან თვალები საკუთარი ხელებით დავითხარე,
რომ საკუთარი შექმნილი სამყაროს ტყვეობისგან დამეცვა თავი,
ახლა ვზივარ სიბნელეში,
სადაც იმდენი სინათლეა,
რამდენიც საკმარისი იქნებოდა ჩემს დასაბრმავებლად,
მაგრამ ბრმა მეორედ ვერ დაბრმავდები.
ვზივარ ჩემ მეგობარ ვირთაგვასთან ერთად,
და ვცდილობ გავიგო,
რატომ უყვართ ადამიანებს ზაზუნები
და სძულთ ვირთაგვები.
მე ბრმა ვარ, უკვე ბუნდოვნად მახსოვს რა განსხვავებაა ამ ორს შორის.

მე და ჩემი მეგობარი ვირთაგვა ერთმანეთს ვგავართ,
კაცობრიობისთვის ორივე უსაგებლო მღრღნელები ვართ,
და უკვე ათასწლელებია ცდილობენ,
როგორმე მოგვიშორონ თავიდან.

მე და ჩემი მეგობარი ვირთაგვა,
ერთმანეთს ვგავართ,
არავის ვუყვარვართ და ვახსოვართ,
მანამ სანამ თვითონვე არ შევახსენებთ,
ვინმეს ჩვენ არსებობას.
ჩვენ უბრალო შეგვიძლია ვიარსებოთ სითბოს და სიყვარულის გარეშე,
იმიტომ რომ ვისწავლეთ სიყვარულის ობიექტზე მეტად კაცობრიობას სიძულვილის ობიექტი სჭირდება.

ჩემი მეგობარი ვირთაგვა გმირია,
განა ანტიგმირები გმირები არ არიან?
იუდამ გაყიდა ქრისტე თუ ქრისტემ იუდა?
თავი გადადო, იმისთვის რომ ამღლდე,
თუ თავი გადადო, იმისთვის რომ დამდაბლდე?
საბოლოოდ ანტიგმირები უფრო სჭირდება სამყაროს,
იმისთვის, რომ გმირებმა იარსებონ.

ჩემი მეგობარი ვირთაგვა გმირია.
ხაფანგში მომწყვდეული, შეშინებული, დაბნეული და მალე უსიყვარულობისგან მოკვდება,
მოკვდება იმიტომ,
რომ ამხელა საყაროში,
სადაც ყველასთვის მოიძებნა ადგილი,
მარტო ის დარჩა უადგილო და უფუნქციო,
მარტო მისი შეყვარება გახდა შეუძლებელი.

მე ღმერთი ვარ,
რომელიც ბრმა ვირთაგვას სხეულში ცხოვრობს და ვეღარ გაუგია,
მერამდენედ უნდა მოკვდეს,
რომ ბოლოსდაბოლოს დაიბადოს.

ჩემი მეგობარი ვირთაგვა კი მკვდარია,
ყოველდღე იხოცებიან ვირთაგვები,
ყოველდღე იხოცებიან ადამიანებიც,
და სამყაროში,
სადაც თვალებდათხრილი ღმერთები
ადამიანების კანში ცხოვრობენ,
სიკვდილი ყველაზე ნაკლებად მტკივნეულია მათ შორის,
რაც შეიძლება დაგემართოს.

რა უფრო რთულია არ შეგეძლოს სიყვარული
თუ არ შეგეძლოს სიძულვილი?

დაღლა

ავდექი და დავიღალე,
შენ ვერ გამიგებ?
მე არ მესმის.
ჯერ ახლახანს გავახილე თვალი და დაღლილობამ,
ისე მომიჭირა სხეულზე,
თითქოს რამეს ვაკეთებდე.
ასეა, სიჩუმე და არაფრის კეთება ღლის, ან იმის კეთება, რასაც აზრი არ აქვს. ავდექი და დავიღალე, ნაცრისფერი დღეები უფროდაუფრო ხშირად თენდებიან. ყოველ დილა უფროდაუფრო დაღლილი იღვიძებ, არაფერს აკეთებ, არავინ არ ხარ. როგორ შეიძლება არ დაიღალო, არ დაიღალო, შენ მაგივრად და სხვების მაგივრადაც. მაგრამ ასეც უნდა იყოს, რა იცი, რომ სხვა ცხოვრება არსებობს? ცხოვრება, სადაც მსუბუქი გაიღვიძებ, და არ გეცოდინება, რა არის დაღლა. ჩვენ ვერ გავიგებთ, ჩვენ, ვინც დაღლილები დავიბადეთ, ვერასოდეს გავიგებთ, როგორია ხნავდე, თესავდე და არ იღლებოდე. ჩვენ იმდენ რამეს ვერ გავიგებთ, როგორ შეიძლება ამ ვერ გაგებამ, არ დაგვღალოს? ჩვენ იმდენ რამეს ვერ გავაკეთებთ, როგორ შეიძლება ამ უმოქმედობამ არ დაგვღალოს? ავდექი და დავიღალე, თოკი ჩამოვკიდე და ზედ ჩამოვეკიდე, რამდენი წლის ვიყავი? პირველად ათის, მეორედ თხუთმეტის. დრო გადის, ძნელია. ავდექი და დავიღალე, ვისმენდი, როგორ ტიროდნენ ჩემ დაღლილ ცხოვრებას, დავიღალე სიკვდილით, დავიღალე კონწიალით, ავდექი და გავიარ გამოვიარე. ჩვენ ვინც დაღლილები ვიბადებით და მარტოსულები, ერთმანეთს თვალებს ვარიდებთ, რომ შევძლოთ და როგორმე დავუმალოთ ერთმანეთს სიმართლე. ავდექი და დავიღალე, გულგრილობის თოკზე ჩამოვკიდე ჩემი გრძნობები, და ვუყურებდი მათ უსიცოცხლო კონწიალს. როგორც ჩამომხვრჩალი ათეისტის ნახევრად გახრწნილ გვამს შუა საუკუნეების ქალაქის მოედანზე, ისე გულგრილად უყურებდა ხალხი სანახაობას. ფიქრობდნენ, რომ ჩვენ დაღლილები ღირსები ვართ, ღირსები ვართ, რომ არ ვიცით. ღირსები ვართ, რომ მათ ვერ დავემსაგავთ. ღირსები ვართ, რომ მათ მაგივრადაც ჩვენ ვიღლებით. ავდექი და დავიღალე, დაგინახე, როგორ ამარიდე დაღლილი თვალები, მეც აგარიდე ჩემი, მაგრამ შენი წილი დაღლა ჩემ სხეულში შემოვუშვი, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ჭეშმარიტი წევრი ვარ, ჩვენი საიდუმლო საზოგადოების, რომელსაც სახელი არ ჰქვია, იმიტომ, რომ დაღლილები ვიყავით და დარქმევა დაგვეზარა. დაგინახე, როგორ აიღე თოკი, რომელიც ჩვენი ერთადერთი იარაღია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გამოყენება აკრძალულია. მინდოდა მეთქვა, არ გინდა, სიცოცხლეც დაღლაა და სიკვდილიც. მინდოდა მეთქვა, არ გინდა, არც ისე ცუდია ყოველ დილა დანახშირებული თვალებით იძინებდე, თვალების მიწით ამოვსებას კი ყოველთვის შეძლებ. მაგრამ არ გითხარი, სიჩუმე ატომური ბომბივით ჩამოვაგდე ჩვენ შორის. და შემეცოდე, მაგრამ საკუთარი თავი უფრო შემეცოდა. ჩვენ, ვინც ვრჩებით, საცოდავად, ზამთრის ბეღურებივით აბუზულები, ვატარებთ მთელ ცხოვრებას, და ველოდებით, საკენკს როდის გადმოგვიყრიან. ჩვენ, ვინც ვრჩებით, თქვენ წილ დაღლას, თქვენ წილ ცხოვრებას, თქვენ წილ მარტოობას ჩვენ სხეულში ვიმარხავთ, და რაც უფრო ვმძიმდებით, მით უფრო გვესმის ტკივილების და არ გვესმის მოქმედებების, რომლებსაც სხვა სექტები იგონებენ, ჩვენ გადასარჩენად. მაგრამ ეს ყველაფერი, მარტო მათ გადასარჩენად მოგონილი ტყუილია. არავის არავინ ადარდებს, არავინ გადაგარჩენს, არავინ ჩამოგხსნის თოკიდან მანამ, სანამ ფართხალს არ დაამთავრებ. არავინ არ გეტყვის არც ერთ ნამდვილ სიტყვას, ილივლივებენ ჰარში სიტყვები და გრძნობები, რომლებზეც უარი თქვი. ილივლივებს ჰაერში დაღლა, რომელიც ყოველთვის მოძებნის მსხვერპლს. მაგრამ თუ გეტყვი, რომ დაღლას ვერაფერი ეშველაბა? თუ გეტყვი, რომ თოკზე ჩამოკიდებულიც იგრძნობ? თუ გეტყვი, რომ მარტო არ ხარ? თუ გთხოვ, რომ ჩემი წილი დაღლა გაინაწილო, მე კი შენსას გავინაწილებ? გაგეცინება და მეტყვი, რომ ჩემი სიტყვები ბანალურობის ცეცხლში იწვება. მე კი გიპასუხებ, რომ არ მეშინია, ვიყო ბანალური, ვიყო სულელი, ვიყო უნიჭო. როგორ შეიძლება რამის მეშინოდეს, როცა ვერც კი ვითვლი, რამდენჯერ ჩამოვეკიდე თოკზე და ჩამოვეხსენი. მაგრამ აქ ვარ, ისევ დაღლილი და ცოცხალი, ეს კი ნიშნავს, რომ მე თუ შევძელი, შენც შეგიძლია.

აღმოსაჩენი იმდენია

აკრიფე,
დაბნეული შენი სულის ნაწილები.
დაბნევა სულაც არ ყოფილა ისე ცუდი,
როგორც გეგონა.
ტკივილი ყოველთვის მიდის, და ყოველთვის ბრუნდება. კარგი ის არის, რომ ეჩვევი. და როცა იბნევი, როცა ქუცმაცდები, ეს მტკივნეულია, მაგრამ სასარგებლო. ამ დროს შეგიძლია, ძირს მიმოფანტული, საკუთარი სულის ნამცეცები გადაარჩიო, და ის, რაც არ მოგწონს, უბრალოდ ადგე და გადაყორო. მერე კი აკრიფო, აკრიფო დარჩენილი ნაწილები, და შეკოწიწდე, ახლიდან დაიბადო. და ზუსტად იცი, რომ ეს არც პირველია, და არც უკანსაკნელი. კიდევ ბევრჯერ მოგიწევს, დანამცეცდე და მერე რაღაც ჯადოქრობის წყალობით, ახლიდან გააჩინო საკუთარი თავი. და ყოველ ჯერზე, სამშობიარო ტკვილებ გამოვლილმა, ახალშობილის თვალები გაახილო, და მიხვდე, რომ სამყარო ლამაზია. გაახილო დაბერებული თვალები, და მიხვდე, რომ შეგიძლია. დაუსრულებლად შეგიძლია, გაუძლო. გაუძლო ტკივილებს, რომ მერე, თავიდან აღმოაჩინო, თავიდან შეიყვარო. თავიდან იგრძნო არსებობის გაურკვევლობა, და მისტიური სამყაროს ხიბლს აყოლილმა, მეტი და მეტი აღმოაჩინო. აღმოსაჩენი იმდენია... და დანამცეცების მიზეზებს რა დალევს?

ნოემბერში



ნოემბერში ფოთლებშემოფრცქვნილი ხეების მწკრივში, როცა აკანკალებულს, ზაფხულის სიზმრებში დარჩენა მოგენატრება,
ქარი კი სახეში რეალობის მტვერს შემოგაყრის, იგრძნობ,
რომ უკვე ყველაფერი დაგავიწყდა.
მტვერმიყრილ მოგონებებს, თეთრ სუდარებს შემოახვევ და დალოდები, როდის გაეხვევა აბლაბუდების ქსელში ყველაფერი. ნოემბერში,
როცა სიცივეს ყველა უჯრედში შეუშვებ, და საკუთარი სხეულიდან ყველა ობმოკიდებულ გრძნობას გამოუშვებ, და უფლებას მისცემ, ახალი სიცოცხლე დაიწყონ, მიხვდები, რომ სამყაროში, რამის დაკარგვა შეუძლებელია. ნოემბერში,
როცა ღრუბლიანი დღეები ჰორიზონტებს დამალავენ, შენ კი იფიქრებ, რომ გზებმა უკან უკან დაიწყეს მოძრაობა, მიხვდები,
რომ სამყარო წრეზე ბრუნავს და შეუძლებელია დაიკარგო. ნოემბერში,
როცა სხეულიდან საკუთარი სულის მუსიკის გადმოღვრა მოგენატრება. მოხვდები,
რომ დიდი ხანია, შენი საკუთარი აღარაფერი დაგრჩა. დიდი ხანია მოლეკულებად დაშლილი, ვარსკვლავურ მტვრად იქეცი და შენ უკვე ყველგან ხარ. ყველაფერს ერწყმი, და ყველაფერს ერევი. არ ვიცი,
რომელ წელს, ან რომელ საუკუნეში, მაგრამ ერთ-ერთი ნოემბრის,
მისტიური ბურუსით გაჟღენთილ დღეს, რაღაცას აღმოაჩენ და ეს აღმოჩენა მოიტანს, ნანატრ და ყველა კუთხე-კუნჭულში ნაძებნ,
სიზმრად ნანახ ჰარმონიას, რომელიც უკვე აღარ იცი რაში გჭირდება. და ნოემბრის ერთ დღეს, როცა გუბეებში არეკლილი ქალაქი უფრო რეალური გახდება, ვიდრე თვითონ, წვიმაში ჩაკარგული ნამდვილი ქალაქი, ადგები და გაუშვებ, საკუთარ თავს და სურვილებს. მიხვდები,
რომ უკვე აღარაფერში გჭირდება ის, რასაც ნოემბრის ამ დღემდე, შენი გადარჩენა შეეძლო. მიხვდები,
რომ შენ უკვე გადარჩი. მიხვდები,
რომ ზუსტად იქ ხარ, სადაც უნდა იყო. მიხვდები,
რომ ქაოსის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს. და მისტიკის გარეშე, რეალობა უბრალოდ დაგაბრმავებდა. ნოემბერში, როცა ადამიანები სითბოს სასოწარკვეთილად დაუწყებენ ძებნას, რომ თავი გადაირჩინონ, მიხვდები, რომ შენ გარშემო, ივლისის აუტანელი სიცხეა, და შენი მირაჟები უფრო რეალურია, ვიდრე ძვალსა და რბილში დაბუდებული ყინვა. ნოემბერში უდაბნოებს არ სჯერათ, რომ სიცივისგან ადამიანები იხოცებიან. მათ მარტო სიცხისგან სიკვდილის შეუძლიათ სწამდეთ.

იყავი ბედნიერი თუ გაბედავ


მე ის ვარ, მე შენ ვარ, ხანდახან, როცა საკუთარი თავი, აღარაა საკმარისი, ხანდახან, როცა გეჩვენება, რომ საკუთარ თავს დამალობანას ეთამაშები, ხანდახან, როცა გეჩვენება, რომ შენ შენ არ ხარ, დგები და საკუთარ თავს დუელში იწვევ. დუელში, რომელშიც არავინ არ კვდება, პირიქით. მე ის ვარ, მე შენ ვარ. ხანდახან, როცა მინდა საკუთარ თავს ვარსკვლავებიდან ჩამოვხედო, რომ უკეთ დავინახო ჩემ გარშემო სამყარო, მეჩვენება, რომ ეს დაბნეულობაც ცოდნაა. მე მე ვარ, შენ შენ ხარ. არაფერია უცნაური იმაში, რომ უცნაურობის საზღვრები დაირღვა. არაფერია უცნაური იმაში, რომ შეგიძლია შენ თავს ზემოდან უყურო, არაფერი უცნაური იმაში, რომ შენ შენ იყო, და არც იმაშია უცნაური არაფერი, რომ შენ შენ არ იყო. შეიძლება ჩემი სიტყვები, უცნაურად ჟღერდეს, და ქაოსურად, მაგრამ არა. არაფერია უცნაური და გაუგებარი იმაში, რომ სამყაროში ყველაფერს სახელს ვერ დაარქმევ და ვერც ვერაფერში იქნები დარწმუნებული. ვერაფერი გეცოდინება ზუსტად, გარდა ერთისა, რომ სიცოცხლე გამოწვევაა. იყავი ბედნიერი თუ გაბედავ! გამოიწვიე საკუთარი თავი დუელში, და იარაღადაც საკუთარი თავი გამოიყენე. იყავი შენ, იყავი მე, იყავი ის. სამყარო შენი ანარეკლია, და პირიქით შენში ირეკლება მთელი ეს საოცარი გალაქტიკები. სარკეებივით ვირეკლავთ ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, სარკეებივთ ვირეკლავთ ყველას, ვინც ჩვენთან ახლოს ჩაივლის. და ყველაფერი კვალს ტოვებს. შენ მე ხარ, მე შენ. იცოდი, რომ სარკეები პორტალებია, რომლებიც სხვა სამყაროებისკენ ხსნიან გზებს? იცოდი, რომ თითოეულ ჩვენგანში გიგანტური ზომის ვარსკვლავი ანათებს, და აღმომჩენს ელოდება? იცოდი, რომ ვარსკვლავს შეუძლია, ანათოს მაშინაც, როცა არავინაა, რომ აღმოაჩინოს? მე შენ, შენ მე. ანათე, იყავი ბედნიერი თუ გაბედავ!

27


ჩამოდგება ხოლმე ზღვებზე სიმშვიდე, და იციან გამოცდილმა მეზღვარებმა, რომ მალე შტორმი იქნება. მეზღვაურებმა იციან, რომ გამოცდილება ძალაა, ზოგჯერ ცოდნაზე დიდი ძალაც. გამოცდილმა მეზღვაურებმა იციან, რომ ყოველი ტალღის უკან სიკვდილი იმალება. მაგრამ ამის გამო უფრო თავდავიწყებით იყვარებენ ზღვას. გამოცდილმა მეზღვარებმა იციან, რომ ყველაზე დიდი და წამლეკავი ტალღები, ყველაზე ამაღელვებელი სანახავია. და როცა ზღვებზე სიმშვიდე ჩამოდგება, მოლოდინივით. მეზღვაურები გრძნობენ, რომ მალე, რაღაც სამუდამოდ შეიცვლება. სანაპიროები შტორმის მერე, აღარასოდეს არიან ისეთები, შტორმამდე, რომ იყვნენ. გამოცდილმა მეზღვარებმა იციან, რომ უნდა მიიღონ ცვლილებები, ისე თითქოს სამყარომ მათ საჩუქარი გამოუგზავნა. გამოცდილმა მეზღვარებმა იციან, რომ უნდა მიიღონ ცვლილებები და გამოიყენონ. გამოუცდელები კი შიშნარევი მოუთმენლობით ელიან, რას მოუტანთ სიმშვიდე ან ის, რაც ამ სიმშვიდის ილუზიას მოჰყვება. შეშინებული თვალები კი, სანამ გამოცდილ თვალებად იქცევა, დრო მიდის, სანაპირო სანაპიროს ცვლის, ტალღა ტალღას. და მეზღვაურები ნაოჭდებიან. ზღვის სუნს იზელენ დაკოჟრილ ხელებში, და როცა უკვე გამოცდილებს, შიშგამქრალი თვალებიდან, შეუძლიათ ზღვის მთელი მშვენიერებით დატკბნენ, ზღვებზე სიმშვიდე ჩამოდგება, და გამოცდილმა მეზღვარებმა იციან, რომ მალე შტორმი იქნება, მათთვის უკანასკნელი შტორმი. და მოუთმენლად ელიან, როდის შეაქანებთ ზღვის გულიდან წამოსული, თევზის სუნით გაჟღენთილი ტალღა. მოუთმენლად ელიან, როდის გაიპობა ცა ელვით, ისე თითქოს სხვა სამყაროდან, ვიღაც ცდილობს შეტყობინების გამოგზავნას. მოუთმენლად ელიან, როდის შეერთდება ცა და ზღვა, ისე თითქოს საზღვრები საერთოდ არ არსებულა. და ლოდინიდან ლოდინამდე ჩამომდგარი ცხოვრება, ზღვის სუნით გაჟღენთილი და მზით დამწვარი, არაფერია, გარდა გამოცდილებიის დაგროვებისა, არაფერია, გარდა ცვილებების მიღებისა. არაფერია, გარდა აღმოჩენებისა. არაფერია, გარდა გააზრებისა. და მერე უკვე ყველაფერია, მზეა, ზღვაა, ნაოჭებია. გამოცდილმა მეზღვაურებმა იციან, იციან, როგორ უყვარდეთ ზღვა უპირობოდ. როგორ უყვარდეთ ზღვა, ზოგჯერ მოსაწყენად მშვიდი და ზოგჯერ საშინლად მღელვარე, მაგრამ ისეთი, როგორიც არის.

***

მე შენ არ მიყვარხარ,

ყოველთვის, როცა სიტყვა მიყვარხარ, გულზე მადგება, გონება მერევა, თვალები მიბნელდება და სამყარო ბურუსში უჩინარდება, მე ვფიქრობ, ვფიქრობ, როგორ მიყვარხარ, ვფიქრობ, როგორ მენატრები, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე შენ არ მიყვარხარ, სიყვარული არაფერია, სიყვარული არაფერია, მთავარია ვინ ხარ, მაგრამ მაგაზე მთავარი ისაა, მე ვინ ვარ ვინ ვარ მე? როგორია შენ თვალებში და შენ სულში არეკლილი, ჩემი სამყარო? ჩემი არსებობის დამტკიცება, მარტო შენ თვალებში არეკლილი, ჩემი გამოსახულებით შემიძლია. შენ არ მიყვარხარ, მე ის მიყვარს, ვინც ჩემი სული თავის თვალებში შეუშვა, და ამით სიცოცხლე მაჩუქა. და ამით სიკვდილი თავგადასვლად მიქცია. მე შენ არ მიყვარხარ, მე შენი სიტყვები მიყვარს, და სამყარო, რომელიც შენი თვალებიდან დავინახე, და ჩემი თავი მენატრება, ჩემი თავი, ჩემი თავი, რომელიც შენში ცხოვრობს, და მენატრები, შენ კი არა, ჩვენ მენატრება, მე მენატრება, მე მენატრება ჩემი თავი, რომელიც მარტო შენია, რომელიც შენთან დავტოვე, და გაუფრთხილდი, ისე გაუფრთხილდი, როგორც საკუთარ სიცოცხლესაც არ უფრთხილდები. მე შენ არ მიყვარხარ, მაგრამ თუ დამივიწყებ, თუ დაივიწყებ ვინ ვარ, მაშინ მეც დამავიწყდება, რომ ნამდვილი ვარ. დამავიწყდება, რომ უნდა ვიცოცხლო. და აზრები, რომლებსაც ჩემი გარდაჩენა შეუძლიათ, აზრს დაკარგავენ, დაიჯერე, რომ დავიჯერო. მეტი არაფერი, მე შენ არ მიყვარხარ, მე ჩვენ მიყვარს, ცალ-ცალკე და ერთად, და საერთოდ რა არის სიყვარული? იქნებ საკუთარი არსებობის დაჯერებაა? იქნებ საკუთარი თავის აღმოჩენაა სხვის თვალებში?

სუნი


გახსოვს ყველა უჯრედით ნაგრძნობი სუნი, რომელსაც ბავშობაში მუჭში ინახავდი, გულში იმალავდი, და ცრემლებით იცავდი, რომ არასოდეს გამქრალიყო, არასოდეს შერეოდა ატმოსფეროს? და დრო გავიდა შეგიძლია კარადის კარი გააღო, და ისე ღრმად ჩაისუნთქო, რომ ფილტვების გახეთქვის შეგეშინდეს. მაგრამ შენ იცი, გამძლეა სხეული, სულზე გამძლე, ზოგჯერ ნაწილებად დაშლილი სულით ცხოვრობ, და ამ დროს უბრალოდ გიკვირს, როგორ უძლებს სხეული. საოცარია, კარადას აღებ, ისე თითქოს რამე ჯადოსნურს ახადე თავი, და უკვე გამქრალი ადამიანების ერთმანეთში არეული სუნები, შენში აღწევენ და ახალიდან იბადებიან. მუხლები გეკვეთება, და ყველა მოგონება, შენ გარშემო ცეკვას იწყებს, თავბრუ გეხვევა და გული გერევა, მაგრამ არ შეგიძლია გაუშვა. მტვერში არეული აჩრდილების სუნით, ბოლომდე ივსებ ფილტვებს, და გრძნობ, რომ არჩევანი გაკეთებულია. ძალიან ადრე, როცა სულ ბავშვმა, ჯინსის ჯიბეში წაბლის ნარჩენები იპოვე, და მერე ძალიან დიდხანს საგანძურივით უფრთხილდებოდი, მაშინ გადაწყდა, რომ შენთვის ცხოვრება სავსეა. სავსეა, სხვების ცხოვრების ნარჩენებით. ნარჩენი ოფლის და კარადაში უპატრონოდ დაკიდული, დამტვერილი ტანსაცმლის სუნი, იმედივით კიდია. პატარა გოგოს იმედივით, რომელიც ვეღარასოდეს იგრძნობს, როგორი სუნი აქვს დედის ჩახუტებას. მაგრამ აქ, ამ ჯადოსნურ კარადაში, სუნი ინახავს ზღვა მოგონებებს. შეგიძლია დაბრუნდე, და ილუზიების ტალღებზე ისრიალო. მაგრამ ფრთხილად. მუდმივი არაფერია. ზოგჯერ წვიმა მოდის, ზღვის და თევზის სუნით სავსე, და კარადებიდან აქრობს, უკვე წასული ადამიანებს სუნს. და იცი როგორია ბრაზი? იცი როგორია, როცა ცდილობ, რაღაც სამუდამოდ დაიმახაივრო, და სწორედ ის გავიწყდება პირველად? იცი როგორია, როცა გინდა სამუდამოდ, დაიტოვო ადამიანის სუნი, რომელიც წასულია? იცი როგორია, როცა გინდა სამუდამოდ იტანჯო, მაგრამ გრძნობ, რომ დღითიდღე უფრო ბედნიერად იღიმი? იცი როგორია, როცა ხვდები, რომ არ არის საჭირო, არ უნდა იტანჯო. ტანჯვისთვის არავინ იბადება. არ არის საჭირო მუდვიდად დაბრუნდე. არ არის სჭირო, მუდმივად ისუნთქო წასული ადამიანების სუნით გაჟღენთილი ჰაერი. უბრალოდ ადექი და გაუშვი, ყველა, ვინც წავიდა, და დაიმახსოვრე მათი სუნი, ვინც გზაშია, ვინც მოდის და ვინც რჩება. როცა საბოლოოდ გადაწყვეტ, როცა საბოლოოდ მისცემ საკუთარ თავს მეორე შანსს. აღმოაჩენ, რომ შვილის ჩახუტების სუნით სავსე ფილტვებში, სხვა სუნების შეშვება, ტკივილისგან დაცლილია. და მართალია, ყოველ ახლ წელს, ყოველ ახალ ადამიანს, მოსდევს წასული ადამიანების, ძვირადღირებული სუნამოსავით შეუმჩნევლად ნაბკურები სუნი. სუნი, რომელიც ისეთი გრძნობით და ისეთი დოზით შემოვუშვით სისხლძარღვებში, რომ ბოლომდე არასოდეს აორთქლდება, მაგრამ მთავარი სწავლაა. მათ სუნთან ერთად უმტკივნეულოდ ცხოვრების სწავლა, და მიღება, მათი წასვლის და ჩვენი დარჩენის მიღება

გეტყვი


გეტყვი დაზეპირებულ, ჩაწერილ, მილიონჯერ გამეორებულ, ბანალურად ბრძნულ სიტყვებს. სიტყვებს, რომლებიც გახუნდა, დაძველდა, ობი მოედო, მაგრამ ადამიანები იმეორებენ, იმეორებენ დაუსრულებლად, მანამ, სანამ ყველა აზრი, დრო და მიზანი, არ აერევათ. მანამ, სანამ საბოლოოდ, უიმედოდ და უგზოუკვლოდ, არ დაიკარგებიან, საკუთარ, სხვების მოგონილ, ან ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროში. გეტყვი, იმდენჯერ გაგიმეორებ, რამდენჯერაც ამინს იმეორებენ, რწმენას შეფარებული, ღმერთის სიტყვებმოწყურებული ადამიანები, რომლებიც ალაგებენ მძიმე ლოდებს, სიტყვების მაგივრად, და ასე სასოწარკვეთილი გზებით ცდილობენ, მიაღწიონ ღმერთამდე, რომელიც სიტყვაა. თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან. გეტყვი, იმდენი რამის თქმა მინდა და იმდენი რამის თქმა შემიძლია, აღარ ვიცი სად გავავლო ზღვარი, სხვების და საკუთარ აზრებს შორის. და ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდა, ამაღლება გარდაუვალია. აზრები ცვლიან სამყაროს, მაგრამ რომლები? ამოწერილი, გაზეპირებული, ობ მოდებული? გეტყვი, სიმართლე შორსაა. შეგიძლია ამოიწერო, დაიზეპირო და დაელოდო, როდის მოედება ობი. მაგრამ იცოდე, სიმართლე შორს იქნება, მანამ, სანამ არ შეწყვეტ, აჰყვე, დანებდე და შენს ძარღვებში შეუშვა, სხვების ბრძნული აზრების, შხამიანი ინექციები, რომლებიც კი არ გგკურნავენ, გაავადებენ, სხვების არშემდგარი ცხოვრების მძიმე მეტალებით, კვებავენ შენს ტვინს . გეტყვი, რომ არ მომისმინო მე, არ მოუსმინო სხვას, არ მოუსმინო ღმერთს. შენს თავში მოუსმინე სხვას, შენს თავში მომისმინე მე, შენს თავში მოუსმინე ღმერთს. აღმოაჩინე გზა, აღმოაჩინე შენი საკუთარი აზრები, აღმოაჩინე შენი საკუთარი მე, აღმოაჩინე შენი საკუთარი სამყარო... თუ აპირებ იფიქრო, საკუთარი ფიქრებით იფიქრე, თუ აპირებ იოცნებო, საკუთარი ოცნებები დაისახე, თუ აპირებ ვინმე იყო, საკუთარი თავი იყავი. და დაიკიდე, ჩემი და სხვისი სიტყვები.

უწონადობა

 არც სიცოცხლე,

და აღარც სიკვდილი. სად არის კიდე, ან ჰორიზონტი, ან უსასრულო ვარდნა? დროსა და სივრცეში გაწელილი სულის შეკუმშვა, და სხეულში ჩატენვა, მარტივი საქმეა. მარტივია იყო სხეული, მარტივია იყო ხორცი, მარტივია არ გჯეროდეს, ან გჯეროდეს. მარტივია აირჩიო, სიცოცხლე ან სიკვდილი. მაგრამ არც ერთი არ გეკუთვნის, მაგრამ არც ერთს არ ეკუთვნი. როგორია აირჩიო, ან მკვდარი იყო, ან ცოცხლი, როცა იცი, რომ არ შეგიძლია, ვერ იქნები ვერც მკვდარი, და ვერც ცოცხალი. სადღაც შუაში, სადღაც უწონადობაში, სადღაც იქ, სადაც პასუხები კითხვებია, მოგიწევს იყო, ცოცხალი და მკვდარი ერთდროულად. მოგიწევს იყო სავსე, და ცარიელი ერთდროულად. მოგიწევს იყო მართალი და მტყუანი ერთდროულად. მოგიწევს იყო ჭკვიანი და სულელი ერთდროულად. მოგიწევს იყო ბედნიერი, უბედურების ილუზიით გაბრუებულ სამყაროში. და ვერასოდეს აირჩიო, ვერასოდეს გადაწყვიტო, მკვდარი ხარ თუ ცოცხალი. ვერასოდეს დაიჯერო საკუთარი დაბადება, ვერასოდეს დაიჯერო საკუთარი სიკვდილი. და არსებობა აქციო უსასრულო ლოდინად, რომელიც კისერზე გკიდია. უწონადობაში გატყორცნილი სიცოცხლეები, უსასრულოდ დალივლივებენ, გალაქტიკებს შორის, და უსასრულოდ ელიან დაბადებას, უსასრულოდ ელიან სიკვდილს. და საბოლოოდ ეჩვევიან, ეჩვევიან ლოდინს. და ჭეშმარიტებას შავ ხვრელის ფორმა აქვს. ლოდინი ერთადერთი ჭეშმარიტება. გზა, სიცოცხლიდან სიკვდილში არ მიდის. გზა, ლოდინიდან ლოდინში მიდის და უსასრულოდ გრძელდება. თუ ყველა ადგილი დაკავებულია, თუ ყველამ გადაწყვიტა, მკვდარია თუ ცოცხალი, მაშინ ქაოსში ჩაძირული სულის ტკივილი, მორიგი სისულელეა. სისულელეა იტანჯო, მაშინ, როცა არც კი იცი, დაიბადე თუ მოკვდი.

ტყეში


ტყეში,
ხეებად დაწყობილ,
სიზმრების მწკრივში, სადაც ფოთლების შრიალში ჩაძირული, მწვანე ბალახის სუნით გაჟთენთილი, ჩიტების ჟღურტულით გავსებული სამყარო, მიწაზე წევს და საკუთარი ახლადნაწვიმარი სხეულის სურნელით ტკბება, მე ვიღვიძებ, მე ვფხიზლდები, ჩემი თვალებიდან საუკუნოვან მტვერს ვიყრი, და ვსუნთქავ. ტყეში, აშრიალებული ფოთლების ჩურჩულში, სადაც ხეები სიზმრებივით, უცნაურ კავშირებს აბამენ, სიფხიზლე ისეთვე არარეალურია, როგორც სიზმარი, სიზმარი კი რეალობის საზღვრებს ამსხვრევს, პირველყოფილი ამბები, ცოცხლდებიან და შიშვლდებიან. ტყეში სამყარო ცდილობს, მოგიყვეს ამბები, ცდილობს გაგაგებინოს ენა, რომელიც დაგავიწყდა. ტყეში, ხეების ცასთან შეხების ყურებით გართულს, ნიავდაბერილი თმების და ფოთლების შრიალით მოყოლილი ამბებით გაოცებულს, შეიძლება მივეჩვენოს, რომ შენი კანიც მერქანია, რომ მალე ფესვებს გაიდგამ, რომ მალე შენი ტოტები ცას მისწვდება. იდგები მზეში და წვიმაში, იდგები ვარსკვლევიანი ცის ქვეშ, და იოცნებებ, და დაელოდები მგზავრს. მგზავრს, რომელიც შენ ფოთლების შრიალში, შეძლებს ამოიცნოს საიდულო ჩურჩული, შეძლებს გაიხსენოს საუკუნეების წინ დავიწყებული ენა, რომ მერე შენთან ერთად გაიდგას ფესვები, რომ მერე შენთან ერთად მისწვდეს ცას, რომ მერე შენთან ერთად იდგეს ვარსკვლავიანი ცის ქვეშ. ტყეში, ხეობიდან დაბერილი, აჩრდილებით გავსებული ქარები, ყვებიან ზღაპრებს სამყაროზე, და გჯერა. ტყე ის ადგილია, სადაც შეგიძლია ყველა ზღაპარი დაიჯერო, ტყე ის ადგილია, სადაც ალქაჯები და დევები ადამიანებზე რეალურები ხდებიან, ტყე ის ადგილია, სადაც შეიძლება დაიკარგო, და მერე აღმოაჩინო, რომ არსად არ წასულხარ, არსად არ დაკარგულხარ, მიწაში ღრმადგადგმული ფესვებით დგახარ, და აშრიალებული ფოთლებით, არარსებულ ცხოვრებას, არარსებულ ადამიანებს, არარსებულ სამყაროებს იგონებ. აშრიალებ ფოთლებს, და დაუსრულებლად ყვები ამბებს, საუკუნეების წინ დავიწყებულ ენაზე, რომელზეც აღარავინ ლაპარაკობს, მაგრამ მოგისაჯეს, დაუსრულებლად მოყვე, დაუჯერებელი ამბები გაუგებარ ენაზე, და ვერასოდეს ვერავინ გაიგოს, შენი ნათქვამი ვერც ერთი სიტყვა. ტყე კი ის ადგილია, სადაც ხევში ჭინკები და ალქაჯები, ღამღამობით იმედებით და ოცნებებით კოცონს ანთებენ, და ცეცხლის პირას ცეკვით დაღლილები, მიწაზე სხდებიან, და იცინიან, იცინიან გულიანად, ადამიანებზე, რომლებმაც ვერ იწამეს, რომლებმაც ვერ დაიჯერეს , რომ სამყარო მარტო ის არ არის, რაც ჩანს, რომ სამყაროს ლოგიკურ ჩარჩოებში მოქცევაზე სასაცილო არაფერია. ტყეში ხეებმა, ალქაჯებმა და ჭინკებმა იციან, რომ ბუნება ზოგჯერ, ბუნების ყველა კანონის დარღვევით თამაშობს.

მე შენ ვარ

 გეზიზღები?

არა, საკუთარი სრულყოფილებით აღფრთოვანებული, საკუთარ სრულყოფილ თავს, არ აკადრებ, ვინმე შეიძულო. გეცოდები? არა, საკუთარი ბედნიერებით თავბრუდახვეული, საკუთარ სიმშვიდეში ჩაძირული, არ ეცდები, ვინმე შეიბრალო. გიყვარვარ? არა, საკუთარი თავის სიყვარულში დახელოვნებული, საკუთარ თვალებში ყურებით გართული, დროს ვერ იპოვი, ვინმე შეიყვარო. თვლი, რომ შენი გზა სწორია, და ჩემი გზაა მცდარი. არავინ დაგიმტკიცებს საპირისიროს. შენი ჭეშმარიტება შენ ხარ. შენი გზები, რომლებიც გარემოებებმა შემოგთავაზეს, და რომლებზეც ასე მორჩილად დადიხარ, მაინც შენი არჩეულია. მორჩილებაც არჩევანია. თვალების დახუჭვაც. დაჭყეტილი თვალები, ცუდი სანახავია. და არც ჩემს გზებზე სიარულია სასიამოვნო, მაგრამ ესეც ჩემი არჩევანია, შეიძლება ესეც გარემოებების შემოთავაზებული. მაგრამ... სხვა განზომილებაში, შენ მე ხარ. ჩემს არასწორ გზებზე, გაფართოებული თვალებით დადიხარ. და ყველაფერს იმახსოვრებ, რომ პარალულ სამყაროში ჩემი გაგება შეძლო. სხვა განზომილებაში, მე შენ ვარ. შენს ჭეშმარიტ გზაზე ვდგავარ, და ვერ გადამიწყვეტია, თვალები გავახილო, თუ დავხუჭო. და ვხვდები, რომ პარალელურ სამყაროში, შენ მეტისმეტად მართალს, მე მეტიმეტად მტყუანს ერთნაირად გვტკივა. სამყაროებს ტკივილები აერთიანებთ, ადამიანებსაც. მაგრამ განსხვავებები, საზღვრებს ისე მკაფიოდ ავლებენ, ისეთი კონტრასტია სიკეთეს და ბოროტებას შორის, (მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთის არსებობის ვერ ვიწამე.) ისეთი კონტრასტია სინათლეს და სიბნელეს შორის, რომ შენ ვერასოდეს დაინახავ ჩემს თვალებს, შენ ვერასოდეს დაინახავ ჩემი თვალებიდან, და მიხარია. მაგრამ მე შემიძლია დავინახო, დავინახო შენი თვალებიდან. და შენ კი უნდა იცოდე, რომ სხვა მხარე, სხვა გზა, სხვა სამყარო არსებობს, მიუხედავად იმისა, გჯერა თუ არა.

მალე ომი იქნება

 მალე ომი იქნება,

წლების წინ დაწყებული, და ვერ დამთავრებული. ომი, რომელიც იყო, არის, და იქნება, აწდა მარადის. მალე ომი იქნება, მავთულხლართები გაივლიან ადამიანების გულებზე და თვალებზე, სისხლის ცრემლები მორწყავენ მიწებს, მიწები დაბელტდებიან, და ყველა გუთანი გატყდება, და ყველა თესლი დალპება. მიწაში გაიხარებენ ჰაერში გასროლილი ტყვიები, და სიტყვები, რომლებიც ითქვა, ვერ მიაღწევენ ყურებამდე. და ლოცვები, რომლებიც ითქვა, ვერ მიაღწევენ ღმერთებამდე. მიწაში გაიხარებენ ჰაერში გასროლილი ტყვიები. და მოისხამენ ნაყოფს, რომელიც ძალაუფლების სუნად ყარს. მალე ომი იქნება, საუკუნეების წინ დაწყებული, და მარადიულად გაგრძელებული. მალე ომი იქნება, მალე ჯარისკაცები, რომლებმაც პირველად ნახეს იარაღი, ჰაერში გაფანტულ ტყვიებს შეუშვერენ მკერდებს, და საკუთარი ხელით გათხრილ საფლავებში ჩაწვებიან. მალე ომი იქნება, მე ავდგები და წითელ კაბას ჩავიცვამ, და ჰაერში მოლივლივე ტყვიებს მკერდს შევუშვერ, და საფლავს საკუთარი ხელებით გავითხრი. მალე ომი იქნება, მალე იარაღს აისხამენ და ჰაერში ისვრიან, ილივლივებენ ჰაერში ტყვიები, და სადღაც შენ მოკვდები, და სადღაც მამა მოკვდება, და სადღაც დედა მოკვდება, და სადღაც შვილი მოკვდება, და სადღაც მე მოვკვდები. მიწაში ტყვიები გაიხარებენ და მოისხამენ სისხლით გაჟღენთილ ნაყოფს, რომელსაც მერე ნაომარ მიწაზე, მშიერ ხალხს დაურიგებენ, სიკეთის და სიყვარულის ნიშნად. ნიშნად იმისა, რომ სამყარო სავსეა სიყვარულით. სამყარო სავსეა სიყვარულის ტყვიებით, რომლებიც დალივლივებენ ჰაერში და ელოდებიან მათთვის შეშვერილი მკერდების ჯარს. მალე ომი იქნება. მალე პატარა გოგოები ელვის სისწრაფით იქცევიან ქალებად, მალე პატარა ბიჭები ელვის სისწრაფით იქცევიან კაცებად, მალე ქალები და კაცები ელვის სისწრაფით იქცევიან გვამებად. მალე ომი იქნება, და ტყვიების ზუზუნში მოყოლილი ზღაპრები, ზღაპრებად დარჩება. მალე ბავშვები ვეღარ დაიჯერებენ საკუთარ ბავშობას, მალე კეთილები ვეღარ დაიჯერებენ საკუთარ სიკეთეს, მალე მლოცველები ვეღარ დაიჯერებენ ლოცვის ძალას, მალე მორწმუნეები ვეღარ დაიჯერებენ ღმერთის არსებობას. მალე ომი იქნება, და სამყარო ფერს იცვლის, მე ვეღარასოდეს ვიქნები ბავშვი, მე ვეღარასოდეს ვიქნები კეთილი, მე ვეღარასოდეს ვიქნები მლოცველი, მე ვეღარასოდეს ვიქნები მორწმუნე. მალე ომი იქნება, მალე საფლავს საკუთარი ხელებით გავთხრი, და ოცნებებს, და იმედებს, და რწმენას, დასახიჩრებულ, გაციებულ, სისხლისგან დაცლილ გვამებთან ერთად დავმარხავ. და ვიდგები ნახევრად ცოცხალი, და ნახევრად მკვდარი, სისხლიანი მიწით სავსე ფრჩხილებით, და დაჯერება გამიჭირდება, რომ ადამიანი ვარ. და დაჯერება გამიჭირდება, რომ ზოგი ტყვია, რომელიც ჰაერში სიკეთის და სიყვარულის სახელით ლივლივებს, პირდაპირ თუ არა ირიბად, მე ვისროლე, და შენ ისროლე. მიუხედავად იმისა რომ, იარაღის ჭერა არც ერთმა არ ვიცით.

სადღაც შორს

 ვარსკვლავიანი ღამეებიც ღამდება,

სადღაც შორს,
სადღაც სხვა ცხოვრებაში,
სადღაც სხვა სამყაროში,
ვარსკვლავიანი ცით დახურულ ღამეებში,
ვარკვლავიანი ცით დახურულ სახლებში,
ადამიანები ცხოვრობენ,
რომლებსაც ვარკვლავიანი ცა არეკვლიათ თვალებში.

დადიან და თვალებით დაატარებენ,
ჯერ კიდევ აღმოუჩენ,
ასიათასობით სინათლის წლით დაშორებულ სამყაროებს,
და მერე უკვირთ,
რომ ვარ იპოვეს სახლი,
რომელშიც დატევენ,
ვარსკვლავებით გავსებულ თვალებს,
და მერე უკვირთ,
რატომ ვერ იპოვეს,
თვალები,
რომლებიც შეძლებენ,
მათი ვარსკვლავებით სავსე თვალების არეკვლას.

და ვერ იჯერებენ,
რომ ზოგ ცაზე ვარსკვლავების პოვნა უბრალოდ შეუძლებელია,
და ვერ იჯერებენ,
რომ ყველა ციური სხეული,
ყველა თვალში ვერ თავსდება.

ზოგჯერ, რაც არ უნდა ფართოდ გაახილო თვალი,
რაც არ უნდა ეცადო,
უხილავი დაინახო,
და მიუწვდომელს მისწვდე,
გიწევს ჩაბნელებულ ცას უყურო,
რომელიც ყველა ვარსკვლავმა დატოვა.

და შენ,
ვარსკვლავებით სავსე თვალებს ახელ,
და ცდილობ ჩაბნელებულ,
მიტოვებულ ცაზე დატიო,
შენში დაბუდებული,
ასიათასობით სინათლის წლით დაშორებული,
ჯერ აღმოუჩენელი სამყაროები.

ღამეა,
შეიძლება ამ ბნელმა,
მიტოვებულმა,
ერთდროს ვარსკვლავებით სავსე ცამ,
რომელმაც ვერ აიტანა საკუთარი სიბნელე,
მოგკლას.

მაგრამ ღამე თენდება,
სინათლე კი საჩუქრია,
გიგანტური, მანათობელი,
ცოცხალი ვარსკვლავის საჩუქარი.
და ნიშანი,
ნიშანი იმისა,
რომ სიცოცხლე ბნელ ღამეებში არ მთავრდა,
პირიქით თავიდან იბადება,
უფრო დიდი
და უფრო კაშკაშა.

ვარსკვლავიანი ღამეებიც თენდება,
სადღაც შორს,
სადღაც სხვა ცხოვრებაში,
სადღაც სხვა სამყაროში,
ვარსკვლავიანი ცით დახურულ ღამეებში,
ვარკვლავიანი ცით დახურულ სახლებში,
ადამიანები ცხოვრობენ,
რომლებსაც ვარკვლავიანი ცა არეკვლიათ თვალებში.
და დილაობით მზის სხივებთან თამაშით გართულები,
არ ივიწყებენ,
რომ მზეც ვარსკვლავია,
არ ივიწყებენ,
რომ გალაქტიკები სიბნელეში იბადებიან.
არ ივიწყებენ,
არ ივიწყებენ,
არ ივიწყებენ... 🌌🌃