გვერდი

07 December 2020

ჩემი მეგობარი ვირთაგვა

"რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,...
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა."

მე, რომელმან შევქმენი სამყარო ძალითა უძლურებითა უძლურთათვის,
მე, რომელმან შემთხვევითობის უძლურება,
სამყაროს ძლიერებად ვაქციე.
მე, რომელმან თვალები საკუთარი ხელებით დავითხარე,
რომ საკუთარი შექმნილი სამყაროს ტყვეობისგან დამეცვა თავი,
ახლა ვზივარ სიბნელეში,
სადაც იმდენი სინათლეა,
რამდენიც საკმარისი იქნებოდა ჩემს დასაბრმავებლად,
მაგრამ ბრმა მეორედ ვერ დაბრმავდები.
ვზივარ ჩემ მეგობარ ვირთაგვასთან ერთად,
და ვცდილობ გავიგო,
რატომ უყვართ ადამიანებს ზაზუნები
და სძულთ ვირთაგვები.
მე ბრმა ვარ, უკვე ბუნდოვნად მახსოვს რა განსხვავებაა ამ ორს შორის.

მე და ჩემი მეგობარი ვირთაგვა ერთმანეთს ვგავართ,
კაცობრიობისთვის ორივე უსაგებლო მღრღნელები ვართ,
და უკვე ათასწლელებია ცდილობენ,
როგორმე მოგვიშორონ თავიდან.

მე და ჩემი მეგობარი ვირთაგვა,
ერთმანეთს ვგავართ,
არავის ვუყვარვართ და ვახსოვართ,
მანამ სანამ თვითონვე არ შევახსენებთ,
ვინმეს ჩვენ არსებობას.
ჩვენ უბრალო შეგვიძლია ვიარსებოთ სითბოს და სიყვარულის გარეშე,
იმიტომ რომ ვისწავლეთ სიყვარულის ობიექტზე მეტად კაცობრიობას სიძულვილის ობიექტი სჭირდება.

ჩემი მეგობარი ვირთაგვა გმირია,
განა ანტიგმირები გმირები არ არიან?
იუდამ გაყიდა ქრისტე თუ ქრისტემ იუდა?
თავი გადადო, იმისთვის რომ ამღლდე,
თუ თავი გადადო, იმისთვის რომ დამდაბლდე?
საბოლოოდ ანტიგმირები უფრო სჭირდება სამყაროს,
იმისთვის, რომ გმირებმა იარსებონ.

ჩემი მეგობარი ვირთაგვა გმირია.
ხაფანგში მომწყვდეული, შეშინებული, დაბნეული და მალე უსიყვარულობისგან მოკვდება,
მოკვდება იმიტომ,
რომ ამხელა საყაროში,
სადაც ყველასთვის მოიძებნა ადგილი,
მარტო ის დარჩა უადგილო და უფუნქციო,
მარტო მისი შეყვარება გახდა შეუძლებელი.

მე ღმერთი ვარ,
რომელიც ბრმა ვირთაგვას სხეულში ცხოვრობს და ვეღარ გაუგია,
მერამდენედ უნდა მოკვდეს,
რომ ბოლოსდაბოლოს დაიბადოს.

ჩემი მეგობარი ვირთაგვა კი მკვდარია,
ყოველდღე იხოცებიან ვირთაგვები,
ყოველდღე იხოცებიან ადამიანებიც,
და სამყაროში,
სადაც თვალებდათხრილი ღმერთები
ადამიანების კანში ცხოვრობენ,
სიკვდილი ყველაზე ნაკლებად მტკივნეულია მათ შორის,
რაც შეიძლება დაგემართოს.

რა უფრო რთულია არ შეგეძლოს სიყვარული
თუ არ შეგეძლოს სიძულვილი?

No comments:

Post a Comment