იყავი ბედნიერი თუ გაბედავ
მე ის ვარ,
მე შენ ვარ,
ხანდახან, როცა საკუთარი თავი,
აღარაა საკმარისი,
ხანდახან, როცა გეჩვენება,
რომ საკუთარ თავს
დამალობანას ეთამაშები,
ხანდახან, როცა გეჩვენება,
რომ შენ შენ არ ხარ,
დგები და საკუთარ თავს
დუელში იწვევ.
დუელში, რომელშიც არავინ არ კვდება,
პირიქით.
მე ის ვარ,
მე შენ ვარ.
ხანდახან, როცა მინდა
საკუთარ თავს ვარსკვლავებიდან ჩამოვხედო,
რომ უკეთ დავინახო ჩემ გარშემო სამყარო,
მეჩვენება, რომ ეს დაბნეულობაც ცოდნაა.
მე მე ვარ,
შენ შენ ხარ.
არაფერია უცნაური იმაში,
რომ უცნაურობის საზღვრები დაირღვა.
არაფერია უცნაური იმაში,
რომ შეგიძლია შენ თავს ზემოდან უყურო,
არაფერი უცნაური იმაში,
რომ შენ შენ იყო,
და არც იმაშია უცნაური არაფერი,
რომ შენ შენ არ იყო.
შეიძლება ჩემი სიტყვები,
უცნაურად ჟღერდეს,
და ქაოსურად,
მაგრამ არა.
არაფერია უცნაური და გაუგებარი იმაში,
რომ სამყაროში ყველაფერს სახელს ვერ დაარქმევ
და ვერც ვერაფერში იქნები დარწმუნებული.
ვერაფერი გეცოდინება ზუსტად,
გარდა ერთისა,
რომ სიცოცხლე გამოწვევაა.
იყავი ბედნიერი თუ გაბედავ!
გამოიწვიე საკუთარი თავი დუელში,
და იარაღადაც საკუთარი თავი გამოიყენე.
იყავი შენ,
იყავი მე,
იყავი ის.
სამყარო შენი ანარეკლია,
და პირიქით შენში ირეკლება მთელი ეს საოცარი გალაქტიკები.
სარკეებივით ვირეკლავთ ყველაფერს,
რაც ჩვენ გარშემო ხდება,
სარკეებივთ ვირეკლავთ ყველას,
ვინც ჩვენთან ახლოს ჩაივლის.
და ყველაფერი კვალს ტოვებს.
შენ მე ხარ,
მე შენ.
იცოდი, რომ სარკეები პორტალებია,
რომლებიც სხვა სამყაროებისკენ ხსნიან გზებს?
იცოდი, რომ თითოეულ ჩვენგანში
გიგანტური ზომის ვარსკვლავი ანათებს,
და აღმომჩენს ელოდება?
იცოდი, რომ ვარსკვლავს შეუძლია,
ანათოს მაშინაც, როცა არავინაა,
რომ აღმოაჩინოს?
მე შენ, შენ მე.
ანათე,
იყავი ბედნიერი თუ გაბედავ!
No comments:
Post a Comment