სუნი
გახსოვს ყველა უჯრედით ნაგრძნობი სუნი,
რომელსაც ბავშობაში მუჭში ინახავდი,
გულში იმალავდი,
და ცრემლებით იცავდი,
რომ არასოდეს გამქრალიყო,
არასოდეს შერეოდა ატმოსფეროს?
და დრო გავიდა
შეგიძლია კარადის კარი გააღო,
და ისე ღრმად ჩაისუნთქო,
რომ ფილტვების გახეთქვის შეგეშინდეს.
მაგრამ შენ იცი,
გამძლეა სხეული,
სულზე გამძლე,
ზოგჯერ ნაწილებად დაშლილი სულით ცხოვრობ,
და ამ დროს უბრალოდ გიკვირს,
როგორ უძლებს სხეული.
საოცარია,
კარადას აღებ,
ისე თითქოს რამე ჯადოსნურს ახადე თავი,
და უკვე გამქრალი ადამიანების
ერთმანეთში არეული სუნები,
შენში აღწევენ და ახალიდან იბადებიან.
მუხლები გეკვეთება,
და ყველა მოგონება,
შენ გარშემო ცეკვას იწყებს,
თავბრუ გეხვევა და გული გერევა,
მაგრამ არ შეგიძლია გაუშვა.
მტვერში არეული
აჩრდილების სუნით,
ბოლომდე ივსებ ფილტვებს,
და გრძნობ,
რომ არჩევანი გაკეთებულია.
ძალიან ადრე,
როცა სულ ბავშვმა,
ჯინსის ჯიბეში წაბლის ნარჩენები იპოვე,
და მერე ძალიან დიდხანს საგანძურივით უფრთხილდებოდი,
მაშინ გადაწყდა,
რომ შენთვის ცხოვრება სავსეა.
სავსეა,
სხვების ცხოვრების ნარჩენებით.
ნარჩენი ოფლის და
კარადაში უპატრონოდ დაკიდული,
დამტვერილი ტანსაცმლის სუნი,
იმედივით კიდია.
პატარა გოგოს იმედივით,
რომელიც ვეღარასოდეს იგრძნობს,
როგორი სუნი აქვს დედის ჩახუტებას.
მაგრამ აქ,
ამ ჯადოსნურ კარადაში,
სუნი ინახავს ზღვა მოგონებებს.
შეგიძლია დაბრუნდე,
და ილუზიების ტალღებზე ისრიალო.
მაგრამ ფრთხილად.
მუდმივი არაფერია.
ზოგჯერ წვიმა მოდის,
ზღვის და თევზის სუნით სავსე,
და კარადებიდან აქრობს,
უკვე წასული ადამიანებს სუნს.
და იცი როგორია ბრაზი?
იცი როგორია,
როცა ცდილობ,
რაღაც სამუდამოდ დაიმახაივრო,
და სწორედ ის გავიწყდება პირველად?
იცი როგორია,
როცა გინდა სამუდამოდ,
დაიტოვო ადამიანის სუნი,
რომელიც წასულია?
იცი როგორია,
როცა გინდა სამუდამოდ იტანჯო,
მაგრამ გრძნობ,
რომ დღითიდღე უფრო ბედნიერად იღიმი?
იცი როგორია,
როცა ხვდები,
რომ არ არის საჭირო,
არ უნდა იტანჯო.
ტანჯვისთვის არავინ იბადება.
არ არის საჭირო მუდვიდად დაბრუნდე.
არ არის სჭირო,
მუდმივად ისუნთქო
წასული ადამიანების სუნით გაჟღენთილი ჰაერი.
უბრალოდ ადექი და გაუშვი,
ყველა, ვინც წავიდა,
და დაიმახსოვრე მათი სუნი,
ვინც გზაშია,
ვინც მოდის და ვინც რჩება.
როცა საბოლოოდ გადაწყვეტ,
როცა საბოლოოდ მისცემ საკუთარ თავს მეორე შანსს.
აღმოაჩენ, რომ შვილის ჩახუტების სუნით სავსე ფილტვებში,
სხვა სუნების შეშვება,
ტკივილისგან დაცლილია.
და მართალია,
ყოველ ახლ წელს,
ყოველ ახალ ადამიანს,
მოსდევს წასული ადამიანების,
ძვირადღირებული სუნამოსავით შეუმჩნევლად ნაბკურები სუნი.
სუნი, რომელიც ისეთი გრძნობით
და ისეთი დოზით შემოვუშვით სისხლძარღვებში,
რომ ბოლომდე არასოდეს აორთქლდება,
მაგრამ მთავარი სწავლაა.
მათ სუნთან ერთად უმტკივნეულოდ ცხოვრების სწავლა,
და მიღება,
მათი წასვლის
და ჩვენი დარჩენის მიღება
No comments:
Post a Comment