მე შენ არ მიყვარხარ,
ყოველთვის, როცა სიტყვა მიყვარხარ, გულზე მადგება, გონება მერევა, თვალები მიბნელდება და სამყარო ბურუსში უჩინარდება, მე ვფიქრობ, ვფიქრობ, როგორ მიყვარხარ, ვფიქრობ, როგორ მენატრები, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე შენ არ მიყვარხარ, სიყვარული არაფერია, სიყვარული არაფერია, მთავარია ვინ ხარ, მაგრამ მაგაზე მთავარი ისაა, მე ვინ ვარ ვინ ვარ მე? როგორია შენ თვალებში და შენ სულში არეკლილი, ჩემი სამყარო? ჩემი არსებობის დამტკიცება, მარტო შენ თვალებში არეკლილი, ჩემი გამოსახულებით შემიძლია. შენ არ მიყვარხარ, მე ის მიყვარს, ვინც ჩემი სული თავის თვალებში შეუშვა, და ამით სიცოცხლე მაჩუქა. და ამით სიკვდილი თავგადასვლად მიქცია. მე შენ არ მიყვარხარ, მე შენი სიტყვები მიყვარს, და სამყარო, რომელიც შენი თვალებიდან დავინახე, და ჩემი თავი მენატრება, ჩემი თავი, ჩემი თავი, რომელიც შენში ცხოვრობს, და მენატრები, შენ კი არა, ჩვენ მენატრება, მე მენატრება, მე მენატრება ჩემი თავი, რომელიც მარტო შენია, რომელიც შენთან დავტოვე, და გაუფრთხილდი, ისე გაუფრთხილდი, როგორც საკუთარ სიცოცხლესაც არ უფრთხილდები. მე შენ არ მიყვარხარ, მაგრამ თუ დამივიწყებ, თუ დაივიწყებ ვინ ვარ, მაშინ მეც დამავიწყდება, რომ ნამდვილი ვარ. დამავიწყდება, რომ უნდა ვიცოცხლო. და აზრები, რომლებსაც ჩემი გარდაჩენა შეუძლიათ, აზრს დაკარგავენ, დაიჯერე, რომ დავიჯერო. მეტი არაფერი, მე შენ არ მიყვარხარ, მე ჩვენ მიყვარს, ცალ-ცალკე და ერთად, და საერთოდ რა არის სიყვარული? იქნებ საკუთარი არსებობის დაჯერებაა? იქნებ საკუთარი თავის აღმოჩენაა სხვის თვალებში?
No comments:
Post a Comment