გვერდი

07 December 2020

უწონადობა

 არც სიცოცხლე,

და აღარც სიკვდილი. სად არის კიდე, ან ჰორიზონტი, ან უსასრულო ვარდნა? დროსა და სივრცეში გაწელილი სულის შეკუმშვა, და სხეულში ჩატენვა, მარტივი საქმეა. მარტივია იყო სხეული, მარტივია იყო ხორცი, მარტივია არ გჯეროდეს, ან გჯეროდეს. მარტივია აირჩიო, სიცოცხლე ან სიკვდილი. მაგრამ არც ერთი არ გეკუთვნის, მაგრამ არც ერთს არ ეკუთვნი. როგორია აირჩიო, ან მკვდარი იყო, ან ცოცხლი, როცა იცი, რომ არ შეგიძლია, ვერ იქნები ვერც მკვდარი, და ვერც ცოცხალი. სადღაც შუაში, სადღაც უწონადობაში, სადღაც იქ, სადაც პასუხები კითხვებია, მოგიწევს იყო, ცოცხალი და მკვდარი ერთდროულად. მოგიწევს იყო სავსე, და ცარიელი ერთდროულად. მოგიწევს იყო მართალი და მტყუანი ერთდროულად. მოგიწევს იყო ჭკვიანი და სულელი ერთდროულად. მოგიწევს იყო ბედნიერი, უბედურების ილუზიით გაბრუებულ სამყაროში. და ვერასოდეს აირჩიო, ვერასოდეს გადაწყვიტო, მკვდარი ხარ თუ ცოცხალი. ვერასოდეს დაიჯერო საკუთარი დაბადება, ვერასოდეს დაიჯერო საკუთარი სიკვდილი. და არსებობა აქციო უსასრულო ლოდინად, რომელიც კისერზე გკიდია. უწონადობაში გატყორცნილი სიცოცხლეები, უსასრულოდ დალივლივებენ, გალაქტიკებს შორის, და უსასრულოდ ელიან დაბადებას, უსასრულოდ ელიან სიკვდილს. და საბოლოოდ ეჩვევიან, ეჩვევიან ლოდინს. და ჭეშმარიტებას შავ ხვრელის ფორმა აქვს. ლოდინი ერთადერთი ჭეშმარიტება. გზა, სიცოცხლიდან სიკვდილში არ მიდის. გზა, ლოდინიდან ლოდინში მიდის და უსასრულოდ გრძელდება. თუ ყველა ადგილი დაკავებულია, თუ ყველამ გადაწყვიტა, მკვდარია თუ ცოცხალი, მაშინ ქაოსში ჩაძირული სულის ტკივილი, მორიგი სისულელეა. სისულელეა იტანჯო, მაშინ, როცა არც კი იცი, დაიბადე თუ მოკვდი.

No comments:

Post a Comment