გვერდი

26 April 2022

 ზოგ დილას მზეები არა,

ადამიანები ათენებენ,

აი, ასე გამოხვალ დაღამებული თვალებით,

მოდიხარ, არაფერს არ ელი,

არაფრის იმედი არ გაქვს,

და ხედავ,

შორიდან მზესავით გინათებენ,

ორი შაკშა მზე შემოგცინის სხვისი თვალებიდან.


და მართალია,

ადამიანს შეუძლია ადამიანი გადაარჩინოს,

ისევე, როგორც შეუძლია დაღუპოს.

მოდიხარ მარტო და შენთვის,

კბილებს შორის ციანიდის კაფსულას ათამაშებ,

და საჭირო დროს ელოდები,

რომელიც თან გინდა მოვიდეს

და თან არა.


დღეებს მზეები ვერა,

მაგრამ ადამიანები ათენებენ.

ზოგჯერ იმდენი დედა გვყავს,

რამდენი სიკვდილის ჩრდილიც ეცემა

ჩვენს სახეზე.


დილა მშვიდობისა,

გეტყვის ისეთი უცხო,

და ისეთი ნაცნობი, 

და ორი მზე, 

ორი შენდამი სიყვარულით ავსებული თვალი,

განთავისუფლებს სულში ჩამოწოლილი სიბნელისგან.


და რას იზამ? 

ვერ იტყვი, 

უნდა გაჩუმდე,

კითხვებს უპასუხო

და ყურებამდე გაიღიმო.


მადლობასაც ვერ იტყვი,

ვერც ახსნი, რაა სამადლობელი?

არადა არის.

იშვიათია ნამდვილი სიტყვები 

და ისეთი თვალები,

რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავისგან გიხსნან.


ზოგჯერ, როგორ გვჭირდება ერთმანეთის წორად დანახვა,

ზოგჯერ, როგორ ვგჭირდება

თვალების გახელა 

და აღმოჩენა, 

რომ ვიღაცას შეუძლია გაიგოს,

გაიგოს, რას ვამბობთ და 

გაიგოს, რასაც არ ვამბობთ.

22 April 2022


 მალე ალქაჯები ბნელი სამალავებიდან გამოვლენ,
შეგიძლია შენც შეუერთდე,მოისხი შავი მანტია,
როგორც ამბობენ შავი უხდება ბოროტებას,
ბავშვური მზერა შავად მოხატულ თვალებში დამალე,
ტუჩები მუქი ტუჩსაცხით შეიღებე,
გახდი მაცდური, თავნება, ძლიერი.
გახდი ალქაჯი,
მტრობის ძაფები გააბი შენსა და კაცობრიობას შორის,
ზიზღის აბლაბუდებში გაახვიე ყველა კაცი,
მათრობელა შხამით აუვსე სიცოცხლით სავსე სისხლძარღვები,
და დააკვირდი როგორ დატოვებს სიცოცხლის წყურვილი მათ სხეულებს.
უყურე და დატკბი,
ჯოჯოხეთური ცეცხლის ალით აიბრიალე მზერა,
და ცეცხლმოკიდებულმა იცეკვე,
საკუთარ სხეულზე შეხებით იგრძენი სიცოცხლის ძალა,
იგრძენი როგორ ედება ცეცხლის მწველი ალი შენს ტერფებს,
როგორ მიიწევს წვივებიდან თეძოებამდე,
თეძოებიდან მკერდამდე,
მკერდიდან ყელამდე და
ბოლოს ისევ თვალებში ბრუნდება.
გაახილე შავადმოხატული თვალები,
მეორედ დაბადება ცაში კამარის შეკვირით აღნიშნე,
გაფრინდი,
ტყეებს, მინდვრებს და მდინარეებს გადაუფრინე,
მოუსმინე სამყაროს ჩურჩულს,
შეეხე, შეგეხოს, შეერთდით.
იგრძენი როგორ ივსები და იღვრები,
როგორ მთლიანდები,
ფეხის თითებიდან თმის ძირებამდე დავლილი სიამოვნების ტალღები ელვად დაუბრუნე დედამიწას.
როცა სიყვარულით დაღლილს
და ენერგიით სავსეს ისევ მიწისკენ გაგეპარება ყოვლისმცოდნე კუდიანის მზერა,
შეგეძლება დაბრუნდე უსაფრთხოდ.
მაგრამ შავი მანტიით ახალგაზრდა სხეული დამალე,
კუზით და კეხიანი ცხვირით შენიღბე არაამქვეყნიური სილამაზე,
არასოდეს არავის გაუმხილო ვინ ხარ,
უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა!
როცა უსაფრთხოების ყველა ზომას მიიღებ,
როცა სიბნელეში დანახვას ისწავლი,
შეძლებ უჩინარი აბლაბუდის ქსელები გააბა და დაელოდო პირველ მხვერპლს,
რომლიდანაც სიცოცხლეს გამოწურავ,
და უსარგებლოს უკან დააბრუნებ.
ყოველი ახალი კაცის უსუსურობით გამოკვებილი საკუთარი სითამამით,
უბრალო ქალიდან ალქაჯს გამოაქანდაკებ.
ღამღამობით კი როცა კაცთა მზერას რული მოერევა,
და საკუთარ თავთან მარტო დარჩები,
შეგეძელება მანტია გაიხდო,
გაათავისუფლო საკუთარი სილამაზე და ცაში აიჭრა,
ხარბად ისუნთქო,
ხმამაღლა იკისკისო,
საკუთარი არსებობით დატკბე
და ბოლოსდაბოლოს იგრძნო,
რომ ყველაფერი ხარ.
შეგიძლია იფრინო,
და ამ ფრენის სიხარული ისევ საკუთარ თავს გაუზიარო,
შეგიძლია უბრალოდ საკუთარი თავისთვის იბრწყინო,
არაფერში გჭირდება ნახევარადამიანების დაბინდული მზერის ადრესატი იყო.
რა აზრი აქვს?
მათ თვალებს მაინც არ შეუძლიათ შენი ნამდვილი სახის დანახვა.

 ნოემბრის ბოლო საათია,

ხვალ ადრე უნდა ადგე,
იმეცადინო და სამსახურში წახვიდე.
ნოემბრის ბოლო საათია,
გეჩქარება,
უნდა დაიძინო,
რომ ადრე გაიღვიძო,
იმეცადინო,
იმუშაო,
ახალი პირადობის მოწმობა აიღო.
ნოემბრის ბოლო საათია,
ხვალ ლამაზად უნდა ჩაიცვა,
თვალებიც შეიღებო,
ახალი პირადობის მოწმობისთვის სურათი გადაიღო,
(შეეცადო ლამაზი იყო)
და სახელმწიფოს დაუდასტურო,
ან სახელმწიფომ დაგიდასტუროს,
რომ არსებობ.
არსებობ შენ,
საქართველოს მოქალაქე პირადი ნომრით N2000...
ნოემბრის ბოლო საათია,
გეჩქარება თუ გაგვიანდება?
გააჩნია საიდან დაიწყებ მოძრაობას.
ხვალ ჩვეულებრივი დღე გათენდება,
ოღონდ დეკემბერის,
ახლა კი ნომებრის ბოლო წუთებია,
ითვლი,
მარტოობას ცივ საწოლში უწვები,
და სიცივით ითბობ გაყინულ ხელ-ფეხს.
წელს თუ კარგი გოგო იყავი,
ნოემბერი დაგასაჩუქრებს ახალი სიბრძნით,
რომ შემდეგი წლისთვის სიცოცხლის კიდევ ერთი თავი დაწერო.
ნოემბრის ბოლო წუთებია,
წელს კარგი გოგო იყავი?
წელს ისწავლე,
რომ გაქვს უფლება არ იყო კარგი,
არ იყო საყვარელი,
არ იყო საჭირო,
არ იყო...
გაქვს უფლება არ იყო,
დაემალო სამყაროს და ხანდახან საკუთარ თავსაც.
ნოემბრის ბოლო წუთებია,
წელს იყავი,
წელს ვერ ისწავლე,
წელს ვერ გაიგე,
წელს დაკარგე,
წელს დაგკარგეს,
წელს დაიკარგე,
წელს კინაღამ...
კინაღამ არ ითვლება.
ნოემბრის ბოლო წუთებია.
ნომებრის ბოლო საღამოა,
წუთებს ითვლი,
იხსენებ,
ძაღლი ყეფს,
მარტოობასთან სარეცელს იყოფ,
ცდილობ, რამე მაინც იგრძნო,
თითქოს საკუთარ თავს კარგავ,
მაგრამ როგორ დაკარგავს იმას,
რაც არასოდეს გიპოვია?
ნოემბერი უკანასკნელ წუთებს ითვლის,
ფიქრის დრო არ გაქვს,
ხვალ ადრე უნდა ადგე,
იმეცადინო,
იმუშაო,
ახალი პირადობის მოწმობა აიღო,
საკუთარი თავი სიჩქარეში დაკარგო,
და ოპტიმიზმით სავსემ,
იმედი იქონიო,
რომ ქუჩაში გასაღებივით დაგდებულ შენ თავს,
ვინმე შეამჩნევს და დაგიბრუნებს.
ხვალ ნოემბერი აღარ გათენდება,
მაგრამ ყველაფერი იმდენად ძველებურად იქნება,
ვერც კი შეამჩნევ,
რა დროა.
ვერც კი შეამჩნევ,
რომ ცხოვრება გადის,
ისე ძველებურად,
ისე ჩვეულებრივად,
როგორც ყოველთვის.
23:48 წუთია,
30 ნოემბერი,
2021 წელი.
Carpe Diem.
ახალი მცნება ასეთია:
ან ყველა წამი დასაჭეირია,
ან არც ერთი.
როცა ნოემბერში დაიძენებ და დეკემბერში გაიღვიებ,
არ დაგავიწყდეს,
მოხსენი ფილტრი ცხოვრებას.
,,შესაგროვებელი" მომენტებისთვის ცხოვრება ნამდვილი არ არის,
ცხოვრობ მაშინ,
როცა შეგიძლია ყველა მომენტი შეაგროვო,
ყველა წამი გამოიზოგო,
ყველა წამი დაიჭირო,
გახსოვდეს,რომ ბედნიერების წამიც წამია,
გახსოვდეს, რომ უბედურების წამიც წამია.
(მერე რა თუ საუკუნედ გეჩვენება)
და გახსოვდს,
რომ ცხოვრება არჩევანია არაფერს და ყველაფერს შორი.

 ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტე ვინ ხარ!

ყველაფერი ერთდროულად არაფერია.
შენ ვერ ირჩევ,
იმიტომ, რომ ყველაფერს და არაფერს შორის სიმრავლეებს ვერ ხედავ,
შენ ხდები არავინ,
იმიტომ რომ ძნელია იყო ერთი ვინმე,
როცა სამყარო სავსეა,
შენ კი ვერ ეტევი,
მაგრამ მაინც იკარგები მასში.
შენ ადგები და ცოტ-ცოტა ყველაფერს მოედები,
მაგრამ სრულყოფილად არავინ იქნები,
შენ ვერ აირჩევ,
შესაძლებელობების უსასრულობა დაგაბნევს,
რაც მეტს იფიქრებ უფრო მეტ ნაწილაკად დაიშლები.
მოვლენ და გკითხავენ, ვინ ხარ?
აი ია,
აი, თითი.
აი, ადამიანი.
შენ გაგახსენდება,
რამდენხანს ცდილობდი,
ვინმე ყოფილიყავი,
შენ გაგახსენდება,
რამდენჯერ გეგონა,
რომ გაიგე ვინ ხარ,
მაგრამ ყოველ ჯერზე იმედს გიცრიუებდა საკუთარი უწონადობა.
არ შეგეძლო ერთი ვინმე ყოფილიყავი,
ამიტომ იშლებოდი.
ათას კითხვად და ათას პასუხად დაშლილი,
ლივლილვს მიჩვეული,
ცდილობდი საკუთარი არსებობა ლოგიკის ჩარჩოებში მოგექცია.
დარწმუნებულები საკუთარ ვინაობაში კი მოვლენ და გკითხავენ, რატომ არ იცი ვინ ხარ?
შენ აწყლიანებულ თვალებს მათ გამომშრალ გუგებში სათევზაოდ გაუშვებ,
იქნებ ანკესს ის პასუხი წამოეგოს,
რომელის არსებობის შესახებაც არავინ არ იცის.
მაგრამ დარწმუნებულები საკუთარ ვინაობაში,
შიშჩამდგარი, გამშრალი თვალებით,
უნდობლობით უპასუხებენ,
შენ ყველა ანკესივით ნასროლ კითხვას.
შენ მიხვდები,
რომ თევზები, რომლებიც შენ თვალებში დაცურავენ,
მარტო შენი წარმოსახვის ნაყოფია.
ამიტომ ლოგიკის ჩარჩოები,
რომელშიც საკუთარი არსებობა ჩატენე და გამოკეტე,
ვეღარ შეძლებენ შენი იმ ნაწილაკებად შლის პროცესი შეაჩერონ,
რომელთა არსებობის შესახებაც,
არც ფიზიკამ იცის რამე და არც ქიმიამ,
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,
რომ არ არსებობენ.
შენ ვეღარ შეაკავებ საკუთარ არსებობას,
მნიშვნელობა აღარ ექნება ვინ ხარ.
დიდი აფეთქების მოლოდინში,
ადგები და ქადაგებას დაიწყებ,
ძონძებში გახვეული ყველაზე საშიში გზებით ივლი და იქადაგებ,
რომ ახლოა გარდამტეხი წამი,
რომ მალე არავინ შეძლებს ვინმე გახდეს,
ხოლო ის, ვისაც ეგონა, რომ ვინმეა,
მიხვდება, რომ სინამდვილეში არავინაა.
,,ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტე ვინ ხარ!"
უყვირებს დაძონძილი დერვიში საკუთარ თავს,
ის კი, ვინც დარწმუნებულია საკუთარ ვინაობაში,
ექოსავით ხმას გაიგონებს,
მართლა ის ხარ, ვინც გგონია?
იგრძნობს, როგორ შეუძვრა ეჭვის ჭია,
და მისი კომფორტის ზონის ღრღნა დაიწყო, შეეშინდება და დამალობანას თამაშში იპოვის გამოსავალს.
მე კი თუ ამ ყველაფერის მერე მაინც მკითხავენ,
ვინ ვარ, ვუპასუხებ,
რომ ყველაფერს და არაფერს შორის გამომწყვდეული კითხვის ნიშანი ვარ,
რომელიც დაძნოძილი, წელში მოხრილი დერვიშვით,
უცნობ ადგილებში მოგზაურობს,
რომელიც როგორც იქნა მიეჩვია საკუთარი ფორმის უფორმობას,
და მათ, ვისაც უფორმობის ეშინიათ ან უშინაარსობაში ერევათ,
არაფერს უმტკიცებს.
აღიარა, რომ ხან ბრძენი მქადაგებელია,
ხან შეშლილი მისანი,
ხან კი საერთოდ არ არის.

 დღე მეორე, 14 დეკემბერი, 2021 წელი

როცა სისხლის მაგივრად სიტყვებისგან იცლები,
და ეს ნორმალურია,
მაშინ ხვდები, რომ მნიშვნელობა არ აქვს მნიშვნელობის ქონას.
ნუ იქნები მნიშვნელოვანი,
ან გახდი იმდენად ეგოცენტრული,
რომ საკუთარი თავი რკინის გისოსებში გამოკეტო,
მერე უზარმაზარი ბოქლომი დაადო,
რომლის ერთადერთ გასაღებსაც გაჭირვებით გადაყლაპავ.
და ბოქლომის დამსხვრევის მსურველი,
უამრავი, განწირული მოხალისის მიუხედავად,
შენ ერთს გეცოდინება,
რომ გასაღები,
რომელსაც შენი გათავისუფლება შეუძლია,
შენ შიგნით ჟანგდება.

 დღე მესამე

არაფერის თქმა არ მინდა.
არ ღირს.
ვინ ვიქნებოდი,
მე რომ არ ვყოფილიყავი?
შენ?
ნტუ.
არ ღირს.
რა არის ღირებულება?
რა არის შენი ღირებულება?
ბაზარზე კილო ხორცის ფასი 15-დან 25 ლარამდე მერყეობს.
გული, ღვიძლი და თირკმელი შეუფასებელია იმისათვის,
ვისაც მათი გადანერგვა სჭირდება.
სანამ შენი ხორცი გაიხრწნება,
ვალდებული ხარ იცოცხლო.
საკუთარი ჯანმთელი ორგანოების მიწაში ჭიების საჭმელად წაღება,
მაშინ, როცა დედამიწა სავსეა სიცოცხლეზე კბილებით ჩაფრენილი ხალხით,
რომლებიც წლობით ელიან დონორი ორგანოების გამოჩენას,
იმდენად ეგოისტური საქცილია,
რომ თავის მოკვლაც არ შეგიძლია.
ვალდებული ხარ იცოცხლო,
მანამ მაინც,
სანამ საკუთარი ჯანმრთელი ორგანოების გასხვისების გზას არ იპოვი.
შენი ღირებულება შენი შიგნეულია,
ვიღაც ამ წუთას სიცოცხლისთვის ტკივილის ფასად იბრძვის,
შენ კი ზუსტად ამ საფასურის გადახდაზე გინდა უარის თქმა.
ვინ ხარ?
ღვიძლი, გული, თირკმელი და ფილტვი.
შენი ღირებულება ისაა,
რაც არსებობას გაიძულებს.
შენ ღირხარ ზუსტად იმდენი,
რამდენსაც სიცოცხლეს ხარკად გადაუხდი.
ითვლი დღეებს, წუთებს, წამებს,
საფონდო ბირჟაზე გაგაქვს აქციებად დახურდავებული საკუთარი თავი,
თვალყურს ადევნებ უზარმაზარ მონიტორებზე გამოტანილ,
ადამიანური ღირებულებების გაუფასურების ტენდენციას მსოფლიო მაშტაბით,
და უკვე შეგიძლია იწინასწარმეტყველო,
რომ მალე შენი აქციების ფასი,
გრძნობების სწაფი ინფლაციის ფონზე,
მინიმალურ ნიშნულამდე დაეცემა.
მაგრამ ,, საბედნიეროდ " ჯერ კიდევ გაქვს ჯანმრთელი:
ღვიძლი,
გული,
თირკმელი,
ფილტვი.

 დღე მეოთხე

მთელი დღეა წუხანდელ სიზმარზე ვფიქრობ.
ნეტავ მე ვარ ადამიანი, რომელსაც დაესიზმრა, რომ პეპელაა თუ მე ვარ პეპელა, რომელსაც ესიზმრება, რომ ადამიანია? - იკითხეს დიდი ხნის წინ.
ჰოდა მე ვფიქრობ, სიტყვებზე, კავშირებზე და ნიშანთა სისტემებზე, რომლებიც სამყაროს თავისთავოდობის მაცდუნებელი იდეისთვის მეტისმეტად ჩახლართულნი არიან.
შეიძლება შემოქმედება თავისთავადი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მას შემოქმედი სჭირდება? სიზმარი ვერ იარსებებს იმის გარეშე, ვისაც ის ესიზმრება.
სუბიექტური ჭეშმარიტებები ერთადერთი ხილული წერტილია, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ რწმენის ნაპერწკალი გააღვივოს. კაცობრიობის არსებობა კი ქვების ერთმანეთზე უსასრულოდ ხახუნის და იმედის ნაპერწკალის გაჩენის დაუსრულებელი მცდელობაა.
გრძნობებიც არც მეტი არც ნაკლები ადამიანური შემოქმედების ნაყოფია, თუ გრძნობ ესეიგი ქმნი. კავშირები არ მყარდება თავისთავად, თითის ანაბეჭდის განუმეორებლობა მინიშნებაა, შეუძლებელია ორი ადამიანის სიზმარი ერთმანეთს დაემთხვას ან ორმა ერთნაირი სიჩქარით, აჩქარებით და ძალით უხახუნოს ქვები ერთმანეთს.
ან შეიძლება ყველაფერი პირიქითაა, ახლა მძინავს და მალე გავიღვიძებ.

 0

რა ემართება ენერგიას,
რომელიც გამომუშავდება,
მაგრამ არ იხარჯება?
არსებობს ატომური ელექტროსადგურები,
არსებობს შავი ხვრელები,
ვარსებობთ ჩვენ.
ვარსებობ მე,
არსებობ შენ,
არსებობს ის,
ვარსებობთ ჩვენ.
ვიცით, რომ ოდესმე არსებობას შევწყვიტთ,
მაგრამ მაინც ჯიუტად ვამტკიცებთ,
რომ ენერგია მუდმივია,
ოღონდ მხოლოდ ჩაკეტილ სისტემაში.
აქ კი ღია სისტემაში,
რომელიც შეიძლება სულაც ჩაკეტილი აღმოჩნდეს,
ენერგია გამომუშავებადი, ამოწურვადი და გარდაქმნადია.
მისი ნდობა არ შეიძლება.
ენერგია მუდმივია,
ნიშნავს, რომ, ის არ ქრება,
უბრალოდ ფორმას იცვლის,
ისიც მხოლოდ მაშინ თუ გარე ძალების ზემოქმედებისგან დავიცავთ,
მაგრამ თუ მისი ცნობა უკვე შეუძლებელია,
თუ კავშირი სამუდამოდ წყდება,
რა აზრი დევს ენერგიის მუდმივობაში?
ანდა, სად არის სამყაროში ადგილი,
სადაც შეუძლებლობა მითია?
სადაც გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დავიცავთ,
რწმენას,
სიყვარულს
და ისეთ რამეებს,
რომელთა არსებობისაც აღარ სჯერათ,
მაგრამ არსებობენ?
რა აზრი აქვთ სიტყვებს,
რომლებსაც ადრესატი არ ჰყავთ?
რა აზრი აქვთ ქმედებებს,
რომლებსაც რწმენის ნატამალი აღარ შერჩათ?
რა აზრი აქვს ენერგიის ქონას,
რომლის გამოყენებაც არ შეგიძლია?
რა აზრი აქვს ენერგიის არსებობას,
რომელიც არსაიდან არსად მიდის?



გიფიქრია, რომ ზოგჯერ,
როცა, ვინმეს საკუთარ არსებობას ახსენებ,
შეიძლება ძალადობ?
რა არის ძალადობა?
ყველაფერი არაბუნებრივი,
ყველაფერი დემონსტრაცული,
ყველაფერი ის,
რისი კეთებაც ჩვენგან იმ ძალისხმევას მოითხოვს,
რომელიც გვემძიმება.
იცოდი, რომ ნებისმიერი ქმედება,
ან უმოქმედობა შეიძლება იქცეს ძალადობად?
როდესაც ურთიერთობებზე ყვები,
ყვები როგორია სხვა,
მაგრამ გავიწყდება მოყვე იმაზე,
როგორი ხარ შენ.
როდესაც დაფიქრდები,
როდესაც გაბედავ საკუთარი თავი,
საკუთარი დაბინდული მზერის მიღმა დაინახო,
მიხვდები, რომ ყველაზე მთავარი ისაა,
ვინ ხარ,
ვინ იყავი,
ან ვინ იქნები.
როდესაც ადამიანებს ადამიანებზე უყვები,
როდესაც ურთიერთობებზე ფიქრდები,
იყავი გულწრფელი,
არა მათ,
არამედ შენ გამო.
ნუ დააბნევ შენ თავს დეზინფორმაციით,
აღიარე, როცა იგრძნობ,
რომ თავს კარგავ,
ხდება ხოლმე,
მთავარია გულწრფელობა არ დაკარგო.
გულწრფელობა ის გზაა,
რომლითაც საკუთარ თავთან დაბრუნებას,
ჯოჯოხეთიდანაც კი შეძლებ.
ნუ ეცდები ადამიანებს შენი არსებობა დაუმტკიცო,
პირიქით ადამიანებს მათი არსებობის მტკიცებულება მიეცი.
ბოლოს კი,
როდესაც შეწყვეტ სხვებისთვის ან საკუთარი თავისთვის ნებისმიერი რამის მტკიცებას,
შეძლებ გახდე ის,
ვინც ყოველთვის იყავი,
გულწრფელად შეყვარებული.
გახსოვდეს,
გულწრფელობა ის გზაა,
რომელიც სახლში ყოველთვის დაგაბრუნებს.
გახსოვდეს,
მნიშვნელობა არ არსებობს,
თუ თვითონ არ შექმენი.
გახსოვდეს,
ჯოჯოხეთი სხვები არ არის,
ჯოჯოხეთი შენ ხარ მაშინ,
როცა გულწრფელობას კარგავ.