გვერდი

22 April 2022

 ნოემბრის ბოლო საათია,

ხვალ ადრე უნდა ადგე,
იმეცადინო და სამსახურში წახვიდე.
ნოემბრის ბოლო საათია,
გეჩქარება,
უნდა დაიძინო,
რომ ადრე გაიღვიძო,
იმეცადინო,
იმუშაო,
ახალი პირადობის მოწმობა აიღო.
ნოემბრის ბოლო საათია,
ხვალ ლამაზად უნდა ჩაიცვა,
თვალებიც შეიღებო,
ახალი პირადობის მოწმობისთვის სურათი გადაიღო,
(შეეცადო ლამაზი იყო)
და სახელმწიფოს დაუდასტურო,
ან სახელმწიფომ დაგიდასტუროს,
რომ არსებობ.
არსებობ შენ,
საქართველოს მოქალაქე პირადი ნომრით N2000...
ნოემბრის ბოლო საათია,
გეჩქარება თუ გაგვიანდება?
გააჩნია საიდან დაიწყებ მოძრაობას.
ხვალ ჩვეულებრივი დღე გათენდება,
ოღონდ დეკემბერის,
ახლა კი ნომებრის ბოლო წუთებია,
ითვლი,
მარტოობას ცივ საწოლში უწვები,
და სიცივით ითბობ გაყინულ ხელ-ფეხს.
წელს თუ კარგი გოგო იყავი,
ნოემბერი დაგასაჩუქრებს ახალი სიბრძნით,
რომ შემდეგი წლისთვის სიცოცხლის კიდევ ერთი თავი დაწერო.
ნოემბრის ბოლო წუთებია,
წელს კარგი გოგო იყავი?
წელს ისწავლე,
რომ გაქვს უფლება არ იყო კარგი,
არ იყო საყვარელი,
არ იყო საჭირო,
არ იყო...
გაქვს უფლება არ იყო,
დაემალო სამყაროს და ხანდახან საკუთარ თავსაც.
ნოემბრის ბოლო წუთებია,
წელს იყავი,
წელს ვერ ისწავლე,
წელს ვერ გაიგე,
წელს დაკარგე,
წელს დაგკარგეს,
წელს დაიკარგე,
წელს კინაღამ...
კინაღამ არ ითვლება.
ნოემბრის ბოლო წუთებია.
ნომებრის ბოლო საღამოა,
წუთებს ითვლი,
იხსენებ,
ძაღლი ყეფს,
მარტოობასთან სარეცელს იყოფ,
ცდილობ, რამე მაინც იგრძნო,
თითქოს საკუთარ თავს კარგავ,
მაგრამ როგორ დაკარგავს იმას,
რაც არასოდეს გიპოვია?
ნოემბერი უკანასკნელ წუთებს ითვლის,
ფიქრის დრო არ გაქვს,
ხვალ ადრე უნდა ადგე,
იმეცადინო,
იმუშაო,
ახალი პირადობის მოწმობა აიღო,
საკუთარი თავი სიჩქარეში დაკარგო,
და ოპტიმიზმით სავსემ,
იმედი იქონიო,
რომ ქუჩაში გასაღებივით დაგდებულ შენ თავს,
ვინმე შეამჩნევს და დაგიბრუნებს.
ხვალ ნოემბერი აღარ გათენდება,
მაგრამ ყველაფერი იმდენად ძველებურად იქნება,
ვერც კი შეამჩნევ,
რა დროა.
ვერც კი შეამჩნევ,
რომ ცხოვრება გადის,
ისე ძველებურად,
ისე ჩვეულებრივად,
როგორც ყოველთვის.
23:48 წუთია,
30 ნოემბერი,
2021 წელი.
Carpe Diem.
ახალი მცნება ასეთია:
ან ყველა წამი დასაჭეირია,
ან არც ერთი.
როცა ნოემბერში დაიძენებ და დეკემბერში გაიღვიებ,
არ დაგავიწყდეს,
მოხსენი ფილტრი ცხოვრებას.
,,შესაგროვებელი" მომენტებისთვის ცხოვრება ნამდვილი არ არის,
ცხოვრობ მაშინ,
როცა შეგიძლია ყველა მომენტი შეაგროვო,
ყველა წამი გამოიზოგო,
ყველა წამი დაიჭირო,
გახსოვდეს,რომ ბედნიერების წამიც წამია,
გახსოვდეს, რომ უბედურების წამიც წამია.
(მერე რა თუ საუკუნედ გეჩვენება)
და გახსოვდს,
რომ ცხოვრება არჩევანია არაფერს და ყველაფერს შორი.

No comments:

Post a Comment