გვერდი

23 November 2021

***

თუ გინდა თავისუფლების ატომებით გაივსო ფილტვები,
ოცნებები, იმედები და სურვილები,
რომელიმე ძველისძველ სასაფლაოზე უნდა წაიღო
თვალახვეულმა,
და ისე ღრმად დამარხო,
რომელიღაც 2 საუკუნის წინ
გარდაცვლილის ძვლებთან ერთად,
რომ ვეღარასოდეს ამოაღწიონ იქიდან.
ადგე მიწიანი ხელებით,
ახევეული თვალებით,
ცარიელი თავით,
და სულ სხვა გზებით დაბრუნდე უკან.

მოდიოდე საფლავების სუნით გამძღარი,
და გრძნობდე,
როგორი მსუბუქია არსებობა მაშინ,
როცა აღარაფერს დაიტოვებ,
რისიც გწამს.

მოდიოდე მიწის სუნით
გაჟღენთილი,
და გრძნობდე,
როგორი მსუბუქია არსებობა მაშინ,
როცა სურვილები აღარ გრჩება.
როცა შეგიძლია ადგე და უბრალოდ ისუნთქო.

რაში გჭირდება გრავიტაცია,
რაში გჭირდება მიზანი,
რაში გჭირდება რწმენა.
ნეტარია ის, ვისაც არ სწამს,
ნეტარია ის, ვისაც შეუძლია ურწმუნობით გათამებულმა,
თავისუფლების ჭაობში ჩაყვინთოს,
და იქიდან ხავს მოკიდებული თვალებით ამოყვინთოს,
და ბაყაყების ყიყინს ააყოლოს,
ცხოვრების უმიზნობაში გადაზრდილი ურითმობა.

ნეტარია ის,
ვინც თავისუფალია აზრისგან,
რომ სამყაროს გადარჩენა სჭირდება.
ნეტარია ის, ვინც თავისუფალია აზრისგან,
რომ დასაღუპად განწირული
სამყაროს გადარჩენა შეუძლია.
ნატარია ის,
ვინც იცის,
რომ დაჭაობებული თვალებს,
არაფერში სჭირდებათ დანახვის უნარი.
ბრმამ უნდა მიიღოს სიბრმავე,
როგორც საჩუქარი,
და თუ სიმწვანის მიღმა,
მაინც გააღწევს სინათლის სხივი,
უნდა ადგე და შავი სახვევით აიხვიო თვალები,
ისე მჭიდროდ, რომ ვერც სინათლემ შეაღწიოს შიგნით
და ვერც ცრემლმა გამოაღწიოს გარეთ.

დიახ, რაში გჭირდება სიმართლე,
თუ მაინც არ არსებობს?
რაში გჭირდება ცოდნა,
თუ მაინც ყოველი ახალი აზრი,
უაზრობასთან დასაკავშირებელი გზის მონაკვეთია?

თუ გინდა გათვისუფლდე,
დაივიწყე ყველაფერი,
რაც აქამდე გამოიგონე.
დადექი და ისუნთქე,
მეტი არაფერია აქ,
ჟანგბადით და გრავიტაციით გატენილი სივრცის გარდა.
უწონადობის და უჟანგბადობის უუნარობას,
არაფერი კარგი არ მოაქვს.
არაფერია აქ მეტი.
არაფერია აქ საფიქრი,
არაფერია აქ საოცნებო,
ყველაფერი უკვე მოხდა,
ყველაფერი უკვე შეიქმნა,
შენ უბრალოდ იდექი და ისუნთქე.

ნეტარია ის, ვისაც არ სწამსს,
და თავისუფალი.
სხვებმა იფიქრონ
სხვებმა დაიჯერონ,
სხვებმა იოცნებონ,
სხვებმა შეიყვარონ,
შენ იდექი და ისუნთქე,
თავისულების ატომებით გაივსე ფიტვები,
და არ დაიჯერო არაფერი.
რაში გჭირდება რწმენა?
რწმენა შიშია,
შეცდომებიის, იმედგაცრუების, უსიყვარულობის შიში.

წადი დამარხე საკუთარი შიშები,
გათავისუფლდი სიკვდილისგან ან სიცოცხლისგან.
აირჩიე...

შენ დაიბადე ნახევრად ცარიელი
და ნახევრად სავსე,
შეგიძლია ბოლომდე დაიღვარო,
ან ბოლომდე აივსო.
აირჩიე...
ნეტარ არიან მორწმუნენი?