0
რა ემართება ენერგიას,
რომელიც გამომუშავდება,
მაგრამ არ იხარჯება?
არსებობს ატომური ელექტროსადგურები,
არსებობს შავი ხვრელები,
ვარსებობთ ჩვენ.
ვარსებობ მე,
არსებობ შენ,
არსებობს ის,
ვარსებობთ ჩვენ.
ვიცით, რომ ოდესმე არსებობას შევწყვიტთ,
მაგრამ მაინც ჯიუტად ვამტკიცებთ,
რომ ენერგია მუდმივია,
ოღონდ მხოლოდ ჩაკეტილ სისტემაში.
აქ კი ღია სისტემაში,
რომელიც შეიძლება სულაც ჩაკეტილი აღმოჩნდეს,
ენერგია გამომუშავებადი, ამოწურვადი და გარდაქმნადია.
მისი ნდობა არ შეიძლება.
ენერგია მუდმივია,
ნიშნავს, რომ ის არ ქრება,
უბრალოდ ფორმას იცვლის,
ისიც მხოლოდ მაშინ,
თუ გარე ძალების ზემოქმედებისგან დავიცავთ.
მაგრამ თუ მისი ცნობა უკვე შეუძლებელია,
თუ კავშირი სამუდამოდ წყდება,
რა აზრი დევს ენერგიის მუდმივობაში?