გვერდი

11 March 2024

 

როდის ხდება ადამიანი ვინმე?

როცა შვილს აჩენ,

იცი რომ უკვე დედა ხარ,

მაგრამ ეს ცოდნა ოფიციალური და ბუნდოვანია,

აბსტრაქტული და შიშნარევი.

როცა ბარტყივით აჭყლოპინებული ერთიციდა არსება,

პირველად და გაჭირვებით დაგიძახებს,

დედა,

მხოლოდ მაშინ ხდები დედა.

ბგერების ეს მარტივი კომბინაცია ბგერის სიჩქარით კი არა,

სინათლის სიჩქარით მოივლის ამ და სხვა დანარჩენ სამყაროებს,

მერე შენთან ბრუნდება

და

ყურის გავლით შენს ყველა ფიზიკურ,

თუ მეტაფიზიკურ უჯრედამდე მიაქვს ცოდნა,

რომელმაც შეიძლება ჭკუიდან შეგშალოს.

როდის ხდება ადამიანი ვინმე?

როდის ხდება ადამიანი შეშლილი?

....

როცა დიდი ხნის მანძილზე,

საკუთარ თავს იმაში არწმუნებ,

რომ არავინ ხარ,

მაგრამ მოულოდნელად,

არსაიდან ჩნდებიან ადამიანები,

რომლებიც სპეციალურად შენთვის,

შენი ვერაღიარებული და ვერმიღებული თავისთვის,

იგონებენ სახელებს,

წოდებებს,

მეტაფორებს,

მაშინ ხდები ვინმე?

როდის ხდება ადამიანი შეშლილი,

მაშინ,

როცა იჯერებს სხვა ადამიანებს დაძახილს,

თუ მაშინ,

როცა არავის უსმენს?

***

ბოლოს და ბოლოს,

რა ნიშნავს იყო ვინმე?

No comments:

Post a Comment