გვერდი

13 February 2020

13.02

როგორ მინდა მიყვარდე, როგორ მინდა გიყვარდე, ისე მარტივად, როგორც მზე ამოდის, და ისე რთულად, როგორც მზე ჩადის.

უბრალოდ მიყვარდე, უბრალოდ გიყვარდე, ისე, როგორც ფილმებში, მარტივად, ისე, როგორც წიგნებში, რთულად.

არადა არაფერია რთული, მაგრამ არც მარტივია არაფერი.

საღამოა, ცივა, იანვარია, იანვარი, არც მარტი და არც ნოემბერი, უბრალოდ იანვარია და მე ხერხემალი მეყინება, მეტი არაფერი, ვგრძნობ როგორ მისდევს ჩემ სხეულს ზოლად სიცივე, ისე თითქოს ჭიანჭველები დამადიან გარკვეული ტრაექტორიით, ისე თითქოს ჭიანჭველებმა იციან, სად მიდიან.

ვგრძნობ შეციებული ჭიანჭველების მოძრაობას საკუთარ უგრძნობ სხეულზე, და მიკვირს, საიდან მოდის ეს სიცივე? და რას ნიშნავს, როცა ადამიანს ხერხემალი ეყინება? საიდან მოდის სიცივე, და რა უნდა?

ხერხემალზე ჭიანჭველები მალებს ითვლიან, ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ, არ...

ხერხემალზე ჭიანჭველებს ვითვლი, მიყვარს, არ მიყვარს, მიყვარს, არ... და მახსენდება, რომ ორი ურყოფითობა, დადებითობას გვაძლევს. აი სად გვადგება ცოდნა, რომლიც გვეგონა, რომ არ გვჭირდებოდა. და მახსენდება, რომ საჭირო დროს და საჭირო ადგილას, შეგვიძლია წარმოსახვას დავუთმოთ ასპარეზი,

შეგვიძლია შევქმნათ, შეგვიძლია ავაშენოთ, შეგვიძლია შევიყვაროთ, შეგვიძლია გამოვიგონოთ, შეგვიძლია მივიტყუოთ, შეგვიძლია დავანგრიოთ, შეგვიძლია გავანადგუროთ, შეგვიძლია შეგვეძლოს ყველაფერი, შეგვიძლია არ შეგვეძლოს არაფერი, მითუმეტეს თუ არაფერი ყველაფერია, და ყველაფერი არაფერია.

მე მიყვარს, მას არა. მას ვუყვარვარ, მე არა. მე ვარსებობ, შენ? შენ არსებობ, მე? არსებობ, არ არსებობ, არსებობ.. ვარსებობ, არ ვარსებობ, ვარსებობ.

რას გვაძლევს ორი დადებითობობა?

ხერხემალი გათბა, ჭიანჭველები დაიფანტნენ, ახლა მე ვფიქრობ, და ვცდილობ გრძნობები გამოვიწვიო, ვცდილობ მეტკინოს, ვცდილობ ვიგრძნო, ვცდილობ მიყვარდე, ვცდილობ ვიცოცხლო, ვცდილობ სიცოცხლე გამოვიწვიო. და ყურში ჩამესმის მათემატიკის მასწავლებლის სიტყვები, მინუსი მინუსი პლუსია, პლუსი და პლუსიც პლუსია.

ცხოვრება ზოგჯერ ელემენტრაულია, როგორც ფიზიკა და მათემატიკა, უნდა დაიზეპირო მარტივი ფორმულები, და თუ დაზეპირება არ შეგიძლია, უნდა ადგე და საკუთარი, ახალი ფორმულები გამოიგონო. მაგალითად, როცა სხეულზე მოქმედი ძალები მოდულით ტოლია, და მიმართულებით საპირისპირო, სხეული უძრავია. სიყვარული=უსიყვარულბა.

სიცოცხლის პირველი და ერთადერთი კანონის თანახმად,
ცოცხალი სხეულები უნდა მოძრაობდნენ!

No comments:

Post a Comment