გვერდი

11 March 2024

 

0

რა ემართება ენერგიას,

რომელიც გამომუშავდება,

მაგრამ არ იხარჯება?

არსებობს ატომური ელექტროსადგურები,

არსებობს შავი ხვრელები,

ვარსებობთ ჩვენ.

ვარსებობ მე,

არსებობ შენ,

არსებობს ის,

ვარსებობთ ჩვენ.

ვიცით, რომ ოდესმე არსებობას შევწყვიტთ,

მაგრამ მაინც ჯიუტად ვამტკიცებთ,

რომ ენერგია მუდმივია,

ოღონდ მხოლოდ ჩაკეტილ სისტემაში.

აქ კი ღია სისტემაში,

რომელიც შეიძლება სულაც ჩაკეტილი აღმოჩნდეს,

ენერგია გამომუშავებადი, ამოწურვადი და გარდაქმნადია.

მისი ნდობა არ შეიძლება.

ენერგია მუდმივია,

ნიშნავს, რომ ის არ ქრება,

უბრალოდ ფორმას იცვლის,

ისიც მხოლოდ მაშინ,

თუ გარე ძალების ზემოქმედებისგან დავიცავთ.

მაგრამ თუ მისი ცნობა უკვე შეუძლებელია,

თუ კავშირი სამუდამოდ წყდება,

რა აზრი დევს ენერგიის მუდმივობაში?

 

 

ამინდის ბრალია

ლობიო დუღს,

პირში ბავშვობის გემოს გრძნობ,

ტყემლიანი ლობიოსი.

გახსოვს,

როგორ იჭედებოდა კომშის ხის ტოტებში ყინვა?

ბეღურები კი დღესაც ერთგულად დახტუნავენ ტოტიდან ტოტზე,

ოღონდ ამჯერად სხვების დაყრილ ნამცეცებს კენკავენ,

და არა იმას,

რომელიც შენ გამოსტაცე დაობებულ სიღარიბეს.

უკვე იმდენი წელი გავიდა.

ამინდის ბრალია,

დრო და სივრცედაკარგული რომ ვერ იაზრებ,

ვინ ხარ,

ან რატომ.

ყინვა გეჭედება ძარღვებში,

გახსოვს როგორი გრძნობაა,

როცა სახლში ხარ,

სადაც თბილა და საკუთარი თავის ცნობა შეგიძლია?

უკვე იმდენი წელი გავიდა,

ფესვებდამპალი და ტოტებდაჭრილი,

მაინც არსებობ,

იმიტომ რომ იმ ერთადერთ ყლორტს,

რომელიც ტანზე ამოგეზარდა და სულამდე გაიდგა ფესვები,

შენი ნატანჯი არსებობა ფეხქვეშ გაუგო.

ბევრი თუ ვერაფერი შეძელი,

თავი იმით უნუგეშო,

რომ უბრალოდ ყოფნაც დიდი საქმეა.

გახსოვდეს,

რომ შენი დაღუპვა,

იმ ყლორტაც დააჭკნობს.

არ შეიძლება შენი დაწვა,

სანამ ყლორტი ხედ არ იქცევა.

გახსოვდეს,

არ შეიძლება შენი დაწვა,

სანამ კუნძად მაინც გამოდგები,

რომელზეც დაღლილი მგზავრები სულს მოითქვამენ.

ამინდის ბრალია,

გაქცევაზე ოცნებით რომ აღამებ ამ დღესაც.

ლობიოს დუღს,

მარტოობის ორთქლში იხარშებით ორივე ერთად.

ამინდის ბრალია,

სულ ამინდის ბრალია ყველაფერი.

ახლა თავს ირწმუნებ,

რომ მზიან ამინდში,

სახლი აღარ დაგესიმზრება,

აღარ დაგესიზმრება ცხოვრება,

რომელიც ვერასოდეს იქნება შენი.

ზოგს გამარჯვება აკმაყოფილებს,

ზოგს მონაწილეობაც ჰყოფნის,

შენთვის კი ყველაფერი ისეთი ძნელია,

ისეთი ძნელია იყო გამარჯვებული და დამარცხებული ერთდროულად,

ისეთი ძნელია იყო უფორმო,

ამ ფერად-ფერადი ყალიბებით სავსე სამყაროში,

რომ სწორედ ამიტომ,

ეს ცხოვრება ვერასოდეს გახდება შენი.

ისღა დაგრჩენია,

სხვების განათებულ ფანჯრებს აწყლიანებული თვალებით უყურო,

და წარმოიდგინო ცხოვრება,

რომელიც ვერასოდეს იქნება შენი.

ამინდის ბრალია,

ამინდის ბრალია ყველაფერი.

 

ადამიანი მარტო აზრი არ არის,

არ შეიძლება გიყვარდეს ადამიანების აზრები,

და გძულდეს ქმედები.

ძირითადად ასე ხდება,

ჩვენ ვამბობთ ერთს,

და ვაკეთებთ მეორეს

ამიტომ ასეც ხდება,

შეიძლება გიყვარდეს ადამიანის სიტყვები,

მაგრამ არ გიყვარდეს ადამიანი.

ადამიანი თუ მხოლოდ სიტყვა იქნებოდა,

აღსრულებას მოკლებული,

მე შენ მეყვარებოდი.

ადამიანი თუ სიტყვა იქნებოდა,

ქმედები გარეშე,

ამ შემთხვევაშიც მეყვარებოდი.

თუ სიტყვები საკმარისი იქნებოდა,

ჩვენ ერთმანეთი გვეყვარებოდა.

მხოლოდ სიტყვები თუ გვეყოფოდა,

ყოველგვარი ქმედებით დამტკიცების გარეშე,

თუ არ მოვთხოვდით ერთმანეთს საგმირო საქმეებს,

ერთგულებას,

მხარდაჭერა,

ლხინის და ჭირის გაზიარებას,

მაშინ ჩვენ ერთმანეთი უპირობოდ გვეყვარებოდა.

ვიქნებოდით უწონადო სუბსტანციები,

რომელთათვისაც დრო და სივრცე სულ ერთია.

და ვიქნებოდით სიტყვებად დახურდავებული,

გახუნებული გრძნობების გასაქარობად განწირული ჩრდილები.

თუ მეყვარებოდი,

მეყვარებოდა შენი აზრები,

მაგრამ აქ და ახლა,

როცა ქმდებებმა სიტყვები დუელში გამოწვიეს,

და სასიკვდილოდ დაჭრეს,

როგორ გავბედავ შეყვარებას,

მითუმეტეს შენსას?

 

მალე დაიბადები,

მოუსვენრად წრიალებ ვიწრო საშვილოსნოში

და ცდილობ გაიხსენო,

როგორ მოხვედი აქამდე.

ყოველ ჯერზე,

როცა ჭიპლარი ყელზე მჭიდროდ გეხვევა,

ფიქრობ,

რომ ეს ბოლოა,

რომ მალე გალურჯდები,

და ყველაფერს გახრწნი,

რაც შენს გარშემოა.

მაგრამ...

ჭიპლარი გრძელია,

უსასრულოდ გრძელი,

უბრალოდ შეგრძნება,

რომ ის გაწყდება და შენ არსებობას შეწყვეტ,

გამშვიდებს.

ამბობენ,

რომ მხოლოდ ერთი გზააა,

უნდა გაუძლო და გაძვრე,

საკუთარ თავზე და ტკივილებზე გაიმარჯვო,

მაშინ შეგეძლება თვითონ ისუნთქო,

ღრმად და იქ,

სადაც გინდა.

და შენ გადაწყვიტე დღეს დაიბადო,

შენ გაბედე,

ან დანებდი,

გარდაუვალია,

ოდესმე მოგიწევს შენით ისუნთქო.

ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი გზაა,

მაგრამ შენ არ გჯერა.

ახლა დრო გაქვს იფიქრო,

დრო ყოველთვის გქონდა.

ხანდახან გეჩვენებოდა,

რომ ის გაჩერდა,

ან ისე აჩქარდა ვეღარ გრძნობდი მისი

და სივრცის არსებობას,

მაგრამ...

მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს,

ახლა, აქ, ამ სიბნელეში და სივიწროვეში,

არეული ფიქრების კორიანტელით გამოწვეული შეგრძნებები,

განწირულნი არიან.

დღეს შენ დაიბადები,

დღეს შენ ეცდები დაივიწყო,

რა იყო მანამდე.

ახლა კი ფიქრობ,

რატომ გადაწყვიტე დაბადება,

და ვერ იხსენებ.

ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი გზაა,

მაგრამ შენ არ გჯერა.

ჭიპლარი გრძელია,

შენი სამყარო პატარა,

შენ კი ყოველთვის მეტი გინდოდა.

იმაზე მეტი,

ვიდრე ეს ბნელი და სველი ბუდეა.

შენ ყოველთვის მეტი გინდოდა,

იმაზე მეტი,

ვიდრე ეს ჭიპლაზე დამოკიდებული არსებობაა.

შენ ყოველთვის მეტი გინდოდა.

დღეს კი გადაწყვიტე,

რომ კმარა.

საკმარისია ლოდინი.

საკმარისია,

იმის ლოდინი,

როდის მოგიჭერს ჭიპლარი ყელზე ისე,

რომ სხეული გაგეყინოს,

და სიცოცხლეზე ფიქრი გაიძულოს.

დღეს გადაწყვიტე,

რომ სხვა გზაც არსებობს,

ის გზა,

რომელზეც არავის გაუვლია.

დღეს დაიბადები,

ჭიპლარს საკუთარი კბილებით გადაღრღნი,

გაახელ ერთმანეთზე წამწამებით მიწებებულ ქუთუთოებს,

და ბოლოს და ბოლოს შეძლებ იტირო,

იტირო მთელი შენი გალურჯებული და აცახცახებული სხეულით.

ბოლოს და ბოლოს შეძლებ ჟანგბადით გაივსო შეკუმშული ფილტვები.

ბოლოს და ბოლოს შენ დაიბადები,

იმის იმედით,

რომ სიკვდილი ყოველთვის შესაძლებელია.

მანამდე კი იმდენი გზაა,

სიცოცხლიდან სიკვდილში მიმავალი

და პირიქით,

რომ დროა დაიწყო შენით სუნთქვა.

დროა ჭიპლარი საკუთარი კბილებით დაღრღნა,

დროა გათავისუფლდე,

თუნდაც იმისთვის,

რომ დაიკარგო.

დღეს შენ დაიბადები

 

 

როცა დაბერდები,

როცა ამბიციები ჩაცხრება,

როცა გარდაცვალებასთან უფრო ახლოს იქნები,

ვიდრე დაბადებასთან,

დაჯდები მშვიდად,

დამჭკნარ ხელისგულზე წაიკითხავ,

შენს ჩავლილ ცხოვრებას.

ვნებების სიმძაფრე ვეღარ აგიჩქარებს,

ძარღვებში ბლანტად მდინარე ქოლესტერინით გაჯერებულ სისხლს.

შიშიც ისეთ შორეულ და ბუნდოვან მოგონებად იქცევა,

როგორიც დედის აკანკალუბული ნიკაპია.

სულ სხვა ფერი ექნება სამყაროს,

როცა გეცოდინება,

რომ დღეებმა უკუთვლა დაიწყეს.

სულ სხვა ფერი იქნება სამყარო,

როდესაც დანებდები დინებას,

და გეცოდინება,

რომ მეტი აღარაფერი მოხდება.

ისტორიის უკანასკნელი ფურცლები,

შენი განწირული მცდელობის გარეშე,

შენგან დამოუკიდებლად დაიწერება.

აღარ იქნება საინტერესო,

რა მოხდება,

მხოლოდ იმაზე ფიქრში გაატარებ გრძელ საღამოებს,

რაც მოხდა,

ან რაც შეიძლება მომხდარიყო.

მაგრამ მნიშვნელოვანი აღარაფერი იქნება.

ჩაიში შაქრის ნატეხებთან ერთად ვერახდენილ,

ფერად ოცნებებს ჩაიყრი,

ხმაურიანად მოურევ,

და კიდევ უფრო ხმაურიანად მოხვრეპ ნიჰილიზმის არომატით სავსე ყლუპებს.

მნიშვნელობა აღარ ექნება,

რომ მწვერვალები ვერ დაიპყარი,

ვერ შეცვალე სამყარო,

მაგრამ იმით იქნები ამაყი,

რომ ვერც სამყარომ შეგცვალა,

ტკივილმაც ვერ მოგტეხა ჯიუტი რქები.

არც იმაზე ფიქრით დაიღლები,

ვინ ხარ,

და რისთვის მოგიწია სიკვდილმისჯილს ამ ციცაბო გზებზე,

შენზე დიდი ლოდების ზიდვა.

გეცოდინება,

რომ ყველაფერი მარტივად იყო,

უნდა გაგეძლო,

რაც შეიძლება დიდხანს.

მიხვდები,

რომ მწვერვალები თავისთვის დგანან,

შენ კი თვითონ იწვევდი საკუთარ თავს სიმაღლეების დასალაშქრად,

რომ დაგენახა იმაზე მეტი,

ვიდრე ხედავდი.

ახლა კი ხერხემალჩაზნექილი და ქედმოხრილი,

უმდაბლესი წერტილიდან ყველაზე უკეთ ხედავ სამყაროს შორეულ კიდეებს.

როცა დაბერდები,

ამბიციები ჩაცხრება,

აღარ დაელოდები,

აღარ შეეცდები.

როცა დაბერდები,

აღარ გეტკინება სულის ბნელი კუნჭულები,

როცა დაბერდები,

უბრალოდ გაცვეთილი სხეული აგიტირდება დიდი დაძინების მოლოდინში.

და როცა შიში მსუბუქად,

უკანასკნელი ამოსუნთქვასავით შეუმჩნეველად დაგიბერავს გამხდარ სხეულში,

უკანასკნელად შეეცდები,

შენი ლიბრგადაკრული,

სიკვდილმისჯილი თვალებიდან შიშის მიღმა გაიხედო,

იქნებ იპოვო,

რასაც ეძებდი.