მალე ალქაჯები ბნელი სამალავებიდან გამოვლენ,
შეგიძლია შენც შეუერთდე,მოისხი შავი მანტია,
როგორც ამბობენ შავი უხდება ბოროტებას,
ბავშვური მზერა შავად მოხატულ თვალებში დამალე,
ტუჩები მუქი ტუჩსაცხით შეიღებე,
გახდი მაცდური, თავნება, ძლიერი.
შეგიძლია შენც შეუერთდე,მოისხი შავი მანტია,
როგორც ამბობენ შავი უხდება ბოროტებას,
ბავშვური მზერა შავად მოხატულ თვალებში დამალე,
ტუჩები მუქი ტუჩსაცხით შეიღებე,
გახდი მაცდური, თავნება, ძლიერი.
გახდი ალქაჯი,
მტრობის ძაფები გააბი შენსა და კაცობრიობას შორის,
ზიზღის აბლაბუდებში გაახვიე ყველა კაცი,
მათრობელა შხამით აუვსე სიცოცხლით სავსე სისხლძარღვები,
და დააკვირდი როგორ დატოვებს სიცოცხლის წყურვილი მათ სხეულებს.
უყურე და დატკბი,
ჯოჯოხეთური ცეცხლის ალით აიბრიალე მზერა,
და ცეცხლმოკიდებულმა იცეკვე,
საკუთარ სხეულზე შეხებით იგრძენი სიცოცხლის ძალა,
იგრძენი როგორ ედება ცეცხლის მწველი ალი შენს ტერფებს,
როგორ მიიწევს წვივებიდან თეძოებამდე,
თეძოებიდან მკერდამდე,
მკერდიდან ყელამდე და
ბოლოს ისევ თვალებში ბრუნდება.
გაახილე შავადმოხატული თვალები,
მეორედ დაბადება ცაში კამარის შეკვირით აღნიშნე,
გაფრინდი,
ტყეებს, მინდვრებს და მდინარეებს გადაუფრინე,
მოუსმინე სამყაროს ჩურჩულს,
შეეხე, შეგეხოს, შეერთდით.
იგრძენი როგორ ივსები და იღვრები,
როგორ მთლიანდები,
ფეხის თითებიდან თმის ძირებამდე დავლილი სიამოვნების ტალღები ელვად დაუბრუნე დედამიწას.
როცა სიყვარულით დაღლილს
და ენერგიით სავსეს ისევ მიწისკენ გაგეპარება ყოვლისმცოდნე კუდიანის მზერა,
შეგეძლება დაბრუნდე უსაფრთხოდ.
მაგრამ შავი მანტიით ახალგაზრდა სხეული დამალე,
კუზით და კეხიანი ცხვირით შენიღბე არაამქვეყნიური სილამაზე,
არასოდეს არავის გაუმხილო ვინ ხარ,
უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა!
როცა უსაფრთხოების ყველა ზომას მიიღებ,
როცა სიბნელეში დანახვას ისწავლი,
შეძლებ უჩინარი აბლაბუდის ქსელები გააბა და დაელოდო პირველ მხვერპლს,
რომლიდანაც სიცოცხლეს გამოწურავ,
და უსარგებლოს უკან დააბრუნებ.
ყოველი ახალი კაცის უსუსურობით გამოკვებილი საკუთარი სითამამით,
უბრალო ქალიდან ალქაჯს გამოაქანდაკებ.
ღამღამობით კი როცა კაცთა მზერას რული მოერევა,
და საკუთარ თავთან მარტო დარჩები,
შეგეძელება მანტია გაიხდო,
გაათავისუფლო საკუთარი სილამაზე და ცაში აიჭრა,
ხარბად ისუნთქო,
ხმამაღლა იკისკისო,
საკუთარი არსებობით დატკბე
და ბოლოსდაბოლოს იგრძნო,
რომ ყველაფერი ხარ.
შეგიძლია იფრინო,
და ამ ფრენის სიხარული ისევ საკუთარ თავს გაუზიარო,
შეგიძლია უბრალოდ საკუთარი თავისთვის იბრწყინო,
არაფერში გჭირდება ნახევარადამიანების დაბინდული მზერის ადრესატი იყო.
რა აზრი აქვს?
მათ თვალებს მაინც არ შეუძლიათ შენი ნამდვილი სახის დანახვა.