დღე მეოთხე
მთელი დღეა წუხანდელ სიზმარზე ვფიქრობ.
ნეტავ მე ვარ ადამიანი, რომელსაც დაესიზმრა, რომ პეპელაა თუ მე ვარ პეპელა, რომელსაც ესიზმრება, რომ ადამიანია? - იკითხეს დიდი ხნის წინ.
ჰოდა მე ვფიქრობ, სიტყვებზე, კავშირებზე და ნიშანთა სისტემებზე, რომლებიც სამყაროს თავისთავოდობის მაცდუნებელი იდეისთვის მეტისმეტად ჩახლართულნი არიან.
შეიძლება შემოქმედება თავისთავადი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მას შემოქმედი სჭირდება? სიზმარი ვერ იარსებებს იმის გარეშე, ვისაც ის ესიზმრება.
სუბიექტური ჭეშმარიტებები ერთადერთი ხილული წერტილია, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ რწმენის ნაპერწკალი გააღვივოს. კაცობრიობის არსებობა კი ქვების ერთმანეთზე უსასრულოდ ხახუნის და იმედის ნაპერწკალის გაჩენის დაუსრულებელი მცდელობაა.
გრძნობებიც არც მეტი არც ნაკლები ადამიანური შემოქმედების ნაყოფია, თუ გრძნობ ესეიგი ქმნი. კავშირები არ მყარდება თავისთავად, თითის ანაბეჭდის განუმეორებლობა მინიშნებაა, შეუძლებელია ორი ადამიანის სიზმარი ერთმანეთს დაემთხვას ან ორმა ერთნაირი სიჩქარით, აჩქარებით და ძალით უხახუნოს ქვები ერთმანეთს.
ან შეიძლება ყველაფერი პირიქითაა, ახლა მძინავს და მალე გავიღვიძებ.
No comments:
Post a Comment