გვერდი

22 April 2022

 0

რა ემართება ენერგიას,
რომელიც გამომუშავდება,
მაგრამ არ იხარჯება?
არსებობს ატომური ელექტროსადგურები,
არსებობს შავი ხვრელები,
ვარსებობთ ჩვენ.
ვარსებობ მე,
არსებობ შენ,
არსებობს ის,
ვარსებობთ ჩვენ.
ვიცით, რომ ოდესმე არსებობას შევწყვიტთ,
მაგრამ მაინც ჯიუტად ვამტკიცებთ,
რომ ენერგია მუდმივია,
ოღონდ მხოლოდ ჩაკეტილ სისტემაში.
აქ კი ღია სისტემაში,
რომელიც შეიძლება სულაც ჩაკეტილი აღმოჩნდეს,
ენერგია გამომუშავებადი, ამოწურვადი და გარდაქმნადია.
მისი ნდობა არ შეიძლება.
ენერგია მუდმივია,
ნიშნავს, რომ, ის არ ქრება,
უბრალოდ ფორმას იცვლის,
ისიც მხოლოდ მაშინ თუ გარე ძალების ზემოქმედებისგან დავიცავთ,
მაგრამ თუ მისი ცნობა უკვე შეუძლებელია,
თუ კავშირი სამუდამოდ წყდება,
რა აზრი დევს ენერგიის მუდმივობაში?
ანდა, სად არის სამყაროში ადგილი,
სადაც შეუძლებლობა მითია?
სადაც გარემოს მავნე ზემოქმედებისგან დავიცავთ,
რწმენას,
სიყვარულს
და ისეთ რამეებს,
რომელთა არსებობისაც აღარ სჯერათ,
მაგრამ არსებობენ?
რა აზრი აქვთ სიტყვებს,
რომლებსაც ადრესატი არ ჰყავთ?
რა აზრი აქვთ ქმედებებს,
რომლებსაც რწმენის ნატამალი აღარ შერჩათ?
რა აზრი აქვს ენერგიის ქონას,
რომლის გამოყენებაც არ შეგიძლია?
რა აზრი აქვს ენერგიის არსებობას,
რომელიც არსაიდან არსად მიდის?

No comments:

Post a Comment