გვერდი

07 December 2020

მე შენ ვარ

 გეზიზღები?

არა, საკუთარი სრულყოფილებით აღფრთოვანებული, საკუთარ სრულყოფილ თავს, არ აკადრებ, ვინმე შეიძულო. გეცოდები? არა, საკუთარი ბედნიერებით თავბრუდახვეული, საკუთარ სიმშვიდეში ჩაძირული, არ ეცდები, ვინმე შეიბრალო. გიყვარვარ? არა, საკუთარი თავის სიყვარულში დახელოვნებული, საკუთარ თვალებში ყურებით გართული, დროს ვერ იპოვი, ვინმე შეიყვარო. თვლი, რომ შენი გზა სწორია, და ჩემი გზაა მცდარი. არავინ დაგიმტკიცებს საპირისიროს. შენი ჭეშმარიტება შენ ხარ. შენი გზები, რომლებიც გარემოებებმა შემოგთავაზეს, და რომლებზეც ასე მორჩილად დადიხარ, მაინც შენი არჩეულია. მორჩილებაც არჩევანია. თვალების დახუჭვაც. დაჭყეტილი თვალები, ცუდი სანახავია. და არც ჩემს გზებზე სიარულია სასიამოვნო, მაგრამ ესეც ჩემი არჩევანია, შეიძლება ესეც გარემოებების შემოთავაზებული. მაგრამ... სხვა განზომილებაში, შენ მე ხარ. ჩემს არასწორ გზებზე, გაფართოებული თვალებით დადიხარ. და ყველაფერს იმახსოვრებ, რომ პარალულ სამყაროში ჩემი გაგება შეძლო. სხვა განზომილებაში, მე შენ ვარ. შენს ჭეშმარიტ გზაზე ვდგავარ, და ვერ გადამიწყვეტია, თვალები გავახილო, თუ დავხუჭო. და ვხვდები, რომ პარალელურ სამყაროში, შენ მეტისმეტად მართალს, მე მეტიმეტად მტყუანს ერთნაირად გვტკივა. სამყაროებს ტკივილები აერთიანებთ, ადამიანებსაც. მაგრამ განსხვავებები, საზღვრებს ისე მკაფიოდ ავლებენ, ისეთი კონტრასტია სიკეთეს და ბოროტებას შორის, (მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთის არსებობის ვერ ვიწამე.) ისეთი კონტრასტია სინათლეს და სიბნელეს შორის, რომ შენ ვერასოდეს დაინახავ ჩემს თვალებს, შენ ვერასოდეს დაინახავ ჩემი თვალებიდან, და მიხარია. მაგრამ მე შემიძლია დავინახო, დავინახო შენი თვალებიდან. და შენ კი უნდა იცოდე, რომ სხვა მხარე, სხვა გზა, სხვა სამყარო არსებობს, მიუხედავად იმისა, გჯერა თუ არა.

No comments:

Post a Comment