გვერდი

07 December 2020

27


ჩამოდგება ხოლმე ზღვებზე სიმშვიდე, და იციან გამოცდილმა მეზღვარებმა, რომ მალე შტორმი იქნება. მეზღვაურებმა იციან, რომ გამოცდილება ძალაა, ზოგჯერ ცოდნაზე დიდი ძალაც. გამოცდილმა მეზღვაურებმა იციან, რომ ყოველი ტალღის უკან სიკვდილი იმალება. მაგრამ ამის გამო უფრო თავდავიწყებით იყვარებენ ზღვას. გამოცდილმა მეზღვარებმა იციან, რომ ყველაზე დიდი და წამლეკავი ტალღები, ყველაზე ამაღელვებელი სანახავია. და როცა ზღვებზე სიმშვიდე ჩამოდგება, მოლოდინივით. მეზღვაურები გრძნობენ, რომ მალე, რაღაც სამუდამოდ შეიცვლება. სანაპიროები შტორმის მერე, აღარასოდეს არიან ისეთები, შტორმამდე, რომ იყვნენ. გამოცდილმა მეზღვარებმა იციან, რომ უნდა მიიღონ ცვლილებები, ისე თითქოს სამყარომ მათ საჩუქარი გამოუგზავნა. გამოცდილმა მეზღვარებმა იციან, რომ უნდა მიიღონ ცვლილებები და გამოიყენონ. გამოუცდელები კი შიშნარევი მოუთმენლობით ელიან, რას მოუტანთ სიმშვიდე ან ის, რაც ამ სიმშვიდის ილუზიას მოჰყვება. შეშინებული თვალები კი, სანამ გამოცდილ თვალებად იქცევა, დრო მიდის, სანაპირო სანაპიროს ცვლის, ტალღა ტალღას. და მეზღვაურები ნაოჭდებიან. ზღვის სუნს იზელენ დაკოჟრილ ხელებში, და როცა უკვე გამოცდილებს, შიშგამქრალი თვალებიდან, შეუძლიათ ზღვის მთელი მშვენიერებით დატკბნენ, ზღვებზე სიმშვიდე ჩამოდგება, და გამოცდილმა მეზღვარებმა იციან, რომ მალე შტორმი იქნება, მათთვის უკანასკნელი შტორმი. და მოუთმენლად ელიან, როდის შეაქანებთ ზღვის გულიდან წამოსული, თევზის სუნით გაჟღენთილი ტალღა. მოუთმენლად ელიან, როდის გაიპობა ცა ელვით, ისე თითქოს სხვა სამყაროდან, ვიღაც ცდილობს შეტყობინების გამოგზავნას. მოუთმენლად ელიან, როდის შეერთდება ცა და ზღვა, ისე თითქოს საზღვრები საერთოდ არ არსებულა. და ლოდინიდან ლოდინამდე ჩამომდგარი ცხოვრება, ზღვის სუნით გაჟღენთილი და მზით დამწვარი, არაფერია, გარდა გამოცდილებიის დაგროვებისა, არაფერია, გარდა ცვილებების მიღებისა. არაფერია, გარდა აღმოჩენებისა. არაფერია, გარდა გააზრებისა. და მერე უკვე ყველაფერია, მზეა, ზღვაა, ნაოჭებია. გამოცდილმა მეზღვაურებმა იციან, იციან, როგორ უყვარდეთ ზღვა უპირობოდ. როგორ უყვარდეთ ზღვა, ზოგჯერ მოსაწყენად მშვიდი და ზოგჯერ საშინლად მღელვარე, მაგრამ ისეთი, როგორიც არის.

No comments:

Post a Comment