მერამდენედ?
რამდენჯერ შეიძლება დავუშვა,
ერთიდაიგივე შეცდომა?
უსაზღვრო შეცდომების ტყვეობაში ყოფნა,
ისეთი გრძნობაა,
როგორიც ბავშვობისდროინდელ საწოლში ძილი,
იკუნტები ემბრიონივით,
იმიტომ რომ შენ უკვე მეტისმეტად დიდი ხარ,
იმისთვის ძველებურ ხის გისოსებში დატიო გაზრდილი და დაღლილი ტანი,
გიჭერს საწოლი,
მარტო ტანზე კი არა სულზეც,
ამიტომ იკუნტები,
ცდილობ დაპატარავდე,
ცდილობ დაეტიო იქ,
სადაც შენი ადგილი აღარ არის,
და გტკივა შეკუმშული სული და სხეული,
მაგრამ უკვე ისე ხარ მიჩვეული ხის გისოსებში ძილს,
რომ გიჭირს დეფორმირებული ძვლები იმ სივრცეს მოარგო,
რომელშიც თავისუფალი იქნები.
მერამდენედ?
რამდენჯერ შეიძლება შეგეშალოს,
რამდენჯერ შეიძლება აღიარო,
მაგრამ მაინც ნაცნობი ტკივილით ცხოვრება არჩიო,
უცნობ გრძნობას.
ისევ შემეშალე?
მერამდენედ?
და მე ჩემი ბავშვობის ხის საწოლში ვწვები,
ვწვები და გისოსებს ვითვლი,
ერთი, ორი, სამი, ოთხი,
ჯერ მეტი დათვლა არ მისწავლია.
ჯერ არ გავზდილვარ ისე,
რომ თამაში შევწყვიტო და
საკუთარ თავს დაპატარებულ საწოლში ძილი ავუკრძალო.
მე ჯერ თამაში მინდა,
მინდა იმდენი ვითამაშო,
იმდენჯერ დავეცე და ავდგე,
იმდენჯერ გადავიტყაო მუხლები და სული,
სანამ ყველა თამაშს არ ვითამაშებ.
ვითამაშებ, მაგრამ ვერ ვისწავლი,
იმიტომ, რომ მე მოგებისთვის არ ვთამაშობ.
მე უბრალოდ თამაში მინდა,
ნატკენი მუხლებით სირბილში შეჯიბრი საკუთარ თავთან,
მერე რა რომ ფინიშის ხაზთან არავინ დამელოდება,
ნატკენ მუხელბზე სული რომ შემიბეროს და მაკოცოს.
სამაგიეროდ მე ისევ შემიძლია ბავშვობის ხის საწოლში ჩავწვე,
ემბრიონივით მოვიკუნტო,
მუხლები ტუჩებთან მივიტანო,
სული შევუბერო
და ჩავიჩურჩულო: გაკოცებ და აღარ გეტკინება.
მერამდენედ?
რამდენჯერ შეიძლება დავუშვა ერთიდაიგივე შეცდომა?
უსასრულოდ....
No comments:
Post a Comment