უნდა დავიჯერო,
რამე მაინც უნდა დავიჯერო. მნიშვნელობა არ აქვს რა, მთავარია რამის მჯეროდეს. უნდა დავიჯერო, რამე მაინც უნდა დავიჯერო, ცა ლურჯია? ბალახი მწვანე? ეს ყველა_ფერი ნამდვილია? უნდა დავიჯერო, რამე მაინც უნდა დავიჯერო, როდის აირია ყველა_ფერი? ერთხელ ფიზიკის გაკვეთილზე, როცა აღმოვაჩინე, რომ ფერები ილუზიის ნაწილია, ვიგრძენი როგორ დავიწყე ჰაერში რწევა, ვიგრძენი როგორ გახუნდა სამყარო, ან პირიქით ისე გაკაშკაშდა, იმდენ ფერად აელვარდა, უკვე ვეღარაფერს ვხედავდი. უნდა დავიჯერო, რამე მაინც უნდა დავიჯერო, ცა ლურჯია? ბალახი მწვანე? მაგრამ გააჩნია, მაისია, აგვისტო, ოქტომბერი, თუ იანვარი? რა დროა? რა დროა? რა არის დრო? წრეზე მოძრავი ისრებისგან გაზომილი უსასრულობა? არსებობა ან არ არსებობა როგორ უნდა გაზომო? უნდა დავიჯერო, რამე მაინც უნდა დავიჯერო. ახლა 11 საათია, ცა ლურჯია, ბალახი გაცრეცილი მწვანე, აგვისტოა, ფილტვები მტვრიანი ჟანგბადით ივსება, ისრები წრეზე დადიან. უნდა დავიჯერო, უნდა დავდგე და სწორი ხაზი გავავლო, უსაშველოდ თეთრი და უსაშველოდ სწორი, რომელზეც იქამდე ვივლი, სანამ საათის ისრები, წრეზე ბრუნვას არ შეწყვეტენ, სანამ არ დამავიწყდება, რომ დაჯერება არ შემიძლია, სანამ უსაშველოდ თეთრი, და უსაშველოდ სწორი ხაზი, ერთადერთ რეალობად არ იქცევა. რამე მაინც უნდა დავიჯერო. უნდა დავიჯერო, რომ ეს აბუსრდულად დაუჯერებელი არსებობა ნამდვილია. ცა ლურჯია! ბალახი მწვანე! რამე მაინც უნდა დავიჯერო, უნდა დავიჯერო, ყველაზე დიდი ტყუილები, რომლებსაც კაცობრიობა გადასარჩენად იგონებს. უნდა დავიჯერო, ბრმა რწმენის საჭიროება. უნდა დავიჯერო, ადამიანური სიბრძნის არსებობა, უნდა დავიჯერო, რომ შემიძლია ამ ადამიანურ სიბრძნეს ვენდო. უნდა დავიჯერო, რომ ყველა_ფერი, რასაც ვხედავ ნამდვილია. უნდა დავიჯერო, ნეტარია ის, ვისაც სწამს. იქნებ ჯოჯოხეთი უბრალოდ გიგანტური კითხვის ნიშანია? გიგანტური კითხვის ნიშანი, რომელიც ყველა ჭეშმარიტების ბოლოში, უკითხავად სკუპდება. ან სამოთხეა. რომელი დავიჯრო? ბედნიერება თუ უბედურება? სილამაზე თუ სიმახინჯე? არსებობა თუ არ არსებობა? სიცოცხლე თუ უსიცოცხლობა? უნდა დავიჯერო, ვისი ფანტაზიის ნაყოფიც არ უნდა ვიყო, რამდენად არარეალურადაც არ უნდა მეჩვენებოდეს არსებობა, მე ვარ ცნობიერება, და სადაც არ უნდა ხდებოდეს, ეს დაუჯერებლად უცნაური ამბები, მე მე ვარ, ზუსტად ასეთი, დაუჯერებლად დაბნეული, და დაუჯერებლად სასაცილო. როცა ცოდნა არ ცოდნაში გადადის, და არ ცოდნა ცოდნაში, რომელია ცოდვა?
No comments:
Post a Comment