გვერდი

07 December 2020

გეტყვი


გეტყვი დაზეპირებულ, ჩაწერილ, მილიონჯერ გამეორებულ, ბანალურად ბრძნულ სიტყვებს. სიტყვებს, რომლებიც გახუნდა, დაძველდა, ობი მოედო, მაგრამ ადამიანები იმეორებენ, იმეორებენ დაუსრულებლად, მანამ, სანამ ყველა აზრი, დრო და მიზანი, არ აერევათ. მანამ, სანამ საბოლოოდ, უიმედოდ და უგზოუკვლოდ, არ დაიკარგებიან, საკუთარ, სხვების მოგონილ, ან ღმერთის მიერ შექმნილ სამყაროში. გეტყვი, იმდენჯერ გაგიმეორებ, რამდენჯერაც ამინს იმეორებენ, რწმენას შეფარებული, ღმერთის სიტყვებმოწყურებული ადამიანები, რომლებიც ალაგებენ მძიმე ლოდებს, სიტყვების მაგივრად, და ასე სასოწარკვეთილი გზებით ცდილობენ, მიაღწიონ ღმერთამდე, რომელიც სიტყვაა. თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან. გეტყვი, იმდენი რამის თქმა მინდა და იმდენი რამის თქმა შემიძლია, აღარ ვიცი სად გავავლო ზღვარი, სხვების და საკუთარ აზრებს შორის. და ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდა, ამაღლება გარდაუვალია. აზრები ცვლიან სამყაროს, მაგრამ რომლები? ამოწერილი, გაზეპირებული, ობ მოდებული? გეტყვი, სიმართლე შორსაა. შეგიძლია ამოიწერო, დაიზეპირო და დაელოდო, როდის მოედება ობი. მაგრამ იცოდე, სიმართლე შორს იქნება, მანამ, სანამ არ შეწყვეტ, აჰყვე, დანებდე და შენს ძარღვებში შეუშვა, სხვების ბრძნული აზრების, შხამიანი ინექციები, რომლებიც კი არ გგკურნავენ, გაავადებენ, სხვების არშემდგარი ცხოვრების მძიმე მეტალებით, კვებავენ შენს ტვინს . გეტყვი, რომ არ მომისმინო მე, არ მოუსმინო სხვას, არ მოუსმინო ღმერთს. შენს თავში მოუსმინე სხვას, შენს თავში მომისმინე მე, შენს თავში მოუსმინე ღმერთს. აღმოაჩინე გზა, აღმოაჩინე შენი საკუთარი აზრები, აღმოაჩინე შენი საკუთარი მე, აღმოაჩინე შენი საკუთარი სამყარო... თუ აპირებ იფიქრო, საკუთარი ფიქრებით იფიქრე, თუ აპირებ იოცნებო, საკუთარი ოცნებები დაისახე, თუ აპირებ ვინმე იყო, საკუთარი თავი იყავი. და დაიკიდე, ჩემი და სხვისი სიტყვები.

No comments:

Post a Comment