მალე ომი იქნება,
წლების წინ დაწყებული, და ვერ დამთავრებული. ომი, რომელიც იყო, არის, და იქნება, აწდა მარადის. მალე ომი იქნება, მავთულხლართები გაივლიან ადამიანების გულებზე და თვალებზე, სისხლის ცრემლები მორწყავენ მიწებს, მიწები დაბელტდებიან, და ყველა გუთანი გატყდება, და ყველა თესლი დალპება. მიწაში გაიხარებენ ჰაერში გასროლილი ტყვიები, და სიტყვები, რომლებიც ითქვა, ვერ მიაღწევენ ყურებამდე. და ლოცვები, რომლებიც ითქვა, ვერ მიაღწევენ ღმერთებამდე. მიწაში გაიხარებენ ჰაერში გასროლილი ტყვიები. და მოისხამენ ნაყოფს, რომელიც ძალაუფლების სუნად ყარს. მალე ომი იქნება, საუკუნეების წინ დაწყებული, და მარადიულად გაგრძელებული. მალე ომი იქნება, მალე ჯარისკაცები, რომლებმაც პირველად ნახეს იარაღი, ჰაერში გაფანტულ ტყვიებს შეუშვერენ მკერდებს, და საკუთარი ხელით გათხრილ საფლავებში ჩაწვებიან. მალე ომი იქნება, მე ავდგები და წითელ კაბას ჩავიცვამ, და ჰაერში მოლივლივე ტყვიებს მკერდს შევუშვერ, და საფლავს საკუთარი ხელებით გავითხრი. მალე ომი იქნება, მალე იარაღს აისხამენ და ჰაერში ისვრიან, ილივლივებენ ჰაერში ტყვიები, და სადღაც შენ მოკვდები, და სადღაც მამა მოკვდება, და სადღაც დედა მოკვდება, და სადღაც შვილი მოკვდება, და სადღაც მე მოვკვდები. მიწაში ტყვიები გაიხარებენ და მოისხამენ სისხლით გაჟღენთილ ნაყოფს, რომელსაც მერე ნაომარ მიწაზე, მშიერ ხალხს დაურიგებენ, სიკეთის და სიყვარულის ნიშნად. ნიშნად იმისა, რომ სამყარო სავსეა სიყვარულით. სამყარო სავსეა სიყვარულის ტყვიებით, რომლებიც დალივლივებენ ჰაერში და ელოდებიან მათთვის შეშვერილი მკერდების ჯარს. მალე ომი იქნება. მალე პატარა გოგოები ელვის სისწრაფით იქცევიან ქალებად, მალე პატარა ბიჭები ელვის სისწრაფით იქცევიან კაცებად, მალე ქალები და კაცები ელვის სისწრაფით იქცევიან გვამებად. მალე ომი იქნება, და ტყვიების ზუზუნში მოყოლილი ზღაპრები, ზღაპრებად დარჩება. მალე ბავშვები ვეღარ დაიჯერებენ საკუთარ ბავშობას, მალე კეთილები ვეღარ დაიჯერებენ საკუთარ სიკეთეს, მალე მლოცველები ვეღარ დაიჯერებენ ლოცვის ძალას, მალე მორწმუნეები ვეღარ დაიჯერებენ ღმერთის არსებობას. მალე ომი იქნება, და სამყარო ფერს იცვლის, მე ვეღარასოდეს ვიქნები ბავშვი, მე ვეღარასოდეს ვიქნები კეთილი, მე ვეღარასოდეს ვიქნები მლოცველი, მე ვეღარასოდეს ვიქნები მორწმუნე. მალე ომი იქნება, მალე საფლავს საკუთარი ხელებით გავთხრი, და ოცნებებს, და იმედებს, და რწმენას, დასახიჩრებულ, გაციებულ, სისხლისგან დაცლილ გვამებთან ერთად დავმარხავ. და ვიდგები ნახევრად ცოცხალი, და ნახევრად მკვდარი, სისხლიანი მიწით სავსე ფრჩხილებით, და დაჯერება გამიჭირდება, რომ ადამიანი ვარ. და დაჯერება გამიჭირდება, რომ ზოგი ტყვია, რომელიც ჰაერში სიკეთის და სიყვარულის სახელით ლივლივებს, პირდაპირ თუ არა ირიბად, მე ვისროლე, და შენ ისროლე. მიუხედავად იმისა რომ, იარაღის ჭერა არც ერთმა არ ვიცით.
No comments:
Post a Comment