ხეებად დაწყობილ,
სიზმრების მწკრივში,
სადაც ფოთლების შრიალში ჩაძირული,
მწვანე ბალახის სუნით გაჟთენთილი,
ჩიტების ჟღურტულით გავსებული სამყარო,
მიწაზე წევს
და საკუთარი ახლადნაწვიმარი სხეულის სურნელით ტკბება,
მე ვიღვიძებ,
მე ვფხიზლდები,
ჩემი თვალებიდან საუკუნოვან მტვერს ვიყრი,
და ვსუნთქავ.
ტყეში,
აშრიალებული ფოთლების ჩურჩულში,
სადაც ხეები სიზმრებივით,
უცნაურ კავშირებს აბამენ, სიფხიზლე ისეთვე არარეალურია,
როგორც სიზმარი,
სიზმარი კი რეალობის საზღვრებს ამსხვრევს,
პირველყოფილი ამბები,
ცოცხლდებიან და შიშვლდებიან.
ტყეში სამყარო ცდილობს,
მოგიყვეს ამბები,
ცდილობს გაგაგებინოს ენა,
რომელიც დაგავიწყდა.
ტყეში,
ხეების ცასთან შეხების ყურებით გართულს,
ნიავდაბერილი თმების და
ფოთლების შრიალით
მოყოლილი ამბებით გაოცებულს,
შეიძლება მივეჩვენოს,
რომ შენი კანიც მერქანია,
რომ მალე ფესვებს გაიდგამ,
რომ მალე შენი ტოტები ცას მისწვდება.
იდგები მზეში და წვიმაში,
იდგები ვარსკვლევიანი ცის ქვეშ,
და იოცნებებ,
და დაელოდები მგზავრს.
მგზავრს, რომელიც შენ ფოთლების შრიალში,
შეძლებს ამოიცნოს საიდულო ჩურჩული,
შეძლებს გაიხსენოს საუკუნეების წინ დავიწყებული ენა,
რომ მერე შენთან ერთად გაიდგას ფესვები,
რომ მერე შენთან ერთად მისწვდეს ცას,
რომ მერე შენთან ერთად იდგეს ვარსკვლავიანი ცის ქვეშ.
ტყეში,
ხეობიდან დაბერილი,
აჩრდილებით გავსებული ქარები,
ყვებიან ზღაპრებს სამყაროზე,
და გჯერა.
ტყე ის ადგილია,
სადაც შეგიძლია ყველა ზღაპარი დაიჯერო,
ტყე ის ადგილია,
სადაც ალქაჯები და დევები ადამიანებზე რეალურები ხდებიან,
ტყე ის ადგილია,
სადაც შეიძლება დაიკარგო,
და მერე აღმოაჩინო,
რომ არსად არ წასულხარ,
არსად არ დაკარგულხარ,
მიწაში ღრმადგადგმული ფესვებით დგახარ,
და აშრიალებული ფოთლებით,
არარსებულ ცხოვრებას,
არარსებულ ადამიანებს,
არარსებულ სამყაროებს
იგონებ.
აშრიალებ ფოთლებს,
და დაუსრულებლად ყვები ამბებს,
საუკუნეების წინ დავიწყებულ ენაზე,
რომელზეც აღარავინ ლაპარაკობს,
მაგრამ მოგისაჯეს, დაუსრულებლად მოყვე,
დაუჯერებელი ამბები გაუგებარ ენაზე,
და ვერასოდეს ვერავინ გაიგოს,
შენი ნათქვამი ვერც ერთი სიტყვა.
ტყე კი ის ადგილია,
სადაც ხევში ჭინკები და ალქაჯები,
ღამღამობით იმედებით და ოცნებებით კოცონს ანთებენ,
და ცეცხლის პირას ცეკვით დაღლილები,
მიწაზე სხდებიან,
და იცინიან,
იცინიან გულიანად, ადამიანებზე,
რომლებმაც ვერ იწამეს,
რომლებმაც ვერ დაიჯერეს ,
რომ სამყარო მარტო ის არ არის,
რაც ჩანს,
რომ სამყაროს ლოგიკურ ჩარჩოებში მოქცევაზე სასაცილო არაფერია.
ტყეში ხეებმა, ალქაჯებმა და ჭინკებმა იციან,
რომ ბუნება ზოგჯერ,
ბუნების ყველა კანონის დარღვევით თამაშობს.
No comments:
Post a Comment