გვერდი

07 December 2020

დაღლა

ავდექი და დავიღალე,
შენ ვერ გამიგებ?
მე არ მესმის.
ჯერ ახლახანს გავახილე თვალი და დაღლილობამ,
ისე მომიჭირა სხეულზე,
თითქოს რამეს ვაკეთებდე.
ასეა, სიჩუმე და არაფრის კეთება ღლის, ან იმის კეთება, რასაც აზრი არ აქვს. ავდექი და დავიღალე, ნაცრისფერი დღეები უფროდაუფრო ხშირად თენდებიან. ყოველ დილა უფროდაუფრო დაღლილი იღვიძებ, არაფერს აკეთებ, არავინ არ ხარ. როგორ შეიძლება არ დაიღალო, არ დაიღალო, შენ მაგივრად და სხვების მაგივრადაც. მაგრამ ასეც უნდა იყოს, რა იცი, რომ სხვა ცხოვრება არსებობს? ცხოვრება, სადაც მსუბუქი გაიღვიძებ, და არ გეცოდინება, რა არის დაღლა. ჩვენ ვერ გავიგებთ, ჩვენ, ვინც დაღლილები დავიბადეთ, ვერასოდეს გავიგებთ, როგორია ხნავდე, თესავდე და არ იღლებოდე. ჩვენ იმდენ რამეს ვერ გავიგებთ, როგორ შეიძლება ამ ვერ გაგებამ, არ დაგვღალოს? ჩვენ იმდენ რამეს ვერ გავაკეთებთ, როგორ შეიძლება ამ უმოქმედობამ არ დაგვღალოს? ავდექი და დავიღალე, თოკი ჩამოვკიდე და ზედ ჩამოვეკიდე, რამდენი წლის ვიყავი? პირველად ათის, მეორედ თხუთმეტის. დრო გადის, ძნელია. ავდექი და დავიღალე, ვისმენდი, როგორ ტიროდნენ ჩემ დაღლილ ცხოვრებას, დავიღალე სიკვდილით, დავიღალე კონწიალით, ავდექი და გავიარ გამოვიარე. ჩვენ ვინც დაღლილები ვიბადებით და მარტოსულები, ერთმანეთს თვალებს ვარიდებთ, რომ შევძლოთ და როგორმე დავუმალოთ ერთმანეთს სიმართლე. ავდექი და დავიღალე, გულგრილობის თოკზე ჩამოვკიდე ჩემი გრძნობები, და ვუყურებდი მათ უსიცოცხლო კონწიალს. როგორც ჩამომხვრჩალი ათეისტის ნახევრად გახრწნილ გვამს შუა საუკუნეების ქალაქის მოედანზე, ისე გულგრილად უყურებდა ხალხი სანახაობას. ფიქრობდნენ, რომ ჩვენ დაღლილები ღირსები ვართ, ღირსები ვართ, რომ არ ვიცით. ღირსები ვართ, რომ მათ ვერ დავემსაგავთ. ღირსები ვართ, რომ მათ მაგივრადაც ჩვენ ვიღლებით. ავდექი და დავიღალე, დაგინახე, როგორ ამარიდე დაღლილი თვალები, მეც აგარიდე ჩემი, მაგრამ შენი წილი დაღლა ჩემ სხეულში შემოვუშვი, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ჭეშმარიტი წევრი ვარ, ჩვენი საიდუმლო საზოგადოების, რომელსაც სახელი არ ჰქვია, იმიტომ, რომ დაღლილები ვიყავით და დარქმევა დაგვეზარა. დაგინახე, როგორ აიღე თოკი, რომელიც ჩვენი ერთადერთი იარაღია, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გამოყენება აკრძალულია. მინდოდა მეთქვა, არ გინდა, სიცოცხლეც დაღლაა და სიკვდილიც. მინდოდა მეთქვა, არ გინდა, არც ისე ცუდია ყოველ დილა დანახშირებული თვალებით იძინებდე, თვალების მიწით ამოვსებას კი ყოველთვის შეძლებ. მაგრამ არ გითხარი, სიჩუმე ატომური ბომბივით ჩამოვაგდე ჩვენ შორის. და შემეცოდე, მაგრამ საკუთარი თავი უფრო შემეცოდა. ჩვენ, ვინც ვრჩებით, საცოდავად, ზამთრის ბეღურებივით აბუზულები, ვატარებთ მთელ ცხოვრებას, და ველოდებით, საკენკს როდის გადმოგვიყრიან. ჩვენ, ვინც ვრჩებით, თქვენ წილ დაღლას, თქვენ წილ ცხოვრებას, თქვენ წილ მარტოობას ჩვენ სხეულში ვიმარხავთ, და რაც უფრო ვმძიმდებით, მით უფრო გვესმის ტკივილების და არ გვესმის მოქმედებების, რომლებსაც სხვა სექტები იგონებენ, ჩვენ გადასარჩენად. მაგრამ ეს ყველაფერი, მარტო მათ გადასარჩენად მოგონილი ტყუილია. არავის არავინ ადარდებს, არავინ გადაგარჩენს, არავინ ჩამოგხსნის თოკიდან მანამ, სანამ ფართხალს არ დაამთავრებ. არავინ არ გეტყვის არც ერთ ნამდვილ სიტყვას, ილივლივებენ ჰარში სიტყვები და გრძნობები, რომლებზეც უარი თქვი. ილივლივებს ჰაერში დაღლა, რომელიც ყოველთვის მოძებნის მსხვერპლს. მაგრამ თუ გეტყვი, რომ დაღლას ვერაფერი ეშველაბა? თუ გეტყვი, რომ თოკზე ჩამოკიდებულიც იგრძნობ? თუ გეტყვი, რომ მარტო არ ხარ? თუ გთხოვ, რომ ჩემი წილი დაღლა გაინაწილო, მე კი შენსას გავინაწილებ? გაგეცინება და მეტყვი, რომ ჩემი სიტყვები ბანალურობის ცეცხლში იწვება. მე კი გიპასუხებ, რომ არ მეშინია, ვიყო ბანალური, ვიყო სულელი, ვიყო უნიჭო. როგორ შეიძლება რამის მეშინოდეს, როცა ვერც კი ვითვლი, რამდენჯერ ჩამოვეკიდე თოკზე და ჩამოვეხსენი. მაგრამ აქ ვარ, ისევ დაღლილი და ცოცხალი, ეს კი ნიშნავს, რომ მე თუ შევძელი, შენც შეგიძლია.

No comments:

Post a Comment