გვერდი

12 March 2020

✋🏻

გათენდა, გაღვიძება მტკივნეულია თითქმის ყოველთვის, მე გავუჩინარდი მზის პირველი სხივის გამოჩენისთანავე, თუ უბრალოდ შენ წახვედი?

ძალიან დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ყველა მიდის, რომ ყველა მტოვებს, ისინც კი ვინც სულ ჩემთან არიან, მეც კი გავრბივარ საკუთარი თავისგან, გულამომჯდარი და დაღლილი ვჩერდები და ვუცდი, ხან საკუთარ თავს და ხან ვიღაც სხვას, სხვას რომელიც ჩემზე დიდხანს დარჩება ჩემთან, შეგიძლია დარჩე? დარჩე მარადიულად? იმიტომ რომ ამაზე ნაკლების მიღება არ შემიძლია, არაფერი ან ყველაფერი, ოღონდ მოდი და გამაგებინე, რა განსხვავებაა არაფერს და ყველაფერს შორის, თორე ვერ გავიგე, ვერ დავინახე, ვერ დავიჯერე. მესმი, ვხედავ, მჯერა, ყველაფერი არაფრის ფერია, არაფერი ყველაფრის ფერი.

შენ ზღვარზე სიარული მოგწონს და გავიწყდება რომ ის არც კი არსებობს, არსებობა ძაფის გორგალი არ არის, რომელიც აიბურდა და უნდა გახსნა, არსებობა წრეზე სიარული არ არის, არც წრფეზე, და მითუმეტეს არც მონაკვეთზე, არასებობა არც ერთ შენთვის ცნობილ ფორმას არ გავს, ის უფორმობაა, უსახელობაა, უწესობაა, ქაოსია და ნუ ეცდები დაალაგო, თორემ საკუთარ მცდელობებში შთაინთქმები. იარე სადაც გინდა, გამოჩნდი ან დაიმალე, ვინც გინდა იყავი, იყავი მინდა, გინდა, გვინდა და უნდა.

როცა დაღლილი ვარ ეს მარადიულად გრძელდება, ვჩერდები და გიცდი, ვიცი, ეს ლოდინია ის, რაც მარდისობას მარადისობად აქცევს.

მიეცი უფლება დროს მოგატყუოს, მიეცი უფლება წრეზე იაროს, და თუ გინდა აჰყევი, როცა თავბუდახვეული და დაღლილი გაჩერდები და დამიცდი, გეცოდინება, ეს ლოდინია ის, რაც მარადისობას მარადისობად აქცევს. ახლა მთავარია, რომ გათენდა და საზღვრები ვეღარ იტყუებენ თავს, ეჭვი შეეპარათ საკუთარ არსებობაში, ვინ ვის ტოვებს თუ ზღვარმა თვითონ მოიგონა საკუთარი თავი?
ან
როგორ შეიძლება გიპოვო, როცა არაფრით განსხვავდები ჩემგან, როგორ გიცნო, როცა ყოველ შემოხედვაზე შენში ჩემ თავს ვუყურებ?
ან
როგორ შეიძლება გაგექცე? როგორ შეიძლება გამექცე? შეწყვიტე იმის მტკიცება, რასაც აზრი არ აქვს, შეწყვიტე მტკიცება, აქ არც ერთი თეორია არ არის ჭეშმარიტი, და არც მცდარია რომელიმე.

შიში პასუხია, მაგრამ რომელი კითხვის? თუ კითხვები პასუხობენ კითხვებს, თუ პასუხები კითხულობენ პასუხებს, თუ არსებობს თუ, რამ გაყო პასუხები კითხებისგან ან პირიქით? ზოგ პასუხს კითხვა არ სჭირდება და ზოგ კითხვას პასუხი.

შიში კითხვა? მაგრამ რომელია პასუხი? დაღამდა, კითხვების, პასუხების, და საზღვრების გარეშე. მნიშვნელობა აღარ აქვს წახვედი თუ მოხვედი, წავედი თუ მოვედი, ახლა მთავარი აღარაფერია.

მაგრამ მინდა, გინდა, გვინდა, ისე როგორც არასდროს. ისე, როგორ აქამდე ვერავინ მოინდომა. იმიტომ, რომ აქამდე ვერან შეძლო საზღვრების დარწმუნება უსაზღვრობაში.

09 March 2020

✋🏻

„შენი დავალება სიყვარულის ძიება კი არა იმ ბარიერების პოვნაა შენში, რომელიც მის წინ ააშენე“

„ღმერთის ენა სიჩუმეა და ყველაფერი სხვა საცოდავი თარგმანია“

„სიტყვები მხოლოდ საბაბია. ეს შინაგანი კავშირები გვიზიდავენ ერთმანეთისკენ და არა სიტყვები.“

„აუწიე სიტყვებს, ხმას არა. ეს წვიმა ზრდის ყვავილებს და არა მეხი“

„მე არც აღმოსავლეთი ვარ, არც დასავლეთი, არავითარი საზღვარი არ არსებობს ჩემს სულში“

„იყავი მადლიერი ყველასი, ვინც შენს ცხოვრებაში ჩნდება, რადგან ისინი შენს გზამკვლევებად არიან მოვლენილნი“

„თუკი ხეხვა გაღიზიანებს, როგორ გაიწმინდები?“

„როდესაც ხალიჩას ფერთხავენ, ხალიჩის წინააღმდეგ კი არ არიან, არამედ მტვრის“

„გონება უძლურია სიყვარულის გამოხატვაში“

„დასაძინებლად დააწვინე შენი ფიქრები, არ მისცე მათ საშუალება შენი გულის მთვარის ნათება დაჩრდილონ. მოეშვი ფიქრს!“

„მხოლოდ გულიდან შეგიძლია მიწვდე ზეცას“

„შენს გულში სანთელია, რომელიც ასანთებად არის მზად. შენს სულში სიცარიელეა, რომელიც ამოვსებას ელოდება. შენც გრძნობ ამას, არა?“

„ის რაც გტკენს, გაკურთხებს. სიბნელე შენი სანთელია“

„ნგრევას ყოველთვის ახლავს განძის პოვნის შანსი“

„თავს ნუ არიდებ. თვალი არ მოწყვიტო დოლბანდიან ადგილებს. აქედან შუქი შემოდის შენში“

„მწუხარება თანაგრძნობის ბაღად შეიძლება იქცეს. თუკი გულს ღიას დატოვებ ყველაფრისთვის, შენი ტკივილიც შენი ყველაზე დიდი მოკავშირე გახდება სიყვარულის და სიბრძნის ძიების გზაზე“

„იქამდე უნდა იტეხო გული, სანამ ბოლომდე გაიღება“

„არ ჩავარდე მწუხარებაში. ყველაფერი, რასაც კარგავ, სხვა ფორმით ბრუნდება“

„როცა გზაზე შედგები, გზა მაშინ გამოჩნდება“

,,დაივიწყე უსაფრთხოება. იცხოვრე იქ, სადაც ცხოვრება გეშინია. გააცამტვერე შენი რეპუტაცია. გაიტეხე სახელი“

„ნუ დაკმაყოფილდები სხვისი ისტორიებით, ნუ გაითვალისწინებ სხვის გამოცდილებას. შექმენი შენი საკუთარი მითი“

,,ცეცხლი წაუკიდე შენს ცხოვრებას და ეძიე ისინი, ვისაც შენი ალი სიხარულს მიანიჭებს“

„იყავი თოვლი, რომელიც დნება. ჩამოიბანე საკუთარი თავი საკუთარი თავისგან“

,,დააკაკუნე და ის გაგიღებს გაქრობის კარს, ის ჩამავალი მზესავით აგაბრიალებს და ზეცამდე აგამაღლებს, რომ გახდე არაფერი და ყველაფერი“

„შემისწავლე ისე, როგორც გსურს, მაინც ვერ გეცოდინები, რადგან ასგვარად განვსხვავდები იმისგან, როგორადაც შენ მხედავ. გამოიხედე ჩემი თვალებიდან და აღმიქვი ისე, როგორც მე აღვიქვამ საკუთარ თავს, რადგან ვირჩიე იმ ადგილზე ყოფნა, რომლის გარედან დანახვასაც ვერ მოახერხებ“

„ნუ იქცევი ისე, თითქოს არარა იყო. შენ სამყარო ხარ გახელებულ მოძრაობაში“

„შენ დაიბადე პოტენციალით. შენ დაიბადე სულგრძელობით და რწმენით. შენ იდეალებით და ოცნებებით მოხვედი ამ ქვეყანაზე. თან ფრთები მოგყვა. შენ არ ხარ ფორთხვისთვის გაჩენილი და ნუ ფორთხავ! ისწავლე ფრთების გამოყენება და იფრინე“

„უცნაური რამე ხარ. მზის ენერგიით ხარ სავსე, თუმცა ხერხემალში გამომწყვდეულს ინახავ. ოქრო ხარ, რომელსაც სურს ქურაში, ცეცხლზე დამდნარი დარჩეს, რომ მერე მონეტებად არ იქცეს და არ დახურდავდეს“

„რატომ უნდა დავრჩე ჭის ფსკერზე, როცა ხელებში მტკიცე თოკი მიჭირავს?“

„გახდი ზეცა. დასცხე ნაჯახი ციხის კედლებს. თავი დააღწიე“

,,იცი, რა ხარ? ღვთიური წერილის მანუსკრიპტი. სარკე, რომელიც დიდებულ სახეს ირეკლავს. სამყარო შენს გარშემო არ არის, შიგნით ჩაიხედე, საკუთარ სიღრმეში. ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ“

„შენი ვალია იცხოვრო ისე, როგორც შენთვის აქვს აზრი და არა სხვებისთვის!“

„ხელი მოკიდე უზარმაზარ, გიჟურ პროექტს… როგორც ნოემ. სულერთია რას იფიქრებს შენზე ხალხი“

„არასოდეს დაკარგო საკუთარი თავის რწმენა“

„როცა გეჩვენება, რომ ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგაა, როცა ისე გიმძიმს, გგონია, რომ შემდეგ წუთს უკვე ვეღარ აიტან, არ დანებდე! რადგან ეს სწორედ ის დრო და ის ადგილია, საიდანაც კურსი უნდა აიღო!“

„მწუხარება სიხარულისთვის გამზადებს. ის მხეცურად გამოგვის ხოლმე სახლიდან ყველაფერს, რაც აღარ გჭირდება, რათა სიხარულისთვის ადგილი გამოათავისუფლოს. შენი გულის ტოტებს ველურად არხევს, ძირს ყრის და ქარს ატანს ყვითელ ფოთლებს, რომ მათ ნაცვლად მწვანე, ცინცხალი ფოთლები გაიკვირტოს. ის დამპალ ფესვებს თხრის, რომ მათ მიღმა ჩამალულ ჯანსაღ თესლს ზედაპირზე ამოსვლის და აყვავების საშუალება მისცეს. მწუხარება მხოლოდ იმას გგლეჯს და გართმევს, რისი ადგილიც უკეთესმა უნდა დაიკავოს.“

„იცეკვე, როცა დაფლეთილი ხარ. იცეკვე, როცა სახვევები შემოგეხევა. იცეკვე შუა ბრძოლისას. იცეკვე საკუთარ სისხლში. იცეკვე, როცა ბოლომდე გათავისუფლდები!“

„გარეთ ნაპოვნი განძი ვერაფრით შეედრება შენს სიღრმეში ნაპოვნ განძს“

„შენ ოთახიდან ოთახში დაეხეტები და ბრილიანტის ყელსაბამს ეძებ, რომელიც ყელზე გიკეთია“

„შენ რომ შეგეძლოს იცნობდე საკუთარ თავს, თუნდაც სულ წამით, შენ რომ შეგეძლოს შენი უმშვენიერესი სახისთვის თვალის შევლება, ეგებ ასე ღრმად არც ჩაგეთვლიმა მაგ თიხის ჭურჭელში. რატომ არ შედიხარ შენი სიხარულის სახლში და რატომ არ ანათებ ყველა ბზარიდან და ნაპრალიდან ეს საიდუმლოა შენთვის, განძის მზიდავო, და საიდუმლო იყო ყოველთვის“

„ყველაფერი შენშია ამ სამყაროში. ყველაფერი საკუთარი თავისგან ითხოვე“

„რა გაჯადოებს ამ სამყაროში ასე ძალიან, როცა ოქროს საბადოები გაქვს სულში?“

„შენ ცხენზე ზიხარ, სოფელ-სოფელ დაწანწალებ და ყველას ეკითხები: ჩემი ცხენი ხომ არ დაგინახავთ?“

„შენში შადრევანი ჩქეფს და ნუ დადიხარ ცარიელი ჩამჩით!“