გვერდი

07 December 2020

ისევ ნოემბერი

კიდევ ერთხელ მოვიდა ნოემბერი,
მე კი ისევ ვიცი, რომ რაღაცის თქმა მინდა,
და ისევ ვერ ვიხსენებ სიტყვებს.
ზოგიერთი რამე მართლა არ იცვლება,
მაგრამ მარტო ზოგიერთი.
იმიტომ რომ ბევრი რამ შეიცვალა,
იმ ნოემბრის მერე,
როცა პირველად ვიგრძენი მარტოობის სუსხი,
ან როცა პირველად ვიგრძენი ამ მარტოობის სრული სიდიადე.
ყველა სისუსტე ძალაა
და ყველა ძალა სისუსტეა.
კვლავ ნოებერია,
მშვიდი, უქარო და
ყვითელი ფოთლებით სავსე.
მე კი ვზივარ,
ისე თითქოს საკუთარ თავი შეჯიბრში გამოვიწვიე და დავამარცხე.
ახლა კი ვეღარ გამიგია გამარჯვება ვიზეიმო,
თუ დამარცხება ვიგლოვო.
მაგრამ ნოემბერია
და ნათელია,
რომ სიმარტივე სირთულეშია
და პირიქით,
სირთულე სიმარტივეში.
მარტვია, იცოდე რომ რაღაცის თქმა გინდა,
და რთულია, არ გახსოვდეს რისი.
ენის წვერზე მომდგარი სიტყვების ჯართან ერთად ცხოვრება,
ძალიან ჰგავს ნოემბერში ამომდგარ ქარში სიარულს.
მიაბოტებ ყვითელი ფოთლების ზღვაში და ყვითელი ფითლები გაწვიმს.
ნელ-ნელა ყვითლდები, მსუბუქდები და ფარფატს იწყებ.
ნებდები და დანარჩენი სასოწარკვეთილ ფოთლებთან ერთად ფერხულის ცეკვაში ერთვები.
თავბრუდახვეულს უკვე აღარ გახსოვს,
საიდან მოხვედი აქ,
ასეთი მსუბუქი
და ისიც კი გავიწყდება,
რომ ოდესღაც, რაღაცის თქმა გინდოდა.
ახლა კი ნოემბერი მივიდა,
უკვე ოცდამეშვიდედ,
ახლა უკვე ნათელია,
რომ ზოგჯერ გამარჯვება შეიძლება იგლოვო
და დამარცხება იზეიომო.
საბოლოოდ კი მიხვდე,
რომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს,
რომ ჩვენ ყველანი საკუთარი, წარმოსახვითი ღერძის გარშემო ვბრუნავთ
და პასუხსაც საკუთარი თავის წინაშე ვაგებთ.

No comments:

Post a Comment