რაში მჭირდება ჩანთებში ჩალაგებული საკუთარი ცხოვრება,
ნამდვილი მე და ჩემი ნამდვილი ცხოვრება ჩემს შიგნითაა,
არ მჭირდება არაფერი,
სახლი, რომელსაც ვეძებდი მე ვარ.
შემიძლია ავდგე და წავიღო ეს სახლი ყველგან,
სადაც მომინდება და ყველგან ჩემი სახლი იქნება.
ვზივარ,
ვზივარ წიგნებით გამოტენილ ოთახში და ვფირობ,
რაში მჭირდება ყველა მათგანის წაკითხვა და სიბრძნის ძიება,
როცა მთელი სამყაროს ცოდნა და სიბრძნე ჩემ შიგნითაა,
და ყველა კითხვაზე პასუხი ეციკლოპედიების მრავალტომეულებშიც კი არ იძებნება.
ვზივარ და ვფიქრობ,
რომ შემიძლია ავდგე და ნებისმიერი მიმართულებით წავიდე,
დარწმუნებული იმაში,
რომ ყველა გზა დანიშნულების ადგილამდე მიმიყვანს,
იმიტომ კი არა რომ იღბალს ვენდობი,
იმიტომ, რომ ყველა გზა სწორია.
ვზივარ და ვფიქრობ,
რომ შემიძლია.
უბრალოდ შემიძლია.
შემიძლია ვიჯდე და ვიმოგზაურო,
ვიჯდე და არაფერი ვაკეთო,
ავდგე და ვიარო,
ბევრი ძალიან ბევრი ვიარო და ყველაფერი საჭირო ყოველთვის თან მქონდეს,
ისე რომ ერთი პატარა ჩანთაც კი არ ვატარო თან.
ვზივარ და ვფიქრობ,
რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს ჯდომა და ფიქრი,
ან რამდენ ხანს შეიძლება ვალაგო ცხოვრება ჩანთებში და ვათრიო,
მიუხედავად იმისა,
რომ ვიცი არაფერში მჭირდება მისი თრევა.
ვზივარ და ვფიქრობ,
რაში მჭირდება ბარგის ლაგება,
იმ ბარგის, რომელიც უბრალოდ არასაჭირო სიმძიმეა და მეტი არაფერი.
ვზივარ და ვფიქრობ,
რომ თავისუფლად შემიძლია გავფრინდე,
და ერთხელაც აუცილებლად ავდგები და გავშლი ფრთებს.
ვზივარ და ვფიქრობ იმ დღეზე,
როცა საკუთარი სიმძიმისგან დამსუბუქბული,
ჰაერის სიმკვრივეს გავკვეთ და ფრენით დაღლილი,
რომელიმე ხის კენწროზე ჩამოვჯდები.
ჩამოვჯდები და გავიფიქრებ,
რომ ჯდომა ყველგან ერთნაირია,
მაგრამ ფიქრი ყოველთვის სხვადასხვა.
No comments:
Post a Comment