და ხანდახან მეჩვენება კაშკაშა სინათლე,
რომელიც თვალებს მჭრის
და მაბრმავებს.
მე ვბრმავდები
და ხანდახან მეჩვენება უკუნი სიბნელე,
რომელიც თვალებს მჭრის
და მაბრამვებს.
ხანდახან მეჩვენება,
რომ ერთმანეთზე მიწებებული ქუთუთოებით დავიბადე,
და მთელი არსებობა,
იმის მცდელობაა,
როგორმე შევძლო და გავახილო თვალები.
ხანდახან მეჩვენება,
რომ ერთმანეთისგან სინათლის წლებით დაშორებული ქუთუთოებით დავიბადე,
და მთელი არსებობა,
იმის მცდელობაა,
როგორმე შევძლო და დავხუჭო თვალები.
ხშირად ვფიქრობ,
ხშირად მეჩვენება,
ხშირად ვამახინჯებ გამოსახულებას
და უფრო ხშირად ვალამაზებ,
უბრალოდ აქ საკითხვია,
სად არის სილამაზე?
ან სად არის სიმახინჯე?
მე ვბრმავდები,
და ხანდახან მე მავიწყდება,
რომ მთავარი ის სულაც არ არის,
რას ხედავ,
ან ხედავ თუ არა საერთოდ,
როგორ შეიძლება საკუთარ თვალებს ენდო?
მთავარია შეწყვიტო,
მთავარია მიხვდე მთავარს,
მთავარია იცოდე,
რომ მთავარი არაფერია,
საერთოდ არაფერია მთავარი.
უბრალოდ იყურე,
უბრალოდ მიმოიხედე
უკუნი სიბნელის და კაშკაშა სინათლის მიღმა,
უბრალოდ მიმოიხედე
მთავარის და არამთავარის მიღმა,
და არაუშავს თუ ვერაფერს ვერ ხედავ,
და არაუშავს თუ იმას ვერ ხედავ,
რისი დანახვაც გინდა,
და კიდევ უფრო არაუშავს,
თუ ზუსტად იმას ხედავ,
რისი დანახვაც გინდოდა.
უბრალოდ იყურე,
უბრალოდ დაბრმავდი,
უბრალოდ თვალები ახამხამე,
და ნუ ცდილობ ფოკუსის გასწორებას,
ნუ ცდილობ ცენტრის პოვნას,
ნუ ცდილობ დაბრმავდე,
და ნურც იმას ნუ ცდილობ მხედველობა დაიბრუნო,
ყველაფერი უბრალოდაა,
შენ ხედავ იმას,
რასაც უნდა ხედავდე.
ყველა ფორმა,
ყველა გამოსახულება,
ყველა იდეა და აზრი,
შენით არსებობს,
ყველაფერი უბრალოდაა,
შეგიძლია იყო ვინც ხარ,
ვინც იყავი,
ან ვინც გინდა, რომ გახდე.
შეგიძლია და ეს შესაძლებლობაა ის,
რაც სურვილებს ჩანასახშივე არასასურველ ნაყოფებად აქცევს.
შეგიძლია და არ გინდა,
არ გინდა და არ შეგიძლია,
არ შეგიძლია და გინდა.
მე ვბრმავდები,
უსასრულო კომბინაციების შესაძლებლობები
ან
შესაძლებლობების უსასრულო კომბინაციები მაბრმავებენ.
დაე დავბრმავდე
No comments:
Post a Comment