გვერდი

07 December 2020

ნოემბერში



ნოემბერში ფოთლებშემოფრცქვნილი ხეების მწკრივში, როცა აკანკალებულს, ზაფხულის სიზმრებში დარჩენა მოგენატრება,
ქარი კი სახეში რეალობის მტვერს შემოგაყრის, იგრძნობ,
რომ უკვე ყველაფერი დაგავიწყდა.
მტვერმიყრილ მოგონებებს, თეთრ სუდარებს შემოახვევ და დალოდები, როდის გაეხვევა აბლაბუდების ქსელში ყველაფერი. ნოემბერში,
როცა სიცივეს ყველა უჯრედში შეუშვებ, და საკუთარი სხეულიდან ყველა ობმოკიდებულ გრძნობას გამოუშვებ, და უფლებას მისცემ, ახალი სიცოცხლე დაიწყონ, მიხვდები, რომ სამყაროში, რამის დაკარგვა შეუძლებელია. ნოემბერში,
როცა ღრუბლიანი დღეები ჰორიზონტებს დამალავენ, შენ კი იფიქრებ, რომ გზებმა უკან უკან დაიწყეს მოძრაობა, მიხვდები,
რომ სამყარო წრეზე ბრუნავს და შეუძლებელია დაიკარგო. ნოემბერში,
როცა სხეულიდან საკუთარი სულის მუსიკის გადმოღვრა მოგენატრება. მოხვდები,
რომ დიდი ხანია, შენი საკუთარი აღარაფერი დაგრჩა. დიდი ხანია მოლეკულებად დაშლილი, ვარსკვლავურ მტვრად იქეცი და შენ უკვე ყველგან ხარ. ყველაფერს ერწყმი, და ყველაფერს ერევი. არ ვიცი,
რომელ წელს, ან რომელ საუკუნეში, მაგრამ ერთ-ერთი ნოემბრის,
მისტიური ბურუსით გაჟღენთილ დღეს, რაღაცას აღმოაჩენ და ეს აღმოჩენა მოიტანს, ნანატრ და ყველა კუთხე-კუნჭულში ნაძებნ,
სიზმრად ნანახ ჰარმონიას, რომელიც უკვე აღარ იცი რაში გჭირდება. და ნოემბრის ერთ დღეს, როცა გუბეებში არეკლილი ქალაქი უფრო რეალური გახდება, ვიდრე თვითონ, წვიმაში ჩაკარგული ნამდვილი ქალაქი, ადგები და გაუშვებ, საკუთარ თავს და სურვილებს. მიხვდები,
რომ უკვე აღარაფერში გჭირდება ის, რასაც ნოემბრის ამ დღემდე, შენი გადარჩენა შეეძლო. მიხვდები,
რომ შენ უკვე გადარჩი. მიხვდები,
რომ ზუსტად იქ ხარ, სადაც უნდა იყო. მიხვდები,
რომ ქაოსის გარეშე სიცოცხლე არ არსებობს. და მისტიკის გარეშე, რეალობა უბრალოდ დაგაბრმავებდა. ნოემბერში, როცა ადამიანები სითბოს სასოწარკვეთილად დაუწყებენ ძებნას, რომ თავი გადაირჩინონ, მიხვდები, რომ შენ გარშემო, ივლისის აუტანელი სიცხეა, და შენი მირაჟები უფრო რეალურია, ვიდრე ძვალსა და რბილში დაბუდებული ყინვა. ნოემბერში უდაბნოებს არ სჯერათ, რომ სიცივისგან ადამიანები იხოცებიან. მათ მარტო სიცხისგან სიკვდილის შეუძლიათ სწამდეთ.

No comments:

Post a Comment