ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტე ვინ ხარ!
ყველაფერი ერთდროულად არაფერია.
შენ ვერ ირჩევ,
იმიტომ, რომ ყველაფერს და არაფერს შორის სიმრავლეებს ვერ ხედავ,
შენ ხდები არავინ,
იმიტომ რომ ძნელია იყო ერთი ვინმე,
როცა სამყარო სავსეა,
შენ კი ვერ ეტევი,
მაგრამ მაინც იკარგები მასში.
შენ ადგები და ცოტ-ცოტა ყველაფერს მოედები,
მაგრამ სრულყოფილად არავინ იქნები,
შენ ვერ აირჩევ,
შესაძლებელობების უსასრულობა დაგაბნევს,
რაც მეტს იფიქრებ უფრო მეტ ნაწილაკად დაიშლები.
მოვლენ და გკითხავენ, ვინ ხარ?
აი ია,
აი, თითი.
აი, ადამიანი.
შენ გაგახსენდება,
რამდენხანს ცდილობდი,
ვინმე ყოფილიყავი,
შენ გაგახსენდება,
რამდენჯერ გეგონა,
რომ გაიგე ვინ ხარ,
მაგრამ ყოველ ჯერზე იმედს გიცრიუებდა საკუთარი უწონადობა.
არ შეგეძლო ერთი ვინმე ყოფილიყავი,
ამიტომ იშლებოდი.
ათას კითხვად და ათას პასუხად დაშლილი,
ლივლილვს მიჩვეული,
ცდილობდი საკუთარი არსებობა ლოგიკის ჩარჩოებში მოგექცია.
დარწმუნებულები საკუთარ ვინაობაში კი მოვლენ და გკითხავენ, რატომ არ იცი ვინ ხარ?
შენ აწყლიანებულ თვალებს მათ გამომშრალ გუგებში სათევზაოდ გაუშვებ,
იქნებ ანკესს ის პასუხი წამოეგოს,
რომელის არსებობის შესახებაც არავინ არ იცის.
მაგრამ დარწმუნებულები საკუთარ ვინაობაში,
შიშჩამდგარი, გამშრალი თვალებით,
უნდობლობით უპასუხებენ,
შენ ყველა ანკესივით ნასროლ კითხვას.
შენ მიხვდები,
რომ თევზები, რომლებიც შენ თვალებში დაცურავენ,
მარტო შენი წარმოსახვის ნაყოფია.
ამიტომ ლოგიკის ჩარჩოები,
რომელშიც საკუთარი არსებობა ჩატენე და გამოკეტე,
ვეღარ შეძლებენ შენი იმ ნაწილაკებად შლის პროცესი შეაჩერონ,
რომელთა არსებობის შესახებაც,
არც ფიზიკამ იცის რამე და არც ქიმიამ,
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,
რომ არ არსებობენ.
შენ ვეღარ შეაკავებ საკუთარ არსებობას,
მნიშვნელობა აღარ ექნება ვინ ხარ.
დიდი აფეთქების მოლოდინში,
ადგები და ქადაგებას დაიწყებ,
ძონძებში გახვეული ყველაზე საშიში გზებით ივლი და იქადაგებ,
რომ ახლოა გარდამტეხი წამი,
რომ მალე არავინ შეძლებს ვინმე გახდეს,
ხოლო ის, ვისაც ეგონა, რომ ვინმეა,
მიხვდება, რომ სინამდვილეში არავინაა.
,,ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტე ვინ ხარ!"
უყვირებს დაძონძილი დერვიში საკუთარ თავს,
ის კი, ვინც დარწმუნებულია საკუთარ ვინაობაში,
ექოსავით ხმას გაიგონებს,
მართლა ის ხარ, ვინც გგონია?
იგრძნობს, როგორ შეუძვრა ეჭვის ჭია,
და მისი კომფორტის ზონის ღრღნა დაიწყო, შეეშინდება და დამალობანას თამაშში იპოვის გამოსავალს.
მე კი თუ ამ ყველაფერის მერე მაინც მკითხავენ,
ვინ ვარ, ვუპასუხებ,
რომ ყველაფერს და არაფერს შორის გამომწყვდეული კითხვის ნიშანი ვარ,
რომელიც დაძნოძილი, წელში მოხრილი დერვიშვით,
უცნობ ადგილებში მოგზაურობს,
რომელიც როგორც იქნა მიეჩვია საკუთარი ფორმის უფორმობას,
და მათ, ვისაც უფორმობის ეშინიათ ან უშინაარსობაში ერევათ,
არაფერს უმტკიცებს.
აღიარა, რომ ხან ბრძენი მქადაგებელია,
ხან შეშლილი მისანი,
ხან კი საერთოდ არ არის.
No comments:
Post a Comment