გვერდი

11 March 2024

 

 

ამინდის ბრალია

ლობიო დუღს,

პირში ბავშვობის გემოს გრძნობ,

ტყემლიანი ლობიოსი.

გახსოვს,

როგორ იჭედებოდა კომშის ხის ტოტებში ყინვა?

ბეღურები კი დღესაც ერთგულად დახტუნავენ ტოტიდან ტოტზე,

ოღონდ ამჯერად სხვების დაყრილ ნამცეცებს კენკავენ,

და არა იმას,

რომელიც შენ გამოსტაცე დაობებულ სიღარიბეს.

უკვე იმდენი წელი გავიდა.

ამინდის ბრალია,

დრო და სივრცედაკარგული რომ ვერ იაზრებ,

ვინ ხარ,

ან რატომ.

ყინვა გეჭედება ძარღვებში,

გახსოვს როგორი გრძნობაა,

როცა სახლში ხარ,

სადაც თბილა და საკუთარი თავის ცნობა შეგიძლია?

უკვე იმდენი წელი გავიდა,

ფესვებდამპალი და ტოტებდაჭრილი,

მაინც არსებობ,

იმიტომ რომ იმ ერთადერთ ყლორტს,

რომელიც ტანზე ამოგეზარდა და სულამდე გაიდგა ფესვები,

შენი ნატანჯი არსებობა ფეხქვეშ გაუგო.

ბევრი თუ ვერაფერი შეძელი,

თავი იმით უნუგეშო,

რომ უბრალოდ ყოფნაც დიდი საქმეა.

გახსოვდეს,

რომ შენი დაღუპვა,

იმ ყლორტაც დააჭკნობს.

არ შეიძლება შენი დაწვა,

სანამ ყლორტი ხედ არ იქცევა.

გახსოვდეს,

არ შეიძლება შენი დაწვა,

სანამ კუნძად მაინც გამოდგები,

რომელზეც დაღლილი მგზავრები სულს მოითქვამენ.

ამინდის ბრალია,

გაქცევაზე ოცნებით რომ აღამებ ამ დღესაც.

ლობიოს დუღს,

მარტოობის ორთქლში იხარშებით ორივე ერთად.

ამინდის ბრალია,

სულ ამინდის ბრალია ყველაფერი.

ახლა თავს ირწმუნებ,

რომ მზიან ამინდში,

სახლი აღარ დაგესიმზრება,

აღარ დაგესიზმრება ცხოვრება,

რომელიც ვერასოდეს იქნება შენი.

ზოგს გამარჯვება აკმაყოფილებს,

ზოგს მონაწილეობაც ჰყოფნის,

შენთვის კი ყველაფერი ისეთი ძნელია,

ისეთი ძნელია იყო გამარჯვებული და დამარცხებული ერთდროულად,

ისეთი ძნელია იყო უფორმო,

ამ ფერად-ფერადი ყალიბებით სავსე სამყაროში,

რომ სწორედ ამიტომ,

ეს ცხოვრება ვერასოდეს გახდება შენი.

ისღა დაგრჩენია,

სხვების განათებულ ფანჯრებს აწყლიანებული თვალებით უყურო,

და წარმოიდგინო ცხოვრება,

რომელიც ვერასოდეს იქნება შენი.

ამინდის ბრალია,

ამინდის ბრალია ყველაფერი.

No comments:

Post a Comment