გვერდი

11 March 2024

 

მალე დაიბადები,

მოუსვენრად წრიალებ ვიწრო საშვილოსნოში

და ცდილობ გაიხსენო,

როგორ მოხვედი აქამდე.

ყოველ ჯერზე,

როცა ჭიპლარი ყელზე მჭიდროდ გეხვევა,

ფიქრობ,

რომ ეს ბოლოა,

რომ მალე გალურჯდები,

და ყველაფერს გახრწნი,

რაც შენს გარშემოა.

მაგრამ...

ჭიპლარი გრძელია,

უსასრულოდ გრძელი,

უბრალოდ შეგრძნება,

რომ ის გაწყდება და შენ არსებობას შეწყვეტ,

გამშვიდებს.

ამბობენ,

რომ მხოლოდ ერთი გზააა,

უნდა გაუძლო და გაძვრე,

საკუთარ თავზე და ტკივილებზე გაიმარჯვო,

მაშინ შეგეძლება თვითონ ისუნთქო,

ღრმად და იქ,

სადაც გინდა.

და შენ გადაწყვიტე დღეს დაიბადო,

შენ გაბედე,

ან დანებდი,

გარდაუვალია,

ოდესმე მოგიწევს შენით ისუნთქო.

ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი გზაა,

მაგრამ შენ არ გჯერა.

ახლა დრო გაქვს იფიქრო,

დრო ყოველთვის გქონდა.

ხანდახან გეჩვენებოდა,

რომ ის გაჩერდა,

ან ისე აჩქარდა ვეღარ გრძნობდი მისი

და სივრცის არსებობას,

მაგრამ...

მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს,

ახლა, აქ, ამ სიბნელეში და სივიწროვეში,

არეული ფიქრების კორიანტელით გამოწვეული შეგრძნებები,

განწირულნი არიან.

დღეს შენ დაიბადები,

დღეს შენ ეცდები დაივიწყო,

რა იყო მანამდე.

ახლა კი ფიქრობ,

რატომ გადაწყვიტე დაბადება,

და ვერ იხსენებ.

ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი გზაა,

მაგრამ შენ არ გჯერა.

ჭიპლარი გრძელია,

შენი სამყარო პატარა,

შენ კი ყოველთვის მეტი გინდოდა.

იმაზე მეტი,

ვიდრე ეს ბნელი და სველი ბუდეა.

შენ ყოველთვის მეტი გინდოდა,

იმაზე მეტი,

ვიდრე ეს ჭიპლაზე დამოკიდებული არსებობაა.

შენ ყოველთვის მეტი გინდოდა.

დღეს კი გადაწყვიტე,

რომ კმარა.

საკმარისია ლოდინი.

საკმარისია,

იმის ლოდინი,

როდის მოგიჭერს ჭიპლარი ყელზე ისე,

რომ სხეული გაგეყინოს,

და სიცოცხლეზე ფიქრი გაიძულოს.

დღეს გადაწყვიტე,

რომ სხვა გზაც არსებობს,

ის გზა,

რომელზეც არავის გაუვლია.

დღეს დაიბადები,

ჭიპლარს საკუთარი კბილებით გადაღრღნი,

გაახელ ერთმანეთზე წამწამებით მიწებებულ ქუთუთოებს,

და ბოლოს და ბოლოს შეძლებ იტირო,

იტირო მთელი შენი გალურჯებული და აცახცახებული სხეულით.

ბოლოს და ბოლოს შეძლებ ჟანგბადით გაივსო შეკუმშული ფილტვები.

ბოლოს და ბოლოს შენ დაიბადები,

იმის იმედით,

რომ სიკვდილი ყოველთვის შესაძლებელია.

მანამდე კი იმდენი გზაა,

სიცოცხლიდან სიკვდილში მიმავალი

და პირიქით,

რომ დროა დაიწყო შენით სუნთქვა.

დროა ჭიპლარი საკუთარი კბილებით დაღრღნა,

დროა გათავისუფლდე,

თუნდაც იმისთვის,

რომ დაიკარგო.

დღეს შენ დაიბადები

No comments:

Post a Comment