გვერდი

11 March 2024

 

 

როცა დაბერდები,

როცა ამბიციები ჩაცხრება,

როცა გარდაცვალებასთან უფრო ახლოს იქნები,

ვიდრე დაბადებასთან,

დაჯდები მშვიდად,

დამჭკნარ ხელისგულზე წაიკითხავ,

შენს ჩავლილ ცხოვრებას.

ვნებების სიმძაფრე ვეღარ აგიჩქარებს,

ძარღვებში ბლანტად მდინარე ქოლესტერინით გაჯერებულ სისხლს.

შიშიც ისეთ შორეულ და ბუნდოვან მოგონებად იქცევა,

როგორიც დედის აკანკალუბული ნიკაპია.

სულ სხვა ფერი ექნება სამყაროს,

როცა გეცოდინება,

რომ დღეებმა უკუთვლა დაიწყეს.

სულ სხვა ფერი იქნება სამყარო,

როდესაც დანებდები დინებას,

და გეცოდინება,

რომ მეტი აღარაფერი მოხდება.

ისტორიის უკანასკნელი ფურცლები,

შენი განწირული მცდელობის გარეშე,

შენგან დამოუკიდებლად დაიწერება.

აღარ იქნება საინტერესო,

რა მოხდება,

მხოლოდ იმაზე ფიქრში გაატარებ გრძელ საღამოებს,

რაც მოხდა,

ან რაც შეიძლება მომხდარიყო.

მაგრამ მნიშვნელოვანი აღარაფერი იქნება.

ჩაიში შაქრის ნატეხებთან ერთად ვერახდენილ,

ფერად ოცნებებს ჩაიყრი,

ხმაურიანად მოურევ,

და კიდევ უფრო ხმაურიანად მოხვრეპ ნიჰილიზმის არომატით სავსე ყლუპებს.

მნიშვნელობა აღარ ექნება,

რომ მწვერვალები ვერ დაიპყარი,

ვერ შეცვალე სამყარო,

მაგრამ იმით იქნები ამაყი,

რომ ვერც სამყარომ შეგცვალა,

ტკივილმაც ვერ მოგტეხა ჯიუტი რქები.

არც იმაზე ფიქრით დაიღლები,

ვინ ხარ,

და რისთვის მოგიწია სიკვდილმისჯილს ამ ციცაბო გზებზე,

შენზე დიდი ლოდების ზიდვა.

გეცოდინება,

რომ ყველაფერი მარტივად იყო,

უნდა გაგეძლო,

რაც შეიძლება დიდხანს.

მიხვდები,

რომ მწვერვალები თავისთვის დგანან,

შენ კი თვითონ იწვევდი საკუთარ თავს სიმაღლეების დასალაშქრად,

რომ დაგენახა იმაზე მეტი,

ვიდრე ხედავდი.

ახლა კი ხერხემალჩაზნექილი და ქედმოხრილი,

უმდაბლესი წერტილიდან ყველაზე უკეთ ხედავ სამყაროს შორეულ კიდეებს.

როცა დაბერდები,

ამბიციები ჩაცხრება,

აღარ დაელოდები,

აღარ შეეცდები.

როცა დაბერდები,

აღარ გეტკინება სულის ბნელი კუნჭულები,

როცა დაბერდები,

უბრალოდ გაცვეთილი სხეული აგიტირდება დიდი დაძინების მოლოდინში.

და როცა შიში მსუბუქად,

უკანასკნელი ამოსუნთქვასავით შეუმჩნეველად დაგიბერავს გამხდარ სხეულში,

უკანასკნელად შეეცდები,

შენი ლიბრგადაკრული,

სიკვდილმისჯილი თვალებიდან შიშის მიღმა გაიხედო,

იქნებ იპოვო,

რასაც ეძებდი.

No comments:

Post a Comment