გვერდი

26 April 2022

 ზოგ დილას მზეები არა,

ადამიანები ათენებენ,

აი, ასე გამოხვალ დაღამებული თვალებით,

მოდიხარ, არაფერს არ ელი,

არაფრის იმედი არ გაქვს,

და ხედავ,

შორიდან მზესავით გინათებენ,

ორი შაკშა მზე შემოგცინის სხვისი თვალებიდან.


და მართალია,

ადამიანს შეუძლია ადამიანი გადაარჩინოს,

ისევე, როგორც შეუძლია დაღუპოს.

მოდიხარ მარტო და შენთვის,

კბილებს შორის ციანიდის კაფსულას ათამაშებ,

და საჭირო დროს ელოდები,

რომელიც თან გინდა მოვიდეს

და თან არა.


დღეებს მზეები ვერა,

მაგრამ ადამიანები ათენებენ.

ზოგჯერ იმდენი დედა გვყავს,

რამდენი სიკვდილის ჩრდილიც ეცემა

ჩვენს სახეზე.


დილა მშვიდობისა,

გეტყვის ისეთი უცხო,

და ისეთი ნაცნობი, 

და ორი მზე, 

ორი შენდამი სიყვარულით ავსებული თვალი,

განთავისუფლებს სულში ჩამოწოლილი სიბნელისგან.


და რას იზამ? 

ვერ იტყვი, 

უნდა გაჩუმდე,

კითხვებს უპასუხო

და ყურებამდე გაიღიმო.


მადლობასაც ვერ იტყვი,

ვერც ახსნი, რაა სამადლობელი?

არადა არის.

იშვიათია ნამდვილი სიტყვები 

და ისეთი თვალები,

რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავისგან გიხსნან.


ზოგჯერ, როგორ გვჭირდება ერთმანეთის წორად დანახვა,

ზოგჯერ, როგორ ვგჭირდება

თვალების გახელა 

და აღმოჩენა, 

რომ ვიღაცას შეუძლია გაიგოს,

გაიგოს, რას ვამბობთ და 

გაიგოს, რასაც არ ვამბობთ.

No comments:

Post a Comment