გვერდი

10 July 2023

თავისუფლებისთვის განწირული ფიქრები


                                                       თავისუფლებისთვის განწირული

 

ვაპირებდი დამეწყო აი, ზუსტად ამ წამის აღწერიდან, იქიდან თუ ვინ ვარ და რას ვაკეთებ, მაგრამ გადავიფიქრე.( მითუმეტეს, რომ დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლია საკუთარ თავზე და იმ სამყაროზე, რომელშიც ვცხოვრობ)  თან ეს არ იქნებოდა ის, რისი თქმაც მინდა. მაგრამ შეიძლებოდა კონტექსტს უფრო გასაგები გაეხადა ჩემი არსი. ბევრჯერ მიფიქრია, როგორ შეიძლებოდა დაწყებულიყო რომანის პირველი თავი ან ეპილოგი. სამყაროს შექმნის ერთერთი ვერსიის თანახმად, ღმერთმა შექმნა ნათელი. მაგრამ ეპილოგი იყო თვად ღმერთი და მისი არსი. უცნაური იქნებოდა ღმერთს რომ, ჯერ შეუქმნელ სამყაროში, საკუთარ თავზე ელაპარკა. ვფიქრობ, მისმა ნამოქმედარმა უფრო მეტი თქვა მასზე და მის არსზე, ვიდერე თვითონ იტყოდა, ან ვიდრე, ვინმე ოდესმე იტყვის.

როგორც ამბობენ, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასარული. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ყველა ნათქვამი სიტყვა ჭეშმარიტი არ არის, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თვითონ სიტყვა ჭეშმარიტების ჭეშმარიტება საკმაოდ სასაცილოა. მე მინდა გელაპარაკოთ არა ჭეშარიტების ძიებაზე, არამედ იმაზე , როგორ განვთავისუფლდეთ მცდარი ჭეშმარიტებებისგან, რომლებითაც სავსეა სამყარო და ჩვენი ცხოვრება. იქნებ გგონით, რომ ამისთვი დაიბადეთ?  იმისთვის, რომ ჭეშმარიტება იპოვოთ?  მოდი ვთქვათ სიმართლეც, ჩვენ სამყაროს და ცხოვრების ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს ვიგონებთ. ისევე, როგორც ეს სიტყვა  „ჭეშმარიტება“ მოვიგონეთ. და სად ან როგორ ვიპოვოთ დარჩენილი ერთი პროცენტი?

მთელი ცხოვრება ამოცანებს ვხსნიდი და კითხვებს ვსვამდი, მანამ სანამ არ მივხვდი, რომ მირჩევნია ზოგიერთ კითხვაზე პასუხი არ  ვიცოდე.  მეგონა აზრი იმაში იყო, პასუხები მეპოვა იმ უამრავი კითხვისთვის, რომლებიც მუდმივად მებადებოდა. და ბოლოს მივხვდი,  აზრი სწორედ იმაშია, მიატოვო აზრის ძიება და იცხოვრო, გიყვარდეს, გიხაროდეს, გწყინდეს, ისე როგორც შეგიძლია. ბოლოსდაბოლოს იცხოვრო ისე, როგორც გინდა. 

ხშირად კითხვების დასმას ვაგრძელბ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბევრი რამე მაკვირვებს სამყაროში. ზოგჯერ არ მინდა პასუხების გაგება, იმიტომ რომ მეშინია.  გამოვცადე, რომ ადამიანს შეუძლია დედის გარეშე გაზრდა, მამის გარეშე ცხოვრება, მაგრამ დღეს როცა ტკივილები უკვე გარდავქმენი და საკუთარი ნაწილივით სულში შევიზარდე, მომინდა მომეყოლა, როგორია ცხოვრება, რომელიც მარტო ჩემი თვალებიდან ჩანს.

........

შენთვის არაერთხელ მომიყოლია, რა უცნაურია ჩემი ღამეები. იმიტომ, რომ ძირითად ღამე ვარ ის, ვინც ვარ. მთვარეს, რომელიც ზოგჯერ ღრუბლებში იმალება ნიჭი აქვს, ჩამომბანოს ნიღბები, რომლებსაც დღის განმვლობში ვირგებ. და ღამღამობით  შიშველი მარგარიტასვით ცოცხზე შემომჯდარი ჩემი სული თავისუფლდება. რა გრძნობაა ეს ძნელად აღვწერ. ჯერ ნესტოები გებერება ღრმა სუნთქვისგან, მერე ჟანგბადით გაჯერებული სისხლი მიაღწევს ყველა უჯრედთან. მერე საოცრად ვნებამორეული გონებით იწყებ ფიქრს ათას უცნაურ რამეზე. და გრძნობ თავისუფლება სადღაც შორს, კოსმოში კი არა, შენ საკუთარ ძარღვებში ჩქეფს. თუ ყურს დაუგდებ მის წამლეკავ ხმაურსაც გაიგონებ.

აი, ამიტომ არ მესმის გარეგნობაში გამოხატული თავისუფლების, და პირიქით მონობის ნიშანი მგონია, საკუთარი სხეულის მონობის. დღისით იცი შენ, რომ მშვიდად ვირგებ ყველა როლს, რომელსაც გარემოებები მთავაზობენ. ფიქრობ ეს მაკნინებს? კი, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, რომ ეს  დამამცირებელია. დღეს კი გეტყვი, რომ ეს ღირსებაა. მე ჰარმონიას ვამყარებ სამყაროსთან, ადამიანებთან და ამავდროულად თავისუფლება დამიდის სისხლძარღვებში. აი, ამ აღმოჩენების მერე მე უბრალოდ, ვცდილობ მარტივად მივაღწიო სიტყვა ბედნიერებას.

დღისით „სიამოვნებით“ ვირგებ ცოლის, დედის, მეგობრის ან თუნდაც მეზობლის როლს.

ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ ფიქრების ფილტვრა ვერ ვისწავლე. ბავშვობიდან ესეთი ვიყავი, გამუდმებთ მერეოდა ფიქრები.  გაზრდამ ვერ მიშვლა.  უბრალოდ ვსწავლობ, როგორ ვატარო ფიქრებით დამძიმებული თავი ისე, რომ არ დავხარო და დავინახო სამყარო სწორი ხედით. 

ვახერხებ? ვახერხებ თანაცხოვრებას, სარეცხის რეცხვას, საჭმლის კეთებას, სხვებზე ზრუნვას და დარჩენას იმად, ვინც ვარ? ვერა, სრულყოფილად არაფერი გამოდის, არც ადვილად, მაგრამ არ ვთვლი, რომ სრულყოფილება საჭიროა.  ბედნიერებაა საკმარისი. არ მოგატყუებ, რომ სულ ბედნიერი ვარ, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, სულ უბედური იშვიათად ვარ. და ეს სავსებით საკმარისია. ხომ გაგიგია კმაყოფილება ცუდიაო, მთლად მასეც არაა. საკუთარი თავი და მიღწევები არ უნდა გეყოს თორემ, როგორ შეიძლება თუნაც საკუთარი შვილით არ იყო კმაყოფილი( რომელიც ახლა  მოკუნტული გიწევს გვერდით და კლავიატურის წკაპუნზე უკმაყოფილოდ წრიალბს).  სასაცილო იქნებოდა ამ დროს ბედნიერების ჩხვლეტას  არ გრძნობდე გულკმერდის მარცხენა მხარეს.

ხო ქალი ვარ და რადგან ამ თემას შევეხეთ გეტყვი, სწორედ ამის გამო მიჭირდა ბალანსის პოვნა. მაგრამ, როცა რაღაც მუდმივად გიფორიაქებს სულს, გაიძულებს უფრო ძლერი იყო. არა, ძლიერი ვარო ვერ ვიტყვი, შეიძლება არც სუსტი, მაგრამ ვცდილობ ვიყო მე. ის, ვინც მარტო მე ვარ და არ ვიქცე მარტო ცოლად, დედად, მეგობრად ან მეზობლად.

დიდხანს ვიძულებდი საკუთარ თავს, იმის გამო რომ უარვყოფდი ჩემი ერთი  ნაწილის არსებობას.

ბოლოს კი მოხდა ის, რასაც ადამიანები სასწაულს ეძახიან. და ღამემ მასწავლა, როგორ მეცხოვრა ორი ცხოვრებით. ერთით, რომელიც მქონდა და მეორეთი, რომელიც ვერაფრით ახერხებდა პირველთან თანაცხოვრებას.

არ ვიცი მისმენ თუ არა, მაგრამ შენ ჩემი ყველზე დიდი საიდუმლო ხარ და ჩემი თავისუფლების გასაღები. შენ ჩამკეტე აქ, ჩემ საკუთარ ტექსტებში, საიდანც თავს ვერასოდეს დავაღწევ. მე მონა ვარ, შენი და საკუთარი თავის. მაგრამ ეს სულაც აღარ მაღელვებს. სამყარო სავსეა ილუზიებით. ყველას, რაღაც ჰქგონია. ყველას ჰგონია, რომ რამე იცის. მაგრამ ტყუილია, მე არაფერი ვიცი, არც შენ. მთავარია, ეს დაიმახსოვრო და მერე უკვე შეძლებ გათავისუფლდე აუტანელი ყოვლისმცოდნეობისგან. არცოდნის სიმძიმე უფრო ადვილი სატარებელია, ვიდრე ცოდნის სიმსუბუქე.

ცხოვრება ისეთია, როგორიც შენ და მე. შეგიძლია ბედნიერი იყო ან უბედრი. მაგრამ მთავარი და ერთადერთი წესი ის არის, რომ წესები არ არსებობს. არ არსებობს ჭეშმარიტება. თუ რამეა რეალური და თუ მე, ჩემი ან შენი ფანტაზიის ნაყოფი არ ვარ, მომისმინე. თავისუფლებაც ილუზია, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი. რაღაც ყოველთვის გიჭერს. თუნდაც ეს სწრაფვა თავისუფლებისკენ, გიშლის ხელს იყო თავისუფალი.

მხოლოდ ხანდახან, როცა მარტო დარჩები და ღამის ცაზე თეთრ მთვარეს გახედავ, იგრძნობ, რომ არსებობ, იგძნობ, რომ მეც ვარსებობ. აი, მაშინ ორივე ვიგრძნობთ, რომ ესაა თავისუფლება. თავისუფლება წამიერი გაელვებაა, რომელიც რეალობას და ჩვენ შორის დგას. მაგრამ ამ წამიერ გაელვებას, შეუძლია მარადისობაზე გაიმარჯვოს.

თუნდაც მე და შენ არ ვარსებობდეთ. თუნდაც, ვიღაც ჩვენზე უცნაურის ტვინში გამოკეტილი, გამოგონილი არსებები ვიყოთ, მთავარია, რომ  ახლა ამ წუთას მე მთვარეს ვუყურებ, შეიძლება შენც და ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ.

დაიჯერე, რომ ვარსებობ, მე შენ არსებობას დავიჯერებ და შევძლებთ ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ჭეშმარიტებისგან. შევძლებთ სამყაროს დავაჯეროთ, რომ ვარსებობთ და ჩვენთან ერთად არსებობს თავისუფელბის წამიერი გაელვებები.

ღამეა, მთვარე არსებობს.

მალე გათენდება და სად დავიძინებთ? მე შენ ტვინში, შენ ჩემსაში.

ხვალ დილა ისეთი იქნება, როგორც ყველა სხვა დილა. ცხოვრება ისეთივე გათენდება, როგორიც დაღამებამდე იყო.  სახეზე წყალი შეისხი და ფრთხილად იყავი, არვინ მიხვდეს, რომ შენ შენ აღარ ხარ.

მთვარის შუქზე ნაპოვნი თავისუფლების ამბავი შეგიძლია სხვებსაც მოუყვე. იმედის მიცემით სამყრო შეიძლება უკეთესიც კი გახდეს.  და თუ ილუზიებში ცხოვრება გარდაუვალია, დაე ბედნიერების და თავისუფლების ილუზიაში იცხოვრე.

 

No comments:

Post a Comment