დადგა შემოდგომის მზიანი დღე,
აღარც ყვითელი ფოთლებია,
აღარც ქარია,
აღარც კარია,
აღარც ადამიანები არიან.
მზე მაინც ამოდის,
მე მაინც მომინდა მეთქვა,
შეხედე შემოდგომა მოვიდა,
არა ისეთი,
როგორიც ადრე,
და არა ისეთი,
როგორიც ყოველთვის.
აღარც ლექსია ისევ ისეთი,
შემოდგომის ბრალია,
რომ სამყარო ფერს იცვლის,
რითმები ჟღერადობას იცვლიან,
სტრიქონებს შორის საიდუმლო შრიფტით ვწერ,
და მე ჩემ თავს არ ვგავარ.
შემოდგომა თავის თავს არ ჰგავს,
შემოდგომის ბრალია,
რომ დღეს თავს უფლებას ვაძლევ,
ისეთი ვიყო,
როგორიც აქამდე არ ვყოფილვარ.
მე თავს უფლებას ვაძლევ,
მე თავს უფლებას ვაძლევ,
ავყვე და დავნებდე შემოდგომას,
რომელმაც საკუთარი თავი დაკარგა.
შემოდგომა მოვიდა,
ყვითელი ფოთლების,
წვიმების და ქარების გარეშე.
და ვიფიქრე,
რა მოხდა?
სად წავიდნენ ყვითელი ფოთლები?
სად წავიდნენ ხეები?
შეეშინდათ?
შეეშინდათ მზიანი დღეების.
ყვითელი ფოთლები წვიმებს და ქარებს ეჩვევიან,
და ყველაზე მეტად თბილი,
მზიანი,
მშვიდი დღეების ეშინიათ.
უყურებენ ხეები მზით განათებულ ოქტობრის ცას,
და მათი ფოთლები შიშისგან ცახცახებენ,
ვერ ენდობიან სითბოს და სიმშვიდეს,
ქარის ვნებამორეული თარეში ენატრებათ,
და წვიმის თავდაუზოგავი მცდელობა,
გადაარჩინოს დასაღუპად განწირული.
შემოდგომა შეიცვლა,
შემოდგომამ შეცვლა სამყარო,
სამყარომ შემოდგომა.
მიხვდი?
შენ ცვლილება ხარ,
რომელიც სამყაროს დაბადების წამიდან,
სამყაროს არსებობას განაპირობებს.
რომ გადარჩე გარდასახვა უნდა შეგეძლოს.
რომ გადარჩე,
უნდა აჰყვე,
უნდა დანებდე შენში არსებულ შემოდგომას.
იწვიმოს შენში,
ქარებმაც ითარეშონ,
და ფოთლებიც გაყვითლდეს.
ყველაფერი იცვლება,
შენც უნდა შეიცვალო.
თავს უფლება მიეცი დაიკარგო,
თავს უფლება მიეცი შეიცვალო,
თავს უფლება მიეცი შეეგუო.
შემოდგომა ყვითელი ფოთლების,
წვიმის,
ქარის
და სევდის გარეშე,
გაზაფხულად მაინც ვერ იქცევა.
აღარც ყვითელი ფოთლებია,
აღარც ქარია,
აღარც კარია,
აღარც ადამიანები არიან,
მაგრამ შენ ხარ,
მიეცი თავს უფლება იყო,
თუნდაც ისეთი,
როგორიც აქამდე არ ყოფილხარ.
ცვილელებები სამყაროს გადარჩენაში ეხმარებიან.
შენ ცვლილება ხარ,
რომელიც ჩემს სამყაროს გადარჩენაში ეხმარება,
მე ვნებდები ცვლილებებს,
რომლებსაც საკუთარ თავთან მივყავარ,
ნელი ნაბიჯებით,
მაგრამ სწორი გზით.
დანებდი ქარებს,
ან თვითონ გახდი ქარი,
რომელიც ცვლელებებს გამოიწვევს.
ოღონდ არ მითხრა,
რომ ყველა აზრი დასაღუპად გაწირა სამყარომ,
ოღონდ არ მითხრა,
რომ სისულელეა დროის კარგვა გადარჩენაზე,
როცა ყველაფერი მაინც დასაღუპად გაწირა სამყარომ.
თუ ასეა,
მე დავარღვევ ბუნების კანონებს,
მე ვიქნები ცვლილება,
რომელიც სამყაროს შეცვლის,
რომელიც სამყაროს აიძულებს დაიჯეროს,
რომ გადარჩენას ყოველთვის აქვს აზრი.
No comments:
Post a Comment